Facebook Twitter

ას-18-373-07 22 მარტი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

თეიმურაზ თოდრია, როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. ო-ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ლ. პ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ კერძო არბიტრაჟი “ .. ..” (მოპასუხე)

მესამე პირი _ დ. კ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში

დავის საგანი – უკანონო ნაგებობის აღება და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ო-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში კერძო არბიტრაჟ “ .. ..” მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე.

მოსარჩელის განმარტებით, მასსა და დ. კ-ს შორის 2004 წლის 23 მარტს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მას ევალებოდა ძირითადი თანხის 6000 აშშ დოლარის 2%-ის გადახდა, ხოლო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს გადახდა კი ხელშეკრულების სამი თვის ვადის დამთავრების შემდეგ. მისივე განმარტებით, საბოლოო ჯამში დ. კ-სთვის გადახდილი აქვს 2140 აშშ დოლარი, ანუ პროცენტების დაანგარიშებით თანხა გადახდილია მთლიანად და გადასახდელი დარჩა ძირითადი თანხა 6000 აშშ დოლარი.

გ. ო-მა ასევე მიუთითა, რომ დ. კ-მ სარჩელით მიმართა მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟ “ .. ..”, მოითხოვა საცხოვრებელი სახლის რეალიზაცია და თანხის დაბრუნება, რაც კერძო არბიტრაჟ “ .. ..” 2005 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. გ. ო-ს დ. კ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 6000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო პირგასამტეხლო Dდღეში 18 აშშ დოლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა კერძო არბიტრაჟ “ .. ..” 2005 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებისა და სააღსრულები ფურცლის გაუქმება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცელი მის მერ გაცემულია სწორად, გადაწყვეტილება გამოტანილია 2005 წლის 25 მაისს, ხოლო სააღსრულებო ფურცელი გაიცა იმავე წლის 28 მაისს. ასევე სარჩელი არ ცნო მესამე პირმა დ. კ-მ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ო-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა მისი გამოუცხადებლობის გამო. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა გ. ო-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. სააპელაციო პალატამ საჩივრის განხილვა დანიშნა 2006 წლის 8 დეკემბერს.

2006 წლის 8 დეკემბერს გ. ო-მა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად და ავადმყოფობის გამო მოითხოვა საქმის განხილვის გადადება.

სხდომაზე გამოცხადებული, კერძო არბიტრაჟ “ .. ..” წარმომადგენელი მ. ლ-ი, მესამე პირი დ. კ-ა და მისი წარმომადგენელი ვ. ნ-ა დაეთანხმნენ გ. ო-ის საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის საოქმო განჩინებით გ. ო-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2006 წლის 4 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა მ. ლ-მა დააყენა შუამდგომლობა და აპელანტის არასაპატიო მიზეზის გამოუცხადებლობის გამო მოითხოვა განმეორებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რასაც დაეთანხმა მესამაე პირი დ. კ-ა და მისი წარმომადგენელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ო-მა და მიუთითა, რომ 2006 წლის 8 დეკემბერს იყო ავად, რის დასადასტურებლადაც სასამართლოს წარუდგინა ცნობა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს სხდომა უნდა გადაენიშნა სხვა დროისათვის. ყოველივე ზემოაღნისნულიდან გამომდინარე მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქმის განხილვის შესახებ გაბრიელ ონიანს ეცნობა 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, გ. ო-ს უწყება სხდომის დღის შესახებ გაეგზავნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ვაკე-საბურთალოს და ლენტეხის რაიონის გამგეობაში (ს.ფ. 176, 177), ხოლო მის მიერ წარმოდგენილი ცნობა და ავადმყოფის ამბულატორიული ბარათი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არ იქნა გაზიარებული, რადგან ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის შეუძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზეათ ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რაც მისგან დამოუკიდებელ მიზეზით შეუძლებელს ხდის შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე.

ზემოაღნიშნული დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად არ გაიზიარა კასატორ გ. ო-ის მიერ წარდგენილი ცნობა და ავადმყოფის ამბულატორიული ბარათი, რადგან აღნიშნულ დოკუმენტებს ხელს არ აწერს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელსაც პირდაპირ უნდა მიეთითებინა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობებზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გ. ო-ის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე სწორად მიიჩნია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად და მართებულად გამოიტანა მის მიმართ განმეორებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განმეორებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.