ას-175-512-07 12 მარტი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ. და რ. ა-ები (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. და ე. ფ-ები (მოპასუხეები)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, ეზოებს შორის არსებული საზღვრის აღდგენა, სამკვიდრო ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა და მამაპაპისეული საკარმიდამო ნაკვეთიდან მოპასუხეთა გამოსახლება
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. ა-მა 2005 წლის ნოემბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების – რ. და ე. ფ-ების მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ეზოებს შორის არსებული საზღვრის აღდგენა, სამკვიდრო ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა და მამაპაპისეული საკარმიდამო ნაკვეთიდან მოპასუხეთა გამოსახლება.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ა-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ქ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე ქ. და რ. ა-ებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქ. და რ. ა-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ქ. და რ. ა-ების საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობის შესახებ მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში; ამ ნორმის თანახმად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამ ნორმიდან გამომდინარე, განჩინების გადაცემის მომენტად, საიდანაც იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, ითვლება როგორც განჩინების ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში, ასევე ამ განჩინების ასლის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაგზავნის დრო, რაც უნდა დადასტურდეს სათანადო ხელწერილით, ან სხვა ოფიციალური დოკუმენტით ადრესატისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინება, რომელიც გაასაჩივრა ქ. ა-მა საკასაციო საჩივრით, საქმეში მითითებულ ორივე მისამართზე: ქ. თბილისში, ... ქ. ¹1, ბინა ¹15 და ... ქ. ¹17, გაეგზავნა კასატორს (ს.ფ. 132-133); კასატორს განჩინების გზავნილი ორივე მისამართზე პირადად ჩაბარდა 2006 წლის 6 დეკემბერს და 7 დეკემბერს (სფ 136-137); აღნიშნულიდან გამომდინარე, მას საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 7 დეკემბრიდან ერთი თვის განმავლობაში ანუ 7 იანვრის ჩათვლით, საკასაციო საჩივარი კი შეტანილ იქნა 2007 წლის 18 იანვარს, ანუ საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დარღვევით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამიტომ, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. ა-ის მიერ დარღვეულია საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა, რის გამოც მოცემული საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ა-მაც, რომელიც როგორც საქმის მასალებით ირკვევა, არ წარმოადგენს არც მხარეს და არც მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თავის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაში იმსჯელა მხოლოდ ქ. ა-ის სააპელაციო საჩივარზე და განჩინებაც მის მიმართ არის გამოტანილი. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში რ. ა-ს არ ჰქონდა საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება, რის გამოც მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. და რ. ა-ების საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.
სს განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.