საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-639(კ-25) 16 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ.ნ-ე
მესამე პირი - შპს „ ...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 13 მაისს ნ.ნ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 1 მარტის №..., 2021 წლის 2 მარტის №... და 2021 წლის 7 აპრილის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, კერძოდ, მოპასუხისთვის საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესწორების შეტანის დავალება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის ჩანაწერებში 2020 წლის 7 დეკემბრის №... განცხადებაზე თანდართული 2020 წლის 10 დეკემბრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე.
სარჩელის თანახმად, ნ.ნ-ე წარმოადგენს ი.ი-ის მემკვიდრეს, რომლისგანაც მათ შორის მიიღო მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ...). 2020 წლის 7 დეკემბერს, მოსარჩელემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მემკვიდრეობით მიღებული 300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უფლების სპორადული რეგისტრაცია, ხოლო მოგვიანებით დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია და აზომვითი ნახაზის საფუძველზე ზუსტი საკადასტრო მონაცემების განსაზღვრა. მოსარჩელის მითითებით, მან დასახელებულ განცხადებას დაურთო სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, საკადასტრო აზომვითი ნახაზი როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ვერსიის სახით, გარდაცვალების მოწმობის ასლი, ხოლო მოგვიანებით მიწის ნაკვეთის მომიჯნავე და საკადასტრო კვარტალში მაცხოვრებელი სხვა მესაკუთრეების განცხადება, რომლითაც ისინი ადასტურებდნენ უკვე რეგისტრირებული და აზომვითი ნახაზით წარდგენილი მიწის ნაკვეთების იდენტურობას.
მოსარჩელის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2021 წლის 21 იანვრის წერილით განისაზღვრა, რომ ...ის რაიონის გამგეობა არ იყო 1993 წლის 15 აპრილს გაცემული №22 აქტის გამცემი ორგანო, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა ინსტიტუციური მეხსიერება და არ ჰყავდა ინსტიტუციური მეხსიერების მქონე თანამშრომელი, რომელიც შესაბამის ფაქტს დაადასტურებდა, შესაბამისად იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას დაედასტურებინა მიწის ნაკვეთის იდენტურობა. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მან მიღებულ გადაწყვეტილებაზე წარადგინა საჩივარი, რომელიც სააგენტოს 2021 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 თებერვლის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში №3/2747-21, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ნ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 7 აპრილის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 1 მარტის №... გადაწყვეტილება, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 მარტის №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 7 დეკემბერს ნ.ნ-ემ მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ში მდებარე 300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. შემდგომ კი, დააზუსტა მოთხოვნა და აღნიშნა, რომ №... განცხადებით ის ითხოვდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციას.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის დროს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 22 დეკემბრის წერილით ინფორმაცია გამოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობიდან, რომლის 2021 წლის 21 იანვრის №... წერილის თანახმად: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობა მოკლებულია შესაძლებლობას, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ „საქართველოს კანონის მე-4 (პრიმა) მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაადგინოს მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ვინაიდან არ გვყავს შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელიც სპეციალური აპარატურით დაადგენს ნაკვეთის ადგილმდებარეობას. ასევე, შეუძლებელია, ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მოხდეს ნაკვეთის უფლების დამდგენ დოკუმენტთან იდენტურობის დადასტურება, ვინაიდან ...ის რაიონის გამგეობა არ გახლავთ აღნიშნული აქტის - უფლების დამდგენი დოკუმენტის - გამომცემი ორგანო. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს ინსტიტუციური მეხსიერება და ასევე, არ ჰყავს ინსტიტუციური მეხსიერების მქონე თანამშრომელი, რომელიც აღნიშნულს დაადასტურებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობა, მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება“.
სასამართლომ მიუთითა, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 მარტის №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში ვერ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ იყო უფლებადამდგენი დოკუმენტის ნამდვილობა ან საკუთრების უფლების არსებობა/არ არსებობის საკითხი. არამედ დავას იწვევდა მიწის ნაკვეთის მდებარეობა და მისი იდენტურობის დადგენა უფლებადამდგენ დოკუმენტში ასახულ საკუთრების უფლების ობიექტთან, თუმცა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2021 წლის 21 იანვრის №... წერილზე, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნია, რომ გამგეობას არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება და შესაბამისი სპეციალისტის არ ყოლისა და ინსტიტუციური მეხსიერების არ ქონაზე მითითებით, ვერ დაადასტურა უძრავი ქონების ადგილმდებარეობა. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ მართალია დასახელებული აქტი არ იყო გასაჩივრებული, თუმცა მასში მითითებული საფუძვლების გათვალისწინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ არის შეზღუდული ხელმეორედ მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად სათანადოდ გამოიკვლევს საკითხს, ვინაიდან აქტში მითითებული გარემოებები არ ათავისუფლებდა მას კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისგან, ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ სათანადოდ არ იყო გამოკვლეული საქმის გარემოებები, ნ.ნ-ის დაინტერესებაში არსებული ნაკვეთის მდებარეობისა და მისი ზედდების თაობაზე. აღნიშნული კი, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად მიიჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებზე, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე, მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, აგრეთვე „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით, არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სააგენტოს შეუძლია დაადაროს მიღება-ჩაბარების აქტზე თანდართული ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთები საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე მოცემულ ნაკვეთს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს №22 მიღება-ჩაბარების აქტით გამოეყო ორი მიწის ნაკვეთი - 300 კვ.მ და 1200 კვ.მ. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განმარტება კი შეესაბამებოდა 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც უკვე დაყოფილი, დაზუსტებული და გაყიდული იყო, ამავდროულად იგი არ წარმოადგენდა სადავო საგანს.
კასატორმა ყურადღება გაამახვილა, რომ მხარე დავობდა 300 კვ.მ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით და მის მიერ მოთხოვნილი იყო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტება. აღნიშნული მიწის ნაკვეთის (300 კვ.მ ს/კ:...) სააღრიცხვო ბარათის მიხედვით კი, მიწის ნაკვეთის ფართი დაუზუსტებლად იყო რეგისტრირებული. შესაბამისად, 300 კვ.მ შეესაბამებოდა იმ ნაკვეთს, რომელიც მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული იყო „ ...ედ“. სააგენტოს მითითებით, ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მეზობლების შესახებ მონაცემები სააგენტოში და მიღება-ჩაბარების აქტზე დაცული არ იყო, რაც უსაფუძვლოს ხდიდა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არსებულ მითითებას იმ გარემოებაზე, რომ თითქოს სააგენტოს შეუძლია იდენტურობის დადგენა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე მოცემულ მიწის ნაკვეთსა და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს შორის.
გარდა ამისა, კასატორმა ყურადღება გაამახვილა, რომ 2020 წლის 11 დეკემბერს მომზადებული სიტუაციის ამსახველი ნახაზის მიხედვით, №... და №... (მესაკუთრე: „შპს ...”) განცხადებებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება. №... განცხადებით შპს „...”-ის წარმომადგენლის კ.ა-ის მიერ მოთხოვნილი იყო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქ. №...) რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია. ამასთან, კასატორის მითითებითმ სააპელაციო წესით საქმის განხილვისას შპს „...”-ის წარმომადგენელმა კ.ა-მა არაერთხელ განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული იურიდიული პირი იყენებდა ზედდებულ სადავო ფართს, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა ნ.ნ-ის მიერ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე მოცემული მიწის ნაკვეთის ფლობა-სარგებლობას. თუმცა, სააგენტოს მითითებით, აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სააგენტოში დაცული მონაცემებით არ დგინდებოდა იდენტურობა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე მოცემულ მიწის ნაკვეთსა და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს შორის.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას მის მიერ არასრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების თაობაზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც თავად სააპელაციო სასამართლომ გაუსვა ხაზი, რომ ნ.ნ-ის მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2021 წლის 21 იანვრის წერილი არ გასაჩივრებულა. კასატორის მოსაზრებით გაუმართლებელია მისთვის ხელახალი წარმოების დავალება იმ პირობებში, როდესაც სააგენტოში დაცული მონაცემებით არ დგინდებოდა იდენტურობა საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე მოცემულ მიწის ნაკვეთსა და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთს შორის. ამასთან, მოსარჩელემ ვერ/არ წარადგინა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სააგენტო არ არის შეზღუდული ხელმეორედ მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად სათანადოდ გამოიკვლევს საკითხს, ვინაიდან აქტში მითითებული გარემოებები არ ათავისუფლებს გამგეობას კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისგან. აღნიშნულის საპირისპიროდ კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხედველობაში იყო მისაღები ის გარემოებაც, რომ ერთი მხრივ სააგენტოს 2020 წლის 22 დეკემბრის №... წერილით ...ის რაიონის გამგეობას ეთხოვა დაედგინა იდენტურობა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით (№22) გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთს შორის, ხოლო მეორე მხრივ, იდენტურობის დადგენის მიზნით წერილი გაგზავნილი იყო შპს „...“-ის სარეგისტრაციო განცხადებაზეც. კერძოდ, 2020 წლის 16 ნოემბერს, №... წერილით ...ის რაიონის გამგეობას ეთხოვა დაედგინა იდენტურობა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, აგრეთვე, მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთსა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთს შორის. ხოლო, აღნიშნულ წერილზე მიღებული, ადმინისტრაციული ორგანოს №... წერილი, შინაარსობრივად ნ.ნ-ის წარმოებაზე მიღებული 2021 წლის 21 იანვრის №... წერილის იდენტური იყო. შესაბამისად, კასატორი ხაზს უსვამს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაშიც კი შეუძლებელია მხარისთვის უკეთესი სამართლებრივი შედეგის მიღწევა. ამასთან, გამგეობის მიერ იდენტურობის დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელია დამოუკიდებელი, ახალი სარეგისტრაციო წარმოების დაწყება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. აღსანიშნავია, რომ დასახელებული კანონის 21-ე, 22-ე და23-ე მუხლები განსაზღვრავს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის და რეგისტრაციაზე უარის თქმის კონკრეტულ საფუძვლებს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 41 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როდესაც სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-14 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად კი, თუ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთების რაოდენობა, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ მონაცემები, მიწის ნაკვეთების ფართობი ან/და მიწის ნაკვეთების გვერდების ზომები არ შეესაბამება ამ მიღება-ჩაბარების აქტის სქემატურ გეგმაში ასახულ მონაცემებს, ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების რაოდენობა არ შეესაბამება მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთების რაოდენობას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უნდა დადასტურდეს ამ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აღნიშნული მიწის ნაკვეთების იდენტურობას ადგენს სააგენტო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციით დადგენილ მინიმალურ სავალდებულო მოთხოვნებს, მაგრამ მასში მითითებულია დაინტერესებული პირის ვინაობა, უძრავი ნივთის მისამართი (ქალაქი, დაბა ან/და სოფელი) და ფართობი, რეგისტრაციის საფუძვლად მისი გამოყენება შესაძლებელია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ მიწის ნაკვეთების იდენტურობისა და უძრავი ნივთის დაინტერესებული პირის მიერ ფაქტობრივი ფლობის დადასტურების შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ სხვა დოკუმენტად, ასევე, განიხილება ეროვნულ არქივში, სააგენტოს არქივში, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული მიწის/ბინის მეპატრონეთა, საინვენტარიზაციო, საკადასტრო ან სხვა წიგნებიდან ამონაწერი, რომლითაც დგინდება მიწის მფლობელი (მოსარგებლე) პირის ვინაობა, უძრავი ნივთის მისამართი (ქალაქი, დაბა ან/და სოფელი) და ფართობი, თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ დადასტურდება მიწის ნაკვეთის იდენტურობა და უძრავი ნივთის ფაქტობრივი ფლობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 7 დეკემბერს ნ.ნ-ემ მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ში მდებარე 300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოსარჩელის მითითებით, იგი წარმოადგენს ი.ი-ის მემკვიდრეს (დას). საქმეში წარმოდგენილი №... სამკვიდრო მოწმობის თანახმად კი, ი.ი-ის მემკვიდრე ნ.ნ-ემ, მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება მიიღო სრულად, აქტივებითა და პასივებით. ნ.ნ-ემ მიუთითა უფლებადამდგენ დოკუმენტზე: კერძოდ, რეგისტრაციის საფუძვლად წარდგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი №22 (თარიღი: 15.04.1993), რომლის თანახმად, ი.ი-ეს გამოეყო 1500 კვ.მ. ფართობის უძრავი ნივთი, 2 მიწის ნაკვეთად. ამასთან, დადგენილია, რომ ნ.ნ-ემ №... განცხადებას დაურთო განმარტება, რომლითაც დააზუსტა მოთხოვნა და აღნიშნა, რომ №.. .განცხადებით ის მოითხოვდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციას.
აღსანიშნავია, რომ გარდაბნის რაიონის ... მეურნეობის 1993 წლის 15 აპრილის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №22 აქტის მიხედვით, ი.ი-ეს ერიცხება მიწის ნაკვეთი 1500 კვ.მ. დადგენილია, რომ ... საკადასტრო კოდით, ქ. თბილისში, ...ში მდებარე 300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია ი.ი-ის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 1993 წლის 15 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი №22.
დადგენილია, რომ 2020 წლის 11 დეკემბერს მომზადებული სიტუაციის ამსახველი ნახაზის მიხედვით, №... და №... (მესაკუთრე: „შპს ...“) განცხადებებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება. ასევე დადგენილია, რომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ 2020 წლის 22 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, ნ.ნ-ეს ეცნობა, რომ ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით 2020 წლის 22 დეკემბრის №... წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობიდან.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2021 წლის 21 იანვრის №... წერილის თანახმად: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობა მოკლებულია შესაძლებლობას, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ „საქართველოს კანონის მე-4 (პრიმა) მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაადგინოს მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, ვინაიდან არ გვყავს შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელიც სპეციალური აპარატურით დაადგენს ნაკვეთის ადგილმდებარეობას. ასევე, შეუძლებელია, ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ მოხდეს ნაკვეთის უფლების დამდგენ დოკუმენტთან იდენტურობის დადასტურება, ვინაიდან ...ის რაიონის გამგეობა არ გახლავთ აღნიშნული აქტის - უფლების დამდგენი დოკუმენტის - გამომცემი ორგანო. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს ინსტიტუციური მეხსიერება და ასევე, არ ჰყავს ინსტიტუციური მეხსიერების მქონე თანამშრომელი, რომელიც აღნიშნულს დაადასტურებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ...ის რაიონის გამგეობა, მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება“.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 2 მარტის №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში ვერ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია მიწის ნაკვეთის მდებარეობის და მისი იდენტურობის დადგენა უფლებადამდგენ დოკუმენტში ასახულ საკუთრების უფლების ობიექტთან. აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2021 წლის 21 იანვრის №... წერილში მითითებულ იქნა მიზეზები, რატომაც არ დადგინდა შესაბამისი ნაკვეთის იდენტურობა, კერძოდ მითითებულ იქნა შესაბამისი სპეციალისტის არ ყოფნასა და ინსტიტუციური მეხსიერების არ ქონაზე, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში იდენტურობის დადასტურებაზე უფლებამოსილი ორგანო არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა, თუმცა საჯარო რეესტრს აქვს უფლებამოსილება სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით გამოიკვლიოს შესაბამისი საკითხი. ამდენად, გამგეობის №...წერილში მითითებული საფუძვლების გათვალისწინებით, რამდენადაც დასახელებული მიზეზები ადმინისტრაციულ ორგანოს არ ათავისუფლებს მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილებების შესრულებისგან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ არის შეზღუდული ხელმეორედ მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ან თავად უზრუნველყოს ხსენებული საკითხის გამოკვლევა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გზით.
გარდა ამისა, დადგენილია, რომ №22 აქტს თან ერთოდა ხელით შესრულებული ნახაზი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საკუთრების უფლების ობიექტს ერთი მხრიდან (ჩრდილოეთით) ესაზღვრება ნაკვეთი №..., მეორე მხრიდან (აღმოსავლეთით) ნაკვეთი №..., დასავლეთით ქარსაცავი და სამხრეთით გზა, ასევე მეორე ობიექტი მდებარეობს ...ად. შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გავიდეს ადგილზე, გამოიკვლიოს რეგისტრირებული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაცია, შეადაროს იგი წინამდებარე საქმეში წარმოდგენილ უფლება-დამდგენ დოკუმენტს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოება სრულყოფილად არ არის ჩატარებული. სათანადოდ არ არის გამოკვლეული ნ.ნ-ის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონების მდებარეობა, ასევე არ არის გამოკვლეული საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზში მითითებული მიწის ნაკვეთისა და სიტუაციური ნახაზით გამოვლენილი შპს „...“-ის საკუთრებად რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდების საკითხი და არ არის გამოკვეთილი ერთი და იგივე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენციის პირობებში, საკუთრების მიმართ უპირატესი ინტერესი. სათანადოდ არაა შესწავლილი სარეგისტრაციო დოკუმენტები, მათში ასახული უძრავი ქონების მდებარეობა და საზღვრები, რაც ადასტურებს განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობების არსებობას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რაც გამორიცხავს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 16.05.2025წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ:...) დაუბრუნდეს 16.05.2025წ. №... საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
გ. მიქაუტაძე
ბ. სტურუა