საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №557აპ-15 ქ. თბილისი
მ-ი თ, 557აპ-15 18 თებერვალი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების - თ. მ-ა და გ. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ქ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 მარტის განაჩენით:
გ. ვ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა. გ. ვ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 9 სექტემბრიდან.
თ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მას მიესაჯა 5 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის განაჩენით თ. მ-ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი. დანაშაულთა ერთობლიობით ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ნაწილობრივ დაემატა წინა, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 9 სექტემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულების - თ. მ-ა და გ. ვ-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების - თ. მ-ა და გ. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი