ას-17-355-09 22 ივნისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ რ. ი-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. შ-ძე, ა. ზ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ვალდებულების შესრულების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ი-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. შ-ძისა და ა. ზ-ძის მიმართ სოლიდარულად 3050 აშშ დოლარისა და ადვოკატის ხარჯების _ 200 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1998 წლის შემოდგომაზე რ. ი-ძემ რუსეთის ქ.გომელში სარეალიზაციოდ წაიღო მანდარინი, სადაც შეხვდა იმავე მიზნით ქ.გომელში მყოფ ნაცნობს თ. ს-ძეს. ამ უკანასკნელმა შესთავაზა საერთო ბიზნესის დაწყება და ქ.კრასნოდარიდან პროდუქტის ჩამოტანა, რისთვისაც რ.ი-ძემ მას მისცა 4080 აშშ დოლარი. თ.ს-ძეს რაიმე ბიზნესი არ დაუწყია და არც ხსენებული თანხა მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია. საქართველოში დაბრუნებულმა რ.ი-ძემ მიმართა თანასოფლელ ა. ზ-ძეს და თანხის დაბრუნებაში დახმარება სთხოვა, რის შედეგად მას დაუბრუნდა 1700 აშშ დოლარი. მოგვიანებით ა.ზ-ძემ აიძულა მოსარჩელე აღნიშნული თანხიდან 500 აშშ დოლარი უკან დაებრუნებინა მისთვის, საიდანაც 250 აშშ დოლარი გადაიხადა რ.ი-ძემ, ხოლო დანარჩენი თ.ს-ძემ. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა რაიონულ პროკურატურას, საიდანაც საქმე გადაიგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელვაჩაურის რაიონულ განყოფილებაში და 2005 წლის 7 მაისის დადგენილებით რ.ი-ძე ცნეს საქმეში დაზარალებულად. გამოძიების პროცესში აწ გარდაცვლილ თ. ს-ძის მეუღლე ნ. შ-ძემ ცნო რ.ი-ძის მიმართ ვალის არსებობის ფაქტი.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. ნ.შ-ძის განმარტებით, მისმა მეუღლემ რ.ი-ძეს არსებული სესხი სრულად დაუბრუნა, ხოლო ა.ზ-ძის მითითებით, მისთვის ცნობილი იყო რ. ი-ძის მიმართ თ. ს-ძის ვალის არსებობის შესახებ თავად მოსარჩელის განმარტებიდან, თუმცა თანხის დაბრუნებაში მოპასუხეს მონაწილეობა არ მიუღია.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ი-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინებით რ.ი-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1998-1999 წლებში მოსარჩელემ რუსეთში სარეალიზაციოდ წაიღო მანდარინი, სადაც რ.ი-ძემ თ.ს-ძეს გადასცა 4080 აშშ დოლარი. სააპელაციო პალატამ დამატებით დაადგინა, რომ 1999 წელს გადაცემული 4080 აშშ დოლარიდან თ.ს-ძემ რ.ი-ძეს დაუბრუნა 1700 აშშ დოლარი, რაც თავად რ.ი-ძის განმარტებით დასტურდება. საქმეში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 2004 წლის 15 ივლისის დადგენილებითა და სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ნ. შ-ძის ჩვენებით სასამართლომ გამოარკვია, რომ რ. ი-ძესა და თ. ს-ძეს შორის დავა იყო ვალის გამო, რაც დაახლოებით 3500-4500 აშშ დოლარს შეადგენდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის, მე-4 და 103-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ მიუთითა, რომ მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული გარემოებები მათი სადავოობის შემთხვევაში. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ სადავო გახადა რა თ.ს-ძესა და რ. ი-ძეს შორის არსებული გარიგების სამართლებრივი საფუძველი და მათ შორის ურთიერთობა, ერთობლივი საქმიანობის ნაცვლად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარედ მიიჩნია. სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 2004 წლის 15 ივლისის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირებისა და სასამართლო სხდომაზე მოწმეთა ჩვენებებით მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის არსებობა არ დადასტურდა, არამედ ზემოხსენებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ თ.ს-ძეს გააჩნდა რ.ი-ძის ვალი. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ რ.ი-ძემ თ.ს-ძეს 4080 აშშ დოლარი რუსეთში გადასცა ერთობლივი ბიზნესის საწარმოებლად, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, თ.ს-ძის მემკვიდრის მიერ ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების თაობაზე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია რ.ი-ძის მოთხოვნა ა. ზ-ძის მიმართაც, ვინაიდან, თავად რ.ი-ძის განმარტებით, ა.ზ-ძე არ წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მითითებული გარიგების ერთობლივი საქმიანობის მონაწილეს, ხოლო საქმის მასალებით არ დგინდება რ.ი-ძის კუთვნილი თანხის ა.ზ-ძის მიერ მიღებისა და ფლობის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ საქმის მასალებით, სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილების თანახმად, მხარეთა შორის ერთობლივ საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულების არსებობა არ დადასტურებულა და სასამართლომ რ.ი-ძის სარჩელი მართებულად არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება რ. ი-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. რეალურად რ.ი-ძესა და აწ გარდაცვლილ თ.ს-ძეს შორის არსებობდა ეროთობლივი საქმიანობა, რისთვისაც კასატორმა ამ უკანასკნელს გადასცა 4080 აშშ დოლარი. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ რ.ი-ძემ თ.ს-ძეს სადავო თანხა ასესხა. აღნიშნული დასკვნა საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს. მოპასუხემ აღიარა სადავო თანხის პროდუქტის შესაძენად და ერთი ქალაქიდან მეორეში მის გადასაზიდად მიღების ფაქტი და ისიც, რომ არსებული ვალი კასატორისათვის გადასაცემად გამოატანა ა.ზ-ძეს, თუმცა სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ კასატორს ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი გადაეცა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწვალისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ი-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს იმავე სასამართლოში, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
განსახილველი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს შემდეგი გარემოებები:
სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ რ.ი-ძემ 4080 აშშ დოლარი გადასცა თ.ს-ძეს. ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თ.ს-ძის «ვალის» წარმოშობა ერთობლივი საქმიანობიდან არ დგინდება, რის გამოც რ.ი-ძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ რ.ი-ძე საქმეში წარმოდგენილი სარჩელით უთითებს რა ზემოაღნიშნულ სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე _ აწ გარდაცვლილ თ.ს-ძისათვის თანხის გადაცემაზე და ვალის არსებობაზე, ითხოვს გადაცემული თანხის უკან დაბრუნებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის «თ» ქვეპუნქტი ავალდებულებს მოსარჩელეს, სარჩელში მიუთითოს იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს, თუმცა ასეთის მიუთითებლობა ან ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასება არ შეიძლება იყოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. მხარის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების კონკრეტულ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენა სასამართლოს უფლებაცაა და ვალდებულებაც.
დავის სამართლებრივი შეფასებისას მოსამართლე სრულიად დამოუკიდებელია, განსხვავებით პროცესის ფაქტობრივ საფუძვლებზე მუშაობისაგან და არ არის შებოჭილი დისპოზიციურობის ან შეჯიბრებითობის პრინციპებით.
შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ, აღძრან თუ არა დავა საასამართლოში, როგორ წარმართონ ან როგორ დაასრულონ იგი. მათ ასევე შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ საქმის რომელი ფაქტობრივი გარემოებები მოახსენონ და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს. მხარეთა მიერ წარდგენილი მოთხოვნებისა და მოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება კი მხოლოდ მოსამართლის პრეროგატივაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულებასთან ერთად მხარეებმა მოსამართლეს უნდა მოახსენონ: საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზეც მხარე თავის მოთხოვნას ამყარებს და მოთხოვნის შინაარსი. მიზანშეწონილია, მაგრამ არაა აუცილებელი, თუ მხარეები მოთხოვნის იმ სამართლებრივ საფუძველზეც _ ნორმაზე მიუთითებენ, რომელსაც მათი მოთხოვნა ან, შესაბამისად, შესაგებელი ემყარება, თუმცა ეს არც აუცილებელია და არც შემზღუდავი სასამართლოსათვის. მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ მოთხოვნის საფუძველს. მაშინაც კი, თუ მხარეები განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით არასწორ ან არამყარ სამართლებრივ პოზიციას ირჩევენ, თუ საქმის მასალებზე დაყრდნობით და სხვაგვარი დასაბუთებით, კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია, მოსამართლეს სხვა გზის არჩევის უფლება აქვს. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას.
მოცემულ დავაში სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 2004 წლის 15 ივლისის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირებისა და სასამართლო სხდომაზე მოწმეთა ჩვენებებით მხარეთა შორის ერთობლივი საქმიანობის არსებობა არ დადასტურდა, არამედ ზემოხსენებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ თ.ს-ძეს გააჩნდა რ.ი-ძის ვალი. პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით, სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილების თანახმად, მხარეთა შორის ერთობლივ საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულების არსებობა არ დადასტურებულა და რ.ი-ძის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების _ ვალის არსებობის დადგენით დასტურდება, რომ კონკრეტულ სუბიექტთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რაც გულისხმობს კრედიტორის უფლებას, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება (სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი). მხარის მიერ ვალდებულების წარმომშობი ხელშეკრულების არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია ვალდებულების შესრულების დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მოპასუხეთა შესაგებლის ფარგლებში უნდა გამოარკვიოს:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს;
რეალურად რა ურთიერთობა წარმოიშვა მხარეებს შორისM და კანონიერია თუ არა სასარჩელო მოთხოვნა;
მოცემულ საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ პირებს ეკისრებათ თუ არა ვალდებულების შესრულება და რა ფარგლებში;
ასევე უნდა შემოწმდეს მოპასუხეთა მიერ სარჩელის უარსაყოფად შესაგებელში მითითებული ყველა საფუძველი, მათ შორის, მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ. ი-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 12 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.