საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №598აპ-15 ქ. თბილისი
ხ-ი ა, 598აპ-15 25 თებერვალი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხ-ს, მსჯავრდებულ ე. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ა-ს, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ-სტაჟიორის - ანა სიგუას, მსჯავრდებულ ლ. ქ-ა და მსჯავრდებულ ა. ხ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 სექტემბრის განაჩენით:
ე. ც-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ი” ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 376-ე მუხლზე.
ე. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 27 დეკემბრიდან.
ლ. ქ-ე საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ი” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
ლ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლ. ქ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 27 დეკემბრიდან.
ა. ხ-ი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ი” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
ა. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ა. ხ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 27 დეკემბრიდან.
ზ. ა-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 10 სექტემბრიდან. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. ზ. ა-ს სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მსჯავრდებულ ე. ც-ს შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით, მსჯავრდებულ ლ. ქ-ს - სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო მსჯავრდებულ ა. ხ-ს - სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხ-ს, მსჯავრდებულ ე. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ა-ს, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ-სტაჟიორის - ანა სიგუას, მსჯავრდებულ ლ. ქ-ა და მსჯავრდებულ ა. ხ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი