¹ას-181-517-07 1 ივნისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს “ .. ..” გენერალური დირექტორი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ლ-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, განაცდურისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზ. ლ-მა 2005 წლის ოქტომბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “.. ..” და შპს “ს...ის “ მიმართ და მოითხოვა შპს “ს...ის” ორგანიზაციული დირექტორის ი. დ. პ-ის 2005 წლის 30 სექტემბრის ¹1217/კ ბრძანების არაკანონიერად ცნობა, სს “.. ..” ქმედების მასთან შრომითი ხელშეკრულების გაუგრძელებლობის შესახებ არაკანონიერად ცნობა, სს “ .. ..” სამცხე-ჯავახეთის ქვესადგურების ზონის ... ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე ან შესაბამისი ფუნქციის თანამდებობაზე, ხოლო თუ ასეთი შტატი არ არსებობს შესაბამის თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2005 წლის 30 სექტემბრიდან სამუშაოზე აღდგენის დღემდე თვეში 320 ლარის ოდენობით და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 6000 ლარის ოდენობით. მან ასევე მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვადის გადაცილების გამო შპს “ს...ის” დავალიანების თანხის 3%-ის ყოველთვიურად ანაზღაურება დავალიანების წარმოშობიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 2005 Oწლის 27 ივნისს შპს „ს...ის“ მესხეთის რეგიონის მუშაკები გააფრთხილეს 110-35 კვ გადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების სს „ .. ..“ ბალანსზე გადაცემის გამო მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ და მოსალოდნელი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, მათ განუმარტეს, რომ მათთვის ახალი სამუშაო ადგილების შეთავაზება მოხდებოდა სს „ .. ..“ მიერ განსაზღვრული პოლიტიკის შესაბამისად. 2005 წლის 30 სექტემბრის ¹1217/კ ბრძანებით მოსარჩელე ზ. ლ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ბრძანების გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში იგი აგრძელებდა მუშაობას წინანდელ თანამდებობაზე, ხოლო ამის შემდეგ .. .. სამუშაოზე აღარ დაუშვა. მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ბრძანებისა და .. .. მიერ მისი სამუშაოზე არდაშვებით დარღვეულია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის მეორე ნაწილის, 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 421-ე, 422-ე და 36-ე მუხლების მოთხოვნები. მოსარჩელის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საწარმოს ნაწილის (კონკრეტული საწარმოო ერთეულის) მეორე საწარმოს დაქვემდებარებაში გადაცემას, რაც საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად გამორიცხავდა მუშაკთა უპირობო დათხოვნას. ბორჯომის უბნის ქვესადგურების უფროსის თანამდებობა დაქვემდებარების შეცვლის შემდეგ არ შემცირებულა და დღესაც არსებობს იმავე ფუნქციური დატვირთვით. მოსარჩელის მოსაზრებით, შტატების შემცირების შემთხვევაშიც .. .. უნდა შეეთავაზებინა მისთვის სხვა თანამდებობა. ამასთან, იგი სარგებლობდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლებით, ვინაიდან აქვს საწარმოში მუშაობის ხანგრძლივი უწყვეტი სტაჟი და მაღალი კვალიფიკაცია. მოსარჩელის მოსაზრებით, მისი სამუშაოდან გათავისუფლება განხორციელდა საქართველოს .. .., ამავე საზოგადოების პროფკავშირებსა და ელექტროტექნიკური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირს შორის დადებული კოლექტიური ხელშეკრულების მე-7 თავის მოთხოვნების დარღვევით. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ შპს “ს...ის” არ აუნაზღაურებია სახელფასო დავალიანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს “ს...ს” ზ. ლ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ასანაზღაურებლად დაეკისრა 4635.60 ლარის გადახდა; არ დაკმაყოფილდა ზ. ლ-ის სარჩელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვადის გადაცილების გამო კანონით დადგენილი პროცენტის დაკისრების ნაწილში; გაუქმდა შპს “ს...ის” 2005 წლის 30 სექტემბრის ბრძანება ზ. ლ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ; მოსარჩელე ზ. ლ-ი აღდგენილ იქნას სს “ .. ..” სამცხე-ჯავახეთის ფილიალის ... ქვესადგურების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე; სს “ .. ..” დაეკისრა ზ. ლ-სათვის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2005 წლის 1 ოქტომბრიდან სამუშაოზე აღდგენის დღემდე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ .. ..”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება სს “ .. ..” სამცხე-ჯავახეთის ფილიალის ... ქვესადგურების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე ზ. ლ-ის აღდგენისა და მის სასარგებლოდ სს “ .. ..” იძულებით გაცდენილი დროისათვის ხელფასის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში 2005 წლის 1 ოქტომბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს “ .. ..” დაევალა ზ. ლ-თან შრომითი ხელშეკრულების დადება სამცხე-ჯავახეთის ფილიალის ... ქვესადგურების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე მისი დანიშვნის თაობაზე. სს “ .. ..” დაევალა ზ. ლ-სათვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლებიდან _ 2005 წლის 1 ოქტომბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ლ-ის შრომითი ხელშეკრულება შპს „ს..ის “ 2004 წლის 30 ივნისის კონტრაქტის საფუძველზე გაფორმდა განუსაზღვრელი ვადით მესხეთის რეგიონის 110-35 კვ ძაბვის ქსელების და ქვესადგურების ბორჯომის უბნის უფროსის თანამდებობაზე. სააპელაციო პალატამ საქმის მასალების საფუძველზე დადასტურებულად ჩათვალა, რომ ... სააგენტოს 2005 წლის 15 ივნისის 1-3/451 ბრძანებით გადაწყდა შპს „ს..ის“ საწესდებო კაპიტალიდან 110-35 კვ ძაბვის ქსელების და ქვესადგურების ამოღება და შპს „ს...ის“ დირექტორს დაევალა საზოგადოების საწესდებო კაპიტალში განხორციელებული ცვლილებების სასამართლოში რეგისტრაცია. იმავე ბრძანებით დადგინდა შპს „ს...ის“ საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული აქტივების გადაცემა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის შემდგომი განკარგვის მიზნით. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ¹... ბრძანებით შპს „ს...ის“ საწესდებო კაპიტალის მონაცემებში შესაბამისი ცვლილება განხორციელდა 2005 წლის 19 სექტემბერს; შპს „ს...ის“ საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული 110-35 კვ ძაბვის ქსელების და ქვესადგურების ღირებულება შეფასდა 41 961 428 ლარად და ეს ქონება შეტანილი იქნა სს „ .. ..“ საწესდებო კაპიტალში. სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზემოთ მითითებული ბრძანებების საფუძველზე მოხდა მხოლოდ წმინდა ქონების გარკვეული ნაწილის ერთი ორგანიზაციიდან მეორე ორგანიზაციისათვის გადაცემა და არა საწარმოს გადაცემა, როგორც ეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაადგინა პირველი ინსტანციის სასამართლომ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ... სააგენტოს 2005 წლის 15 ივნისის 1-3\451 ბრძანებისა და 2005 წლის 23 სექტემბრის 1-3\579 ბრძანების გამოცემის ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია „მეწარმეთა შესახებ“E საქართველოს კანონი. სააპელაციო სასამართლომ „მეწარმეთა შესახებ“E საქართველოს კანონის მე-14.6 მუხლზე მითითებით ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „ს...ის“ შემადგენლობაში შემავალი 110-35 კვ ძაბვის ქსელები და ქვესადგურები წარმოადგენს საწარმოო-ორგანიზაციულად განცალკევებულ ერთეულს, სადაც დასაქმებულია მუშაკთა გარკვეული რაოდენობა და საიდანაც 110-35 კვ გადამცემი მაღალი ძაბვის ხაზების მეშვეობით მომხმარებელს მიეწოდება ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია და ქვესადგურების საქმიანობა მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა აღნიშნული საწარმო ერთეულის მიერთება უკვე არსებულ საწარმოსთან – სს „ .. ..“, რასაც კანონმდებელი არ კრძალავს. სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა სს „ .. ..“ მიერ შრომის კანონთა კოდექსის 30-ე და 421-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევა, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საწარმოს სს „ .. ..“, გადაცემა ვერ გახდებოდა მასში მომუშავე ზ. ლ-თან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, რადგან ასეთ შემთხვევებში, ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, შრომითი ურთიერთობების გაგრძელება დამოკიდებული იქნებოდა მუშის ან მოსამსახურის თანხმობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. ლ-ი სს „ .. ..“ სამცხე-ჯავახეთის ფილიალის დირექტორს, ჯერ თხოვდა მიეღოთ მათდამი დაქვემდებარებულ კომპანიაში ქვესადგურების ჯგუფის უფროსის, შემდეგ კი, ქვესადგურების ჯგუფის ოსტატის თანამდებობაზე, რაც არ იქნა გათვალისწინებული სს „ .. ..“ ადმინისტრაციის მიერ და რაც ეწინააღმდეგება შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზემოთ მითითებული ნორმის მოთხოვნას. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლის თანახმად წინანდელ სამუშაოზე მუშაკის აღდგენა ხდება იმ დაწესებულებაში, სადაც იგი მუშაობდა. შესაბამისად, პალატა ვერ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც ზ. ლ-ი აღდგენილ იქნა სს „ .. ..“ სამცხე-ჯავახეთის ფილიალის ... ქვესადგურების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე. სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება შრომის კანონთა კოდექსის 214-ე მუხლის შესაბამისად მუშაკისთვის იძულებით გაცდენილი დროისთვის ხელფასის ანაზღაურების შესახებ არაუმეტეს ერთი წლისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით მუშაკისთვის იძულებით გაცდენილი დროისთვის ხელფასი მუშაკს უნდა აუნაზღაურდეს დათხოვნის დღიდან, მაგრამ აღნიშნულ ნორმაში არ არის აღნიშნული, რომ ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს “ .. ..” გენერალურმა დირექტორმა დ. უ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება. კასატორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტზე მითითებით, განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება საწარმოს ნატურით გაყოფის ნაწილში იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-14.6 მუხლი. კასატორმა “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-2.5 და მე-4 მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ არანაირი 110/35 კვ.ტ ქვესადგური, როგორც სამეწარმეო სუბიექტი რეგისტრირებული არ არის, საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. კასატორმა მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოხდა მხოლოდ ქონების გარკვეული ნაწილის ერთი ორგანიზაციიდან მეორე ორგანიზაციისათვის გადაცემა ისე, რომ არცერთ საზოგადოებას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. მოცემულ შემთხვევაში მოხდა წმინდა ქონების და არავითარი საწარმოს გადაცემა. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 და მე-6 მუხლების მოთხოვნები. კასატორის მითითებით, სსიპ ... სააგენტოს 2005 წლის 15 ივნისისა და 2005 წლის 23 სექტემბრის ბრძანებები, რომლებითაც განხორციელდა ქონების ელ.სისტემის საწესდებო კაპიტალიდან ამოღება და .. .. საწესდებო კაპიტალში შეტანა, კანონით დადგენილი წესით სადავოდ არავის გაუხდია, ზემოაღნიშნული ბრძანებები კანონიერ ძალაშია და სავალდებულოა შესასრულებლად. ამასთან, აღნიშნული საკითხი ცალკე დავის საგანს წარმოადგენს და განსახილველ დავასთან საერთო არაფერი არა აქვს. კასატორმა მიუთითა, რომ ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ქონების გადაცემით სს “.. ..” არა მხოლოდ საწესდებო კაპიტალი გაიზარდა, არამედ მისი საქმიანობის სფეროც და ახორციელებს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების ექსპლუატაციასა და მართვას. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 19 სექტემბრის ¹... და 2006 წლის 30 სექტემბრის ¹... ბრძანებებით დასტურდება, რომ შპს “ს... “ და სს “ .. ..” იგივე საქმიანობას აგრძელებენ.
კასატორმა “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის მეორე მუხლის “ბ” პუნქტზე მითითებით განმარტა, რომ ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 15 ივნისის ¹55 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ელექტროენერგიის სასისტემო და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელ.გადამცემი ხაზების სია, რომლის თანახმად 35-110 კვ. ელ.გადამცემი ხაზები მიეკუთვნა გამანაწილებელ საშუალებებს, რაც გახდა საფუძველი, რომ სს “ .. ..” სემეკს გაეუქმებინა გადაცემის ლიცენზია. მოპასუხე ორგანიზაცია ვერ იმსჯელებდა სხვა საზოგადოების მიერ სამსახურიდან განთავისუფლებული მუშაკების უპირატესი დარჩენის საკითხზე. მათ მიერ სადავოდ გახდილი ეს გარემოება სასამართლოს უნდა შეეფასებინა და გადაწყვეტილებაშიც უნდა ყოფილიყო სათანადოდ დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 30-ე და 421-ე მუხლები. კასატორმა ასევე ვერ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მათთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე 2005 წლის 1 ოქტომბრიდან შრომითი ხელშეკრულების დადებამდე. კასატორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია. ზ.ლ-ი არასდროს არ ყოფილა სს “ .. ..” თანამშრომელი, არც არანაირ საწარმოთა ნატურით გაყოფას ჰქონია ადგილი და სს “ .. ..” არავის არასდროს არ გადმოუცია. კასატორის მოსაზრებით, მოცემული საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 27 მარტის განჩინებით სს “ .. ..” გენერალური დირექტორის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად;
კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ზ. ლ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ სს “ .. ..” გენერალური დირექტორის დ. უ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს “ .. ..” გენერალური დირექტორის დ. უ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს “ .. ..” გენერალური დირექტორს დ. უ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70%, რაც 210 (ორას ათ) ლარს შეადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაუშვებლად იქნეს მიჩნეული სს “ .. ..” გენერალური დირექტორის დ. უ-ის საკასაციო საჩივარი.
კასატორს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 (ორას ათი) ლარი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.