საქმე №69აგ-15 11 იანვარი, 2016 წელი
პ-ი მ.- 69აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. პ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის განაჩენით მ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 109-ე მუხლის „ვ“, „კ“ პუნქტებით (ძველი რედაქცია) და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2012 წლის 3 აპრილიდან.
მ. პ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2012 წლის 3 აპრილიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის ხარვეზის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბრის განაჩენში აღმოიფხვრა უზუსტობა, კერძოდ:
მ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 109-ე მუხლის ,,ვ“, ,,კ“ პუნქტებით (ძველი რედაქცია) და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. პ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – დ. გ-ისა და ი. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
4. 2015 წლის 22 ივნისს მსჯავრდებულმა მ. პ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა - ი. გ-ემ შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორებმა საჩივრით ითხოვეს შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა, სისხლის სამართლის საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება და ხელახალი განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, რის საფუძვლადაც მიუთითებდნენ იმ გარემოებას, რომ მ. პ-ს ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“ და „კ“ პუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლსა და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით 2009 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს ამავე კოდექსით გათვალისწინებულ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვის შესაძლებლობას ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე. კასატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ დაირღვა მსჯავრდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან საქმე განხილულია მისი არჩევნის შეზღუდვით, არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. პ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ მ. პ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ი. გ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ განსახილველად დაუშვას შუამდგომლობა და საქმის არსებითი განხილვა მოხდეს ხელახლა, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რაზეც მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას შუამდგომლობასთან დაკავშირებით. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, მსჯავრდებულ მ. პ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 21 დეკემბერს გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“ და „კ“ პუნქტებით (ძველი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. პ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – დ გ-ისა და ი. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის N1/4/557-571-576 გადაწყვეტილება მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას.
4. გარდა ამისა, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დარღვეულია მსჯავრდებულის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის N1/4/557-571-576 გადაწყვეტილების (რომელზეც აპელირებს კასატორი) სამოტივაციო ნაწილის 96-ე პუნქტში აღნიშნულია შემდეგი: „სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლების სწორად გააზრებისათვის, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვაზე ხელმისაწვდომობის არარსებობა თავისთავად და ყოველთვის არ გულისხმობს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მართლმსაჯულების სისტემაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ ასრულებს უალტერნატივო ფუნქციას, რომელიც უპირობოდ აუცილებელია უფლებების სრულყოფილი დაცვისთვის. პრინციპულად არასწორი იქნება იმის მტკიცება, რომ ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვისას პირებს თავისთავად ერღვევათ სამართლიანი სასამართლოს უფლება, თუკი მათ იმავდროულად უზრუნველყოფილი აქვთ სამართლიანი სასამართლოს უფლების ყველა უფლებრივი კომპონენტით სარგებლობის შესაძლებლობა. უსაფუძვლოა იმის მტკიცებაც, რომ ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვა, ყველა შემთხვევაში გულისხმობს ნებისმიერი უფლების უკეთ დაცვის შესაძლებლობას, რის გამოც, ეს სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის განუყოფელი კომპონენტია და მისი არარსებობისას სამართლიანი სასამართლოს უფლება ირღვევა“. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მ. პ-ს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება არ შეზღუდვია, იგი სრულად იყო უზრუნველყოფილი და ისარგებლა კიდეც სამართლიანი სასამართლოს უფლების ყველა უფლებრივი კომპონენტით, ამასთან მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე იმსჯელა სამივე ინსტანციის სასამართლომ. ამდენად, კასატორის მითითება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის შესახებ უსაფუძვლოა.
5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. რაიმე ახალი გარემოება ან მტკიცებულება, რომელიც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მოთხოვნებს, მსჯავრდებულს არ წარმოუდგენია.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ მ. პ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. პ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ მ. პ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
ზ. მეიშვილი