Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №527აპ-15 ქ. თბილისი

ო-ე კ, 527აპ-15 4 თებერვალი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ა და ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 აპრილის განაჩენით:

კ. ო-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაცვლად დაკვალიფიცირდა სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

კ. ო-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 28 სექტემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ კ. ო-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ კ. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ა და ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი