Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-664(კ-25) 30 ივნისი, 2025 წელი,

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი,

თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.ლ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2022 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა გამოცემის დავალება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. დ.ლ-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე", „აპელანტი, “„კასატორი“) წარადგინა სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "პირველი მოპასუხე") და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა მეორე მოპასუხის 19.12.2019 წლის №4/74572 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და პირველი მოპასუხის 10.06.2020 წლის №1-1/214 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მეორე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებით გადაეცეს მიწის ნაკვეთი მისამართზე: ...ის რაიონი, ..., ..., ს/კ: №... და მოსარჩელის სასარგებლოდ ამ ქონების პრივატიზების ღირებულებად 3596.72 ლარის განსაზღვრა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.11.2020 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.4, ს.ფ.52-68). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.4, ს.ფ.186-211). განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) დებულებანი.

5. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

6. სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების (განჩინების) ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

7. სასკ-ის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით, გასაჩივრების ვადის დინება დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლო აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით დასტურდება, რომ აპელანტს/მის წარმომადგენელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2022 წლის განჩინებით განემარტა სასკ-ის მე-12 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ყველა რეკვიზიტი.

8. სასკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი - წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2022 წლის განჩინების ასლი მოსარჩელის წარმომადგენელს - ლ.გ-ის, რომელიც სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვაშიც ღებულობდა მონაწილეობას (იხ.: მოსარჩელის მიერ ლ.გ-იზე გაცემული ვადაში მოქმედი მინდობილობა განჩინების გასაჩივრების უფლებით, ტ.4, ს.ფ. 79), გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში და 09.06.2022 წლის განცხადებაში მითითებულ მისამართზე და ჩაჰბარდა ოჯახის სრულწლოვან წევრს - დედას 04.01.2023 წელს (იხ.: სააპელაციო საჩივარი, ტ.4, ს.ფ.69; ლ.გ-ის განცხადება დასაბუთებული განჩინების ჩაბარების შესახებ, ტ.4, ს.ფ.212; ჩაბარების დასტური, ტ.4, ს.ფ. 217). ამდენად, განჩინება ითვლება უფლებამოსილი წარმომადგენლისა და მხარისათვის ჩაბარებულად.

10. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა 2023 წლის 05 იანვარს დაიწყო და 25 იანვარს ამოიწურა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს კანცელარიაში საკასაციო საჩივარი დარეგისტრირდა 04.06.2025 წელს, ანუ სსსკ-ის 397-ე მუხლით საკასაციო საჩივრის წარდგენისთვის დადგენილი 21 დღიანი ვადის დარღვევით. იმავე დღითაა დათარიღებული თავად საკასაციო საჩივარიც.

11. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ბს-857(კ-24), 02.08.2024წ.; №ბს-1048(კ-24), 03.10.2024წ.).

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, §57, 28 მაისი, 1985 წელი). ვინაიდან საკასაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ-ის 63-ე, 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი

თამარ ოქროპირიძე