Facebook Twitter

ას-174-511-07 24 მაისი 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი –ლ. ც-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე –აჭარის ... სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 16 მაისს სარჩელით მიმართა ხულოს რაიონულ სასამართლოს ლ. ც-მ და მოპასუხედ ხულოს რაიონის ... სამმართველო მიუთითა და მოითხოვა შესრულებული სამუშაოსათვის ფულადი თანხის 37 998 ლარის დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, მან, OOო. მ-სა და მ. მ-სთან ერთად 1990 წელს დააფუძნა კოოპერატივი “ს...ო”, რომლის დირექტორად ლ. ც-ე აირჩიეს. 1990-1991 წლებში ხულოს “კ...ი” –ს დაკვეთით კოოპერატივმა “ს...მ” ხულოს რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის ორივე სართულზე საკუთარი ხარჯებით განახორციელა სარემონტო სამუშაოები, კერძოდ გათბობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოები. როგორც ლ. ც-ე განმარტავს, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 12 284 რუსული რუბლი. სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდგომ ხულოს “კ...ს”, კოოპერატივ “ს...სათვის” უნდა აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაოსათვის გაწეული ხარჯები. მიუხედავად არაერთგზისი მოთხოვნისა თანხა დღემდე არ არის ანაზღაურებული. მოსარჩელის აღნიშვნით, მოპასუხე ვალის არსებობის ფაქტს აღიარებს.”კ...ს” ლიკვიდაციის შემდგომ, რომლის დამფუძნებელი აჭარის ... სამმართველო იყო. მის ბაზაზე შეიქმნა შპს “მ...ო”. დღეისათვის ეს უკანასკნელიც ლიკვიდირებულია. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 1991 წელს საზღაურის გადახდის დროს რუსული რუბლის გაცვლითი კურსი წარმოადგენდა შემდეგ თანაფარდობას: 58 რუბლი – 100 აშშ დოლარი. აღნიშნული გაანგარიშებით 12 284 რუბლი დღეისათვის შეადგენს 37 998 ლარს.

მოპასუხე ხულოს რაიონის ... სამმართველომ სარჩელი არ ცნო, იმ საფუძვლით, რომ “კ...ი” ... სამმართველოს არ ექვემდებარებოდა.

ხულოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნულ საქმეში თანამოპასუხედ შპს “მ...ს”, როგორც ლიკვიდირებული “კ...ს” უფლებამონაცვლის ჩართვა მოითხოვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის მთავარ სხდომაზე მოპასუხე ხულოს რაიონის ... სამმართველოს წარმომადგენელმა გ. შ-მ განმარტა, რომ მოსარჩელემ ნამდვილად ჩაატარა ხელშეკრულებით ნაკისრი სარემონტო სამუშაოები, რომლის დამკვეთი “კ...ი” იყო და რომელიც ამჟამად ლიკვიდირებულია. მისივე აღნიშვნით ხოლოს ... სამმართველოს “კ-თან” დავალიანება არ გააჩნია.

ხულოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ც-ის სარჩელი; მოპასუხე ხულოს რაიონის ... სამმართველოს და შპს “მ...ს” ლ. ც-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 37 998 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ... მინისტრმა ე. ფ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხულოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება. ლ. ც-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

პალატამ მიიჩნია, რომ ლ. ც-ე არ არის უფლებამოსილი პირი კოოპერატივ “ს...ს” სახელით მოითხოვოს კოოპერატივის მიერ შესრულებული სარემონტო სამუშაოებისათვის შესაბამისი ფულადი თანხის ანაზღაურება. პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია. კოოპერატივმა “ს...მ” ხულოს “კ...ს” დაკვეთით სარემონტო სამუშაოები 1990-1991 წლებში განახორციელა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა იმ დროისათვის მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით და მიიჩნია, რომ სახელმწიფო ორგანიზაციებს, კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ურთიერთშორის სარჩელებისათვის სასარჩელო ხანდაზმულობა განისაზღვრება ერთი წლით. შესაბამისად. ლ. ც-მ გაუშვა სასამართლოში სარჩელის წარდგენის საპროცესო ვადა, ვინაიდან სარჩელი აღძრა 2005 წელს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ც-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლო მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ ის არასათანადო მოსარჩელეა, რომ სარჩელი ხანდაზმულია ვინაიდან, აღნიშნული გარემოება არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოში მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია. სააპელაციო სასამართლო კი გასცდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.

კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ც-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.