ას-177-504-09 17 სექტემბერი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ლ. ვ-ე, მ. რ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ი. დ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დავალდებულება; ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 1 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ი. დ-მა, მოპასუხედ დაასახელა მ. რ-ე, მესამე პირად ნოტარიუსი დ. ხ-ი, ლ. ვ-ე და ....... რეესტრი და ნოტარიუს დ. ხ-ის მიერ, 2006 წლის 13 ნოემბერს, ლ. ვ-ესა და მ. რ-ეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, ნასყიდობის ხელშეკრულების მასთან გაფორმებაზე მ. რ-ის დავალდებულება და ბინის რემონტსა და მიშენებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი. დ-ის სარჩელს მ. რ-ის, ლ. ვ-ისა და ნოტარიუს დ. ხ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანის თაობაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
დასახელებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ი. დ-მაDDდა მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
პალატის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა ბინის რემონტსა და მიშენებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სასარჩელო მოთხოვნაზე, ამასთან ისე მიიღო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომ მოთხოვნა აღნიშნულის თაობაზე არც სარჩელით და არც სხდომაზე გაცხადებული არ ყოფილა. გარდა ამისა, სასამართლომ არ გაარკვია საქმეში მონაწილე პირთა სათანადოობის საკითხი და მიუხედავად იმისა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნა უშუალოდ ეხებოდა ლ. ვ-ეს, როგორც გარიგების მხარეს, რაც შეიძლება მისი როგორც მოპასუხედ მიჩნევის საფუძველი გამხდარიყო, დავის განხილვისას, იგი ჩართული იქნა როგორც დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ლ. ვ-ემ და მ. რ-ემ.
კასატორების განმარტებით, სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქალაქო სასამართლომ დაუშვა საპროცესო დარღვევა, რადგან არ იმსჯელა ბინის რემონტსა და მიშენებაზე გაწეული ხარჯებზე არასწორია. კასატორები აღნიშნავენ, რომ საქმეში არსებული სასარჩელო განცხადების მიხედვით მოსარჩელის მოთხოვნა ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად „გთხოვთ ბათილად ცნოთ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული მ. რ-ესა და ლ. ვ-ეს შორის თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილისა”. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა ბინის რემონტსა და მიშენებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, მით უფრო იმავე განჩინებით სასამართლო მიუთითებს, რომ სავალდებულოა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების დაცვა.
რაც შეეხება საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანას, კასატორები თვლიან, რომ სასამართლო ამ ნაწილში მართლაც გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ მათი აზრით, დარღვევას გავლენა არ უნდა მოეხდინა დავის გადაწყვეტაზე ან გადაწყვეტილების დასაბუთებაზე სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით. შესაბამისად ეს არ შეიძლებოდა გამხდარიყო საქმის უკან დაბრუნების მიზეზი.
კასატორების განმარტებით, საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნების და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად არ გამოდგება ის გარემოება, რომ ლ. ვ-ე საქმეში მესამე პირად მონაწილეობდა. მათი განმარტებით, მოპასუხედ მ. რ-ე სავსებით სწორად იყო მოწვეული და ადგილი არ ჰქონია არასათანადო მოპასუხის მონაწილეობით დავის განხილვას, შესაბამისად კასატორებისთვის გაუგებარია თუ რომელი კანონი დაარღვია საქალაქო სასამართლომ ლ. ვ-ის საქმეში მესამე პირად მონაწილეობით, რადგან გასაჩივრებული განჩინების ავტორს ეს კანონი არ მიუთითებია. ამასთან ლ. ვ-ის მესამე პირად მონაწილეობას საქმის განხილვაში არ მოჰყოლია შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო მ. რ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ლ. ვ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებთა გამო:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ ამ უკანასკნელმა არ გაარკვია მხარეთა სათანადობის საკითხი ანუ სასამართლოს მოსაზრებით, მხარედ ჩართული უნდა ყოფილიყო ლ. ვ-ე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით, თუ მოსარჩელე არ არის თანახმად მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მოპასუხეს სათანადოდ არ მიიჩნევს, ის სთავაზობს მოსარჩელეს შეცვალოს მისი მოპასუხე. თუ ამაზე თანხმობას იგი არ განაცხადებს სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს ჯერ უნდა გაერკვია, თუ რატომ იყო რ-ე არასათანადო მხარე და თანახმა იყო თუ არა მოსარჩელე სათანადო მოპასუხის შეცვლაზე (თუ ასეთი იქნებოდა საქმეში) და მხოლოდ შეცვლაზე თანხმობის შემთხვევაში დაებრუნებინა საქმე ხელახალი განხილვისათვის. შესაბამისად მას შეეძლო გადაეწყვიტა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საკითხი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მიზანშეწონილი იყო სასამართლოსათვის თუნდაც იმის გამო, რომ ლ. ვ-ე საქმეში მონაწილეობდა მესამე პირის სახით და მისი შეცვლა არ წარმოადგენდა პრობლემას სასამართლოსათვის.
რაც შეეხება საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას, აღნიშნული წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის თანამდევ შედეგს და მასზე მითითება არ წარმოადგენს ისეთ საპროცესო დარღვევას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გადაწყვეტილების გაუქმება.
რაც შეეხება მ. რ-ის მიერ ხარჯების ანაზღაურების საკითხს აღნიშნულის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მართლაც არ უმსჯელია, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს შეეძლო წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ემსჯელა ამ საკითხზეც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე ინსტანციის სასამართლოს.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა გაარკვიოს მხარეთა სათანადობის საკითხი და არსებულ მტკიცებულებათა საფუძველზე დაადგინოს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების რეალობა და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში დაადგინოს ხარჯების ოდენობაც.
რაც შეეხება ლ. ვ-ის საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად იგი არ წარმოადგენს გასაჩივრების უფლების მქონე პირს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაურუნდეს იმავე პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე , 391-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
მ. რ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.