Facebook Twitter

¹ას-184-450-08 8 ივლისი, 2008 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი _ ე.ხაჩიძე

კასატორი _ ნ. ჩ.-ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ დ. წ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ქ.-ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ალ. ბ.-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ქ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ჩ.-ის, კ. თ.-ის, ბ. გ.-ისა და ი. ს.-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქ.ბათუმში, ...-ს ქ.¹15-ში მდებარე სახლის მეორე სართული, სახლთმფლობელობის 2/7, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელის სახელზე. მოპასუხეები უკანონოდ შეიჭრნენ ი.ქ.-ის კუთვნილ სამ ოთახში, რომლებსაც აქირავებენ და იღებენ ქონებრივ სარგებელს. აღნიშნულით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გარანტირებული მოსარჩელის უფლებები, რის გამოც მოპასუხეები ი.ქ.-ის კუთვნილი ფართიდან უნდა გამოსახლდნენ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: ისინი წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად ფლობდნენ სადავო ოთახებს, რეგისტრირებული იყვნენ ზემოხსენებულ მისამართზე, იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს. სადავო ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» კანონის შესაბამისად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები სადავო ბინიდან გამოსახლდნენ, რაც ნ. ჩ.-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. საქმე განხილულ იქნა არაერთი სასამართლო ინსტანციის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საჯარო რეესტრის 2004 წლის 15 მარტის ამონაწერის თანახმად, ...-ს ქ.¹15-ში მდებარე ბინის მესაკუთრეა ი. ქ.-ე. ბათუმის ბაგრატიონის დასახლების ადმინისტრაციის 2005 წლის 17 მაისის ცნობით, ნ. ჩ.-ე რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობდა ქ.ბათუმში, კ.-ის ქ.¹122-ში. ბათუმის მერიის სანაპიროს დასახლების ადმინისტრაციის 2005 წლის 10 ივნისის ცნობის მიხედვით, ქ.-ის სახელზე რიცხული სახლის ნაწილში _ ¹13, 15, 16 და 17 ოთახებში ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა თ. ბ.-ე, რომელიც გარდაიცვალა 2004 წელს. მასთან ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა მისი ქალიშვილი _ ნ. ჩ.-ე, რომელიც 1970 წელს გათხოვდა და საცხოვრებლად გადავიდა მეუღლესთან ქ.ბათუმში, კ.-ის ქ.¹122-ში. მეზობლების განმარტებით, დედის სიცოცხლეში იგი პერიოდულად დადიოდა მასთან, საჭიროებისამებრ რჩებოდა იქ, თუმცა ფაქტობრივად ცხოვრობდა მეუღლესთან, სადაც იმყოფება დღესაც. მეზობლების განმარტებებით ასევე ირკვევა, რომ 2004 წლის სექტემბერში ნ.ჩ.-მ სადავო ფართში შეუშვა თავისი ნათესავები _ ბ. გ.-ე და ი. ს.-ე. ბათუმის მერიის სანაპიროს ადმინისტრაციის 2005 წლის 9 ივნისის აქტის შესაბამისად, ი. ქ.-ის ბინის ნაწილში, კერძოდ, ¹13, 15, 16 და 17 ოთახებში 2004 წლამდე მდგმურის უფლებით ცხოვრობდა თ. ბ.-ე. 1958 წლიდან მასთან ჩაწერილი იყო მისი ქალიშვილი ნ. ჩ.-ე, რომელიც დედასთან ცხოვრობდა 1970 წლის მაისამდე, რის შემდეგაც გათხოვდა და საცხოვრებლად გადავიდა მეუღლესთან ქ.ბათუმში, ...-ის ქ.¹122-ში. 1985-1986 წლებში ელექტროენერგიის გადასახადი გადახდილია ნ. ჩ.-ის მიერ. პირადობის მოწმობის მონაცემთა თანახმად, ნ. ჩ.-ე რეგისტრირებულია ...-ს ქ.¹15-ში. «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» კანონის 11 მუხლის «ა» პუნქტის პირველი წინადადება და მე-2 მუხლის მეოთხე პუნქტი სააპელაციო სასამართლომ იმდაგვარად განმარტა, რომ მოსარგებლედ ითვლება პირი, რომელიც ამ კანონის მიღების მომენტისათვის _ 1998 წლისათვის ცხოვრობს სადავო ფართში და სწორედ კანონის მიღების მომენტისათვის _ 1998 წლისათვის ფართში ფაქტობრივად მცხოვრებთან სადგომის დათმობის გარიგება უნდა დადასტურდეს რეგისტრაციითა და კომუნალური გადასახადის გადახდით. სააპელაციო პალატის მითითებით, ბათუმის მერიის ზემოხსენებული ცნობებითა და აქტით დასტურდება, რომ აპელანტი დედის სიცოცხლეში მიდიოდა სადავო ფართში, ხოლო 1970 წლიდან გათხოვდა და, ფაქტობრივად, ცხოვრობდა მეუღლის სახლში. ელექტროენერგიის გადასახადს აპელანტი იხდიდა 1985-86 წლებში, დედის სიცოცხლეში. სასამართლომ მიიჩნია, რომ 1998 წლისათვის ნ.ჩ.-ის სადავო ფართში ცხოვრების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, უფრო მეტიც, სადავო ოთახები დაკავებული ჰქონდათ ბ. გ.-სა და ი. ს.-ს, რაც ასევე მიუთითებს, რომ აპელანტი ამ ქონებას არ ფლობდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ბ.გ.-ის, ი.ს.-ისა და კ.თ.-ის მიმართ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მათი გამოსახლების შესახებ დასახელებულ პირებს არ გაუსაჩივრებიათ და შევიდა კანონიერ ძალაში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ჩ.-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის მესამე და მეოთხე პუნქტები. მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ კასატორი ჩაწერილი იყო და ამჟამად რეგისტრირებულია სადავო საცხოვრებელ ფართში. სასამართლომ ასევე დაადასტურა კასატორის მიერ კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტიც. დადგენილია, რომ ამავე ფართში რეგისტრირებული იყო კასატორის დედა თ.ბ.-ც. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად უნდა ჩაეთვალა მესაკუთრესა და თ.ბ.-ს შორის საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის დათმობის შესახებ გარიგების არსებობა, ხოლო ნ.ჩ.-ე ჩაეთვალა თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლედ. სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ 1998 წლის 25 ივნისისათვის კასატორი სადავო ფართს არ ფლობდა, რა დროსაც დაეყრდნო ბათუმის მერიის სანაპიროს დასახლების ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის წერილსა და ადმინისტრაციის თანამდებობის პირების მიერ შედგენილ აქტს, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა პირის საცხოვრებელი ადგილის საკუთრების ან მფლობელობის დადასტურების ისეთ წესს, როგორიც მოსარჩელემ წარმოადგინა და სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, არ იცნობს. პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ ნ.ჩიხლაძე სადავო ფართში აღარ ცხოვრობს, ვინაიდან კასატორის მიერ სადავო ფართის ფლობას ადასტურებს თავად სასარჩელო განცხადება ნ. ჩ.-ის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე. ის გარემოება, რომ ფართის ე.წ. «აღწერისას» იქ კასატორის სტუმრები იმყოფებოდნენ, კიდევ ერთხელ მიუთითებს ნ.ჩ.-ის მიერ სადავო ნივთის ფლობაზე. ამასვე ადასტურებს მოსარჩელის განმარტება კასატორის მიერ ფართის გაქირავებისა და დაგირავების შესახებ, რაც ფაქტობრივ მდგომარეობას არ შეესაბამება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და სადავოს არ წარმოადგენს შემდეგი: ქ. ბათუმში, ...-ს ქ.¹15-ში მდებარე ბინის მესაკუთრეა ი. ქ.-ე. ნ. ჩ.-ე რეგისტრირებულია ...-ს ქ.¹15-ში და რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობს ქ.ბათუმში, ...-ის ქ.¹122-ში. ი.ქ.-ის სახელზე რიცხული სახლის ნაწილში _ ¹13, 15, 16 და 17 ოთახებში ჩაწერილი იყო და მდგმურის უფლებით ცხოვრობდა თ. ბ.-ე, რომელიც გარდაიცვალა 2004 წელს. მასთან ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა მისი ქალიშვილი _ ნ. ჩ.-ე, რომელიც 1970 წელს გათხოვდა და საცხოვრებლად გადავიდა მეუღლესთან ქ.ბათუმში, ...-ის ქ.¹122-ში. მეზობლების განმარტებით, დედის სიცოცხლეში იგი პერიოდულად დადიოდა მასთან, საჭიროებისამებრ რჩებოდა იქ, თუმცა ფაქტობრივად ცხოვრობდა მეუღლესთან. 1985-1986 წლებში ...-ს ქ.¹15-ში ელექტროენერგიის გადასახადი გადახდილია ნ. ჩ.-ის მიერ. 2004 წლის სექტემბერში ნ.ჩ.-მ სადავო ფართი სარგებლობით გადასცა თავისი ნათესავებს _ ბ. გ.-სა და ი. ს.-ს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს შეფასებით მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები კანონის დარღვევის გარეშეა დადგენილი, თუმცა სასამართლომ ამ გარემობებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, რაც გახდა საფუძველი დავაზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანისა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დააყრდნო «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» კანონის 11 მუხლს, რომლის მიხედვით კანონში გამოყენებულ ტერმინ «მოსარგებლეში» იგულისხმება პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით.

აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

ზემოაღნიშნული ურთიერთობა, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, განსხვავებული სამართლებრივი რეგულირების ფარგლებში მოქცეულია, თუმცა ეს არ ნიშნავს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ იურიდიული ტერმინის ზოგადი შინაარსის სხვაგვარ გაგებას, თუკი კანონით რაიმე თავისებურება არ არის გათვალისწინებული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» კანონის 11 მუხლის მიხედვით, საცხოვრებელი სადგომის ფაქტობრივი ფლობისათვის, როგორც ზოგადად მფლობელობისათვის, განმსაზღვრელია მფლობელის ნებითი მომენტი, სურვილი, იყოს ნივთის მფლობელი და პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობდეს მას. მფლობელობის იურიდიული ბუნება არ გულისხმობს ნივთთან მხოლოდ ფიზიკურ შემხებლობას. სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა რა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, კანონი განასხვავებს პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელობის ინსტიტუტს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1998 წლისათვის(კანონის მიღებისათვის) ნ.ჩ.-ის სადავო ფართში ცხოვრების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, უფრო მეტიც, სადავო ოთახები დაკავებული ჰქონდათ ბ.გ.-სა და ი.ს.-ეს, რაც ასევე მიუთითებს, რომ აპელანტი ამ ქონებას არ ფლობდა.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებით ნ.ჩ.-ეს დედის გარდაცვალებამდე და არც მის შემდეგ არ გაუწყვეტია კავშირი საცხოვრებელ სადგომთან, რაც გამოიხატება იმაში, რომ ხშირად მიდიოდა აღნიშნულ სადგომში, გადახდილი აქვს კომუნალური გადასახადი, ახორციელებს საცხოვრებელი სადგომის მეთვალყურეობას. სადავო სადგომით ნ.ჩ.-ის ნებართვის საფუძველზე სხვა პირთა სარგებლობა კი აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ნ.ჩიხლაძე საცხოვრებელი სადგომზე მოპოვებული უფლებით თავისი ინტერესების შესაბამისად სარგებლობდა.

ამასთან, მოსარგებლის უფლებამონაცვლე კანონით განსაზღვრული ყველა იმ უფლებით სარგებლობს, რაც მამკვიდრებელს გააჩნდა, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამკვიდრო აქტივად წოდებული ქონებრივი უფლება მოიაზრებს პირის ყველა სამოქალაქო უფლებას, მათ შორის, ცხადია მფლობელობის (სარგებლობის) უფლებასაც.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ნ. ჩ.-ე სადავო ფართის მართლზომიერი მფლობელია და უფლებამოსილია, ფლობდეს მას, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

ნ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინება გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ი. ქ.-ის სარჩელი ნ. ჩ.-ის ქ.ბათუმში, ...-ს ქ.¹15-დან გამოსახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

ი. ქ.-ს დაეკისროს მოცემულ საქმეზე ნ. ჩ.-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 2120 ლარის გადახდა ნ.ჩ.-ის სასარგებლოდ.

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.