ას-17-372-07 24 აპრილი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი _ გ.სუპატაშვილი
კასატორი _ შპს “ .. ..”, თ. შ-ი (მოპასუხეები)
წარმომადგენლები _ ც.ც-ი, შ.გ-ე
მოწონააღმდეგე მხარე _ თ. გ-ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ დ.ა-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების შპს “ .. ..” და თ. შ-ის მიმართ მარჩენლის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: შპს “ .. ..” კუთვნილ ქ.თბილისში, ... .¹10-ში მდებარე ავტომობილის გაზგასამართ სადგურზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მოსარჩელის მეუღლე გ. ს-ი, რომლის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ მოსარჩელე ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის დავალებით შექმნილი კომისიის დასკვნით, უბედური შემთხვევა მოხდა ავტომანქანის გაზბალონიანი სისტემის შევსებისას, რომელიც ბუნებრივი გაზის ბალონების პარამეტრებს არ შეესაბამებოდა. ამავე დასკვნის თანახმად, გაზგასამართი სადგურის ადმინისტრაციამ გამოიჩინა უყუდარღებობა და არ დაიცვა საწარმოო-ტექნოლოგიური დისციპლინა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ.გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს _ შპს “ .. .. და თ. შ-ს თ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 51600 ლარის, ასევე გარდაცვლილის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების _ 7800 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. თ.გ-მა შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “ .. ..” და შ. შ-ის სააპელაციო საჩივარი, ისევე როგორც თ. გ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, შპს “ .. ..” და თ. შ-ს სოლიდარულად დაეკისრათ თ.გ-ის სასარგებლოდ ერთთჯერადად 49620 ლარისა დაკრძალვის ხარჯების _ 2500 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ .. ..” დირექტორ შ. გ-მ და თ.შ-მა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე მისი დამტკიცების შესახებ, შემდეგი პირობებით:
1. მოპასუხე (შპს “ .. ..” და თ. შ-ი) თანახმაა მოსარჩელეს (თ. გ-ს) გადაუხადოს თანხა 30000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით სრულად 2007 წლის 1 სექტემბრამდე შემდეგი გრაფიკით:
ა) 2007 წლის მაისში _ 10000 (ათი ათასი) ლარი;
ბ) 2007 წლის ივნისში _ 10000 (ათი ათასი) ლარი;
გ) 2007 წლის ივლისში _ 5000 (ხუთი ათასი) ლარი;
დ) 2007 წლის აგვისტოში _ 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
2. მოპასუხე მხარის მიერ ამ მორიგების აქტის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხების მოსარჩელისათვის გადაცემა განხორციელება მოსარჩელის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
3. მხარეები ადასტურებენ, რომ დავის საგანთან დაკავშირებით რაიმე (ქონებრივი თუ არაქონებრივი) პრეტენზიები აღარ გააჩნიათ და მხარეებისათვის ცნობილი მორიგების დადებისა და, შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები.
მხარეები გაეცნენ მორიგების პირობებს, ეთანხმებიან და აწერენ ხელს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. მხარეებს განემარტათ, რომ ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “ .. ..” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1955 ლარის ოდენობით, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამასთან, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსახილველი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მხარეთა მორიგების შემთხვევაში, მხარეებს თანაბარწილად დაეკისრებათ სახელმწიფო ბაჟის კანონით გათვალისწინებული ოდენობის ნახევარი. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა შპს “ .. ..” სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 2606 ლარი, რის ნახევარს შეადგენს 1303 ლარი, რომელიც თანაბარწილად უნდა განაწილებულიყო მხარეთა შორის, თუმცა ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, თ. გ-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ .. ..” 1303 ლარის ნახევარი _ 651 ლარი უნდა ჩაეთვალოს გადახდილად, ხოლო ზედმეტად გადახდილი 1955 ლარი დაუბრუნდეს უკან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დაკმაყოფილდეს შპს “ .. ..” და თ. შ-ის შუამდგომლობა მორიგების თაობაზე.
დამტკიცდეს მორიგება სამოქალაქო საქმეზე თ. გ-ის სარჩელის გამო, შპს “ .. ..” და თ. შ-ის მიმართ შპს “ .. ..”, თ. შ-სა და თ. გ-ს შორის შემდეგი პირობებით:
1. შპს “ .. ..” და თ. შ-ი თანახმა არიან თ. გ-ს გადაუხადონ თანხა 30000 (ოცდაათი ათასი) ლარი სრულად 2007 წლის 1 სექტემბრამდე შემდეგი გრაფიკით:
ა) 2007 წლის მაისში _ 10000 (ათი ათასი) ლარი;
ბ) 2007 წლის ივნისში _ 10000 (ათი ათასი) ლარი;
გ) 2007 წლის ივლისში _ 5000 (ხუთი ათასი) ლარი;
დ) 2007 წლის აგვისტოში _ 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
2. მოპასუხე მხარის მიერ ამ მორიგების აქტის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხების მოსარჩელისათვის გადაცემა განხორციელება მოსარჩელის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.
შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება, თ. გ-ის სარჩელის გამო, შპს “ .. ..” და თ. შ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
შპს “ .. ..” დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან _ 2606 ლარიდან 1955 ლარი, ხოლო დანარჩენი 651 ლარი ჩაითვალოს გადახდილად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.