Facebook Twitter

საქმე №95აგ-15 28 იანვარი, 2016 წელი

უ-ე გ.- 95აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. უ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 დეკემბრის განაჩენით გ. უ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 11 მაისიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 2 დეკემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. უ-ეს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი - 19 წელი და განესაზღვრა 14 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 11 მაისიდან.

5. 2015 წლის 15 ივლისს მსჯავრდებულმა გ. უ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა - ბ. გ-მა შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისა და საქმის არსებითი განხილვის მოთხოვნით, დაცვის მხარის მიერ გამოვლენილი შემდეგი ახალი გარემოებების საფუძველზე: შპს „რ-ის“ მიერ 2015 წლის 26 მარტს გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა ნ. ჯ-ის სიკვდილის უფრო ზუსტი დრო, კერძოდ - 2007 წლის 26-28 იანვარი; ასევე დადგინდა დ. მ-ის მობილური ტელეფონის ახალი ნომერი - …, რომლითაც იგი სარგებლობდა ძველი ნომრის შეცვლის შემდეგ, ანუ 2007 წლის 27 იანვრიდან. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ დ. მ-ი 2007 წლის 26-27 იანვარს სარგებლობდა ტელეფონით, რომლის ნომერია - …, საიდანაც სასამართლოს ამ ნომერზე განხორციელებული ზარების მხოლოდ 26 იანვრის ერთი ფაქტი აქვს ამოღებული, მაშინ, როდესაც სასამართლომ დააკმაყოფილა გამომძიებლის შუამდგომლობა ხსენებული ნომრიდან 2006 წლის 30 ნოემბრიდან - 2007 წლის მაისამდე პერიოდში განხორციელებული ზარების ამოღების შესახებ, თუმცა ეს მასალა საქმეში არ დევს. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა ამავე ნომრიდან 2007 წლის 24 იანვრიდან - იმავე წლის 3 თებერვლამდე პერიოდში განხორციელებული ზარების ამოღების შესახებ, თუმცა არც ეს მასალა არ ამოღებულა სრულყოფილად. მოსამართლემ შპს „…-ს“ მიმართა მხოლოდ 2007 წლის 26 იანვარს … ნომრიდან … ნომერზე განხორციელებული შემავალი ზარების დეტალური მონაცემების ამოღების შესახებ. შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით, ეს მასალა განზრახაა დამალული, ვინაიდან მისი გაშიფვრით დადგინდებოდა დანაშაულის ჩადენის ზუსტი ადგილი, რაც უტყუარად დაადასტურებდა მსჯავრდებულ გ. უ-ის უდანაშაულობას; გარდა ამისა, შპს „რ-ის“ 2015 წლის 7 მაისის მობილური კომუნიკაციების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადგინდა გ. უ-ის გადაადგილების ზუსტი მარშრუტი, რაც გამოძიების სტადიაზე არ გამოკვლეულა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. უ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ბ. გ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

7. მსჯავრდებული გ. უ-ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი - ბ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო პალატისათვის მითითებას, რომ შუამდგომლობა დაუშვას განსახილველად იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდნენ შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო და მობილური კომუნიკაციების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით არ გამოვლენილა რაიმე ისეთი ახალი გარემოება, რაც არსებითად შეცვლიდა ან/და ეჭვქვეშ დააყენებდა გ. უ-ის მიმართ განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ასევე, ახლად გამოვლენილ გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული დ. მ-ი სარგებლობდა სხვა ტელეფონით, ვინაიდან ტელეფონის ნომრის შეცვლის შესახებ სასამართლოსათვის ცნობილი იყო საქმის განხილვის დროს.

4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორების მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. რაიმე ახალი გარემოება ან მტკიცებულება, რომელიც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის მოთხოვნებს, წარმოდგენილი არ ყოფილა.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ გ. უ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ბ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. უ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ გ. უ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ბ. გ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

ზ. მეიშვილი