Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-720(კ-24) 16 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.პ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 10 ოქტომბერს ჯ.პ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 07 აგვისტოს №IDP 9 23 00002577 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ჯ.პ-ასათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ.პ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ჯ.პ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 07 აგვისტოს №IDP 9 23 00002577 ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, მოსარჩელე ჯ.პ-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ გამოცემა დაევალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 27 დეკემბრის №0001251 ცნობაზე, რომლითაც დასტურდება, რომ ჯ.პ-ა ცხოვრობდა 1992 წლის ...მდე, ქ. გაგრაში, მისამართზე: დაბა ..., ...ის ქ. №..., ბ. ... ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით წარდგენილი გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მცხოვრები ორი მოქალაქე აღნიშნავდა, რომ ჯ.პ-ას, აფხაზეთის ომამდე, ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ...ში მუდმივად არ უცხოვრია. ის ცხოვრობდა ქ. გაგრაში და ხანდახან აკითხავდა მშობლებს ...ში.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული სამართალურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს ინფორმაციაზე, რომელიც უშუალოდ წარმოადგენდა სადავო საკითხზე მონიტორინგის განმახორციელებელ სუბიექტს. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა და განსახილველი საქმისათვის მნიშვნელობა მიანიჭა შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემულ ცნობას, რომლითაც დასტურდებოდა საომარი მდგომარეობის დაწყებამდე, მოსარჩელის აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

ამასთან, უდავო იყო, რომ მოსარჩელის რეგისტრაციის ადგილს 1978 წლიდან წარმოადგენდა აფხაზეთი. რაც, შეეხება მის დაბადების ადგილს, ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ...ას, მას შემდეგ რაც გადავიდა აფხაზეთში, აღნიშნულ საცხოვრებელში მუდმივად არ უცხოვრია, მხოლოდ მშობლების მოსანახულებლად დადიოდა, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს მუდმივ საცხოვრებლად. საქმეში წარმოდგენილი შრომის წიგნაკიდან დასტურდებოდა, რომ 1992 წელი მოსარჩელეს ჩაეთვალა დროებით უმუშევრად აფხაზეთში მიმდინარე საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოსარჩელე ჯ.პ-ა ომის გამო გახდა იძულებული დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, მოსარჩელე თავად ადასტურებს, რომ საომარი მოქმედებების შემდეგ ცხოვრება განაგრძო ადლერში. ამასთან, იმჟამინდელი მძიმე სოციალურ ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, ასევე არ შეეძლო საკუთარი თავისა და ოჯახის უზრუნველყოფა, ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ დროებით, სანამ ვითარება დასტაბილურდებოდა და აღარ იგრძნობდა საფრთხეს სამშობლოში, რუსეთში წასულიყო. მითითებული ცალსახად ადასტურებს, რომ „დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარემოება არ იკვეთება, რადგან მოსარჩელეს არ გადმოუკვეთავს საქართველოს ტერიტორია საომარი მოქმედებების დროს. პირიქით მან გააგრძელა ცხოვრება რუსეთის ფედერაციაში ოჯახთან ერთად, სადაც ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე ჯ.პ-ა არის რუსეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობა მიიღო 2019 წელს.

ადმინისტრაციულ ორგანოში გასაუბრების დროს ჯ.პ-ამ აღნიშნა, რომ დაიბადა 1953 წელს ჩხოროწყუში. 1960 - 70 წწ. სწავლობდა ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ...ის საშუალო სკოლაში. 1985-86 წწ. სწავლობდა ... ქ. კრასნოდარში. 1978 წელს საცხოვრებლად გადავიდა აფხაზეთში, ჩაეწერა დაბა ..., ახლობლის საკუთრებაში, რათა შეძლებოდა მუშაობა. 1984 - 92 წწ. მუშაობდა დაბა ..., ...ად. პარალელურად, გახსნილი ჰქონდა საკუთარი ...იც. 1991 წელს დაოჯახდა ქ. გაგრაში, ა.დ-ზე. 1992 წელს შეეძინა შვილი გაგრაში. 1990 წელს შეიძინა ბინა დაბა ..., ...ის ქუჩა №..., ბ. .... ამ ბინაში ჩაეწერა შეძენისთანავე, ფაქტობრივად კი ცხოვრობდა დაბა ..., ...ის ქუჩაზე, მეუღლის მშობლების საკუთრებაში. აფხაზეთი დატოვა 1992 წლის ოქტომბერში და გადავიდა ადლერში. ქ. ადლერში ცხოვრობდა 2000 წლამდე, ქირით. 2000 - 2017 წწ. ცხოვრობდა ქ. სვეტლოგრადში, ქირით. 2017 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქ. ნოვოალექსანდროვსკში, ქირით. მისი შვილი ამჟამად ცხოვრობს მოსკოვში, ხოლო მისი მეუღლე ცხოვრობს გაგრა, დაბა ... და მუშაობს ...ად ..."...". ჯ.პ-ას აქვს ორმაგი მოქალაქეობა (რუსეთი - საქართველო), ხოლო მისი მეუღლე და შვილი არიან რუსეთის მოქალაქეები. ჯ.პ-ამ 2019 წელს მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და ახლა სურს დევნილის სტატუსის მინიჭება, რათა მიიღოს საცხოვრებელი ფართი.

კასატორის მითითებით, მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. სააგენტომ თავისი კომპენტენციის ფარგლებში მოიკვლია საქმის გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაადგინა განმცხადებლის ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი და მისი დატოვების მიზეზები, ხოლო ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის დატოვების მიზეზი არ ყოფილა კანონის მუხლით გათვალისწინებული გარემოებები. ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციის შეფასებისა და გარემოებების გათვალისწინებით კასატორმა მიიჩნია, რომ ჯ.პ-ას მიმართებაში არ დასტურდება „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ" სქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. მოსარჩელის მშობლები იყვნენ სოფელ ...დან, სადაც გააჩნდათ საცხოვრებელი სახლი. თავადაც საშუალო განათლება მიიღო აღნიშნულ სოფელში. მისი განმარტებით 1990 წელს შეიძნია დაბა ... ბინა, სადაც ჩაეწერა, თუმცა ცხოვრობდა ფაქტობრივად მეუღლის მშობლების სახლში. მას არ წარმოუდგენია რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ 1992 წლამდე მუშაობდა დაბა ... მისი მეუღლე ახლაც ცხოვრობს და მუშაობს დაბა ... არის რუსეთის მოქალაქე, ხოლო საქართველოს მოქალაქეობა მიიღო 2019 წელს და დღემდე ცხოვრობს რუსეთში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება დადგინდეს მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ მოსარჩელე ჯ.პ-ამ 2023 წლის 16 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. 2023 წლის 05 ივლისს, მოსარჩელე ჯ.პ-ას, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ დაიბადა ...წ. ჩხოროწყუში. 1960-70წწ. სწავლობდა ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ...ის საშუალო სკოლაში. 1985-86წწ. სწავლობდა ..., ქ. კრასნოდარში. 1978 წელს საცხოვრებლად გადავიდა აფხაზეთში, ჩაეწერა დაბა ... ახლობლის საკუთრებაში, რათა შესძლებოდა მუშაობა. 1984-92წწ. მუშაობდა დაბა ..., ... პარალელურად, გახსნილი ჰქონდა საკუთარი ...იც. 1991 წელს დაოჯახდა ქ. გაგრაში, ა.დ-ზე. 1992 წელს შეეძინა შვილი გაგრაში. 1990 წელს შეიძინა ბინა დაბა ..., ...ის ქ. N..., ბ... ამ ბინაში ჩაეწერა შეძენისთანავე, ფაქტობრივად კი, ცხოვრობდა დაბა ..., ...ის ქუჩაზე, მეუღლის მშობლების საკუთრებაში. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დატოვა 1992 წლის ოქტომბერში.

საქმეში წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 27 დეკემბრის №0001251 ცნობით დასტურდება, რომ ჯ.პ-ა 1992 წლის ...მდე ცხოვრობდა ქ. გაგრაში, მისამართზე: დაბა ..., ...ის ქ. №..., ბ... საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით წარდგენილი გამოკითხვის ოქმებით კი დასტურდება, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მცხოვრები ორი მოქალაქე აღნიშნავს, რომ ჯ.პ-ას, აფხაზეთის ომამდე, ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ...ში მუდმივად არ უცხოვრია. ის ცხოვრობდა ქ. გაგრაში და ხანდახან აკითხავდა მშობლებს ...ში.

ამდენად, როგორც მოსარჩელის განმარტებით, ისე საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება საომარი მოქმედებების დაწყებამდე ჯ.პ-ას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რაც, კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის საკმარის საფუძველს ქმნის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ბ. შონია