Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-748(კ-25) 16 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ღ-ე; მოპასუხე - ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 29 მარტს ა. ღ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისა“ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

სასარჩელო მოთხოვნებისა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოპასუხეების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 24 დეკემბრის №14-1421358425 წერილისა და ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ გამოცემული ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ა. ღ-ეის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ 2022 წლის 18 მარტის №... დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ღ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 24 დეკემბრის №14-1421358425 წერილი; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 16 ნოემბრის №14-1421320417 მარტივი შეტყობინების კანონიერებასთან დაკავშირებით; ბათილად იქნა ცნობილი „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ა. ღ-ეის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ 2022 წლის 18 მარტის №... დადგენილება; ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №...-ში განხორციელებულ უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განჩინებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარისა და ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სააპელაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ან/და „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ა. ღ-ეის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ 2022 წლის 18 მარტის №... დადგენილების კანონიერების თაობაზე ემსჯელა.

საქმეზე დადგენილი გარემოების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 16 ნოემბრის №14-1421320417 წერილით ა. ღ-ეის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და განმცხადებელს განემარტა, რომ მის მიერ მოთხოვნილი მშენებლობა განეკუთვნებოდა I კლასის ობიექტს, რასაც არ ესაჭიროებოდა ნებართვა. განმცხადებელს მიეთითა, რომ მშენებლობის მწარმოებელი ვალდებული იყო დაეცვა კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები. №14-1421320417 წერილით გაიცა მარტივი შეტყობინება ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) შენობის მოწყობის მიზნით. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტით - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 24 დეკემბრის №14-1421358425 წერილით (გადაწყვეტილება) ბათილად გამოცხადდა მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 16 ნოემბრის №14-1421320417 მარტივი შეტყობინება ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) შენობის მოწყობის შესახებ.

მერიის 2021 წლის 24 დეკემბრის №14-1421358425 სადავო წერილის (გადაწყვეტილების) გამოცემის საფუძველი, როგორც ამავე წერილში იყო აღნიშნული, გახდა სა...ს გენერალური დირექტორის 2021 წლის 09 დეკემბრის №5568-09-2-202112091222 წერილი, რომლითაც ირკვეოდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მშენებარე ნაგებობა მოქცეული იყო სა...ს საკუთრებაში არსებული, 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „...“-ის დაცვის ზონაში (№... და №... ანძებს შორის). 220 კვ. ძაბვის მქონე ხაზობრივი ნაგებობა „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 31.05.2019 წ. №257 დადგენილების 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის მიხედვით, იყო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, რომელიც ხასიათდებოდა რისკის მომეტებული ფაქტორით. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 96-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ შენობა-ნაგებობას მინიჭებული ჰქონდა მე-5 კლასის ნაგებობის სტატუსი. გამომდინარე აქედან, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში სამუშაოების ჩატარებისთვის კანონმდებლობით დადგენილი იყო დაცვის სპეციალური ზომები, რაც რეგულირდებოდა საქართველოს მთავრობის 24.12.2013 წ. №366 დადგენილებით - „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“. აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისთვის დაცვის ზონად დადგენილი იყო საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებული იყო 25 მეტრით (220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზისთვის). დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალული იყო ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაოთა წარმოება...“.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია არსებობდა თუ არა სადავო მშენებლობის მიმართ „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 31.05.2019 წ. №257 დადგენილების, ასევე, „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.12.2013წ. №366 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინების/შესრულების წინაპირობები და ამასთან, ამგვარი წინაპირობები არსებობდა თუ არა №14-1421320417 16.11.2021 წ. წერილით გაცემული თანხმობის (მარტივი შეტყობინება) გაცემის ეტაპზე და რა არსებითი გარემოებების ცვლილებას ჰქონდა ადგილი მარტივი შეტყობინების გაუქმებისას, რომლის მიმართაც, მოსარჩელე მხარეს გააჩნდა კანონიერი ნდობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს, რომ სადავო აქტით ბათილად იქნა ცნობილი 2021 წლის 16 დეკემბრის №14-1421320417 მარტივი შეტყობინება, რა დროსაც ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და ბათილად ცნო მის მიერ გამოცემული კანონსაწინააღმდეგო აქტი.

მოცემულ შემთხვევაში, მარტივი შეტყობინების სახით გამოცემული აქტი წინააღმდეგობაში მოდიოდა კანონთან, რადგან მისი გამოცემისას გათვალისწინებული არ ყოფილა ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონები. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სამშენებლო ობიექტი მოქცეული იყო სს „სა...ს“ საკუთრებაში არსებული 220 კვ. სიმძლავრის ელექტრო გადამცემი ხაზის (№... და №... ანძებს შორის) დაცვის ზონაში, სადაც შესაბამისი თანხმობის გარეშე დაუშვებელია რაიმე სამუშაოების წარმოება უსაფრთხოების წესიდან გამომდინარე და ამასთან, ეს ხაზობრივი ნაგებობა წარმოადგენდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს, თანახმად 2019 წლის 31 მაისის ,,განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ №257 დადგენილებისა 50-ე მუხლისა. მერიამ მიიჩნია, რომ გამოკვეთილი იყო ახალი გარემოება, რომელიც იძლეოდა მარტივი შეთანხმების აქტის ბათილობის სამართლებრივ საფუძველს. ამდენად, მერიის სადავო წერილი და ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ გამოცემული აქტი კანონიერი იყო და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი ადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობის ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა ცალკეულ სახეებს, პასუხისმგებლობის ზომებს, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესებს (მუხლი 1.გ). კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 (შენობა-ნაგებობაში ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სამშენებლო დოკუმენტაციაში უმნიშვნელო ცვლილების შეტანა) და მე-6 (სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს მითითების/დავალების ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შესასრულებელ სამუშაოები) ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 94-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას. I კლასის შენობა-ნაგებობებისა და მშენებლობის განმსაზღვრელი მახასიათებლები დადგენილია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესი და პირობების №1 დანართით (I კლასის შენობა-ნაგებობებისა და მშენებლობის განმსაზღვრელი მახასიათებლები).

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის ჰ18 ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის ისეთი დარღვევით, რომლის დროსაც შენობა-ნაგებობის ფუნქცია იცვლება ან/და ხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება. 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობა (გარდა ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას თვითმმართველ ქალაქში – 6 000 ლარის ოდენობით. 127-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა, სამშენებლო სამუშაოების წარმოების საფუძველია - სათანადო წესით მშენებლობის ნებართვა. უნებართვოდ, ისეთი სამშენებლო სამუშაოების წარმოება, რომელსაც ასეთი ნებართვა სჭირდება, წარმოადგენს სამართალდარღვევას, რაც, ზედამხედველი ორგანოს მიერ სამართალდარღვევის აღმოფხვრის თაობაზე მითითების შეუსრულებლობის პირობებში, შესაძლოა გახდეს სამართალდამრღვევისთვის სახდელის დადების - დაჯარიმებისა და განხორციელებული სამუშაოების დემონტაჟის დავალების საფუძველი.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე, 199.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად (ს/კ: ...), წარმოადგენს ა. ღ-ეის (პ/№...) საკუთრებას.

2021 წლის 14 ნოემბერს, ა. ღ-ემ №14213182-06 განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: ...), შენობის მოწყობის მიზნით წარდგენილი არქიტექტურული დოკუმენტაციის შეთანხმება - მარტივი შეტყობინების მიღების წესით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 16 ნოემბრის №14-1421320417 წერილით, ა. ღ-ეის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, განმცხადებელს განემარტა, რომ მოთხოვნილი მშენებლობა განეკუთვნებოდა I კლასის ობიექტს, რასაც არ ესაჭიროებოდა ნებართვა. ამავე დროს მშენებლობის მწარმოებელს განემარტა, რომ იგი ვალდებული იყო დაეცვა კანონმდებლობით, მათ შორის სამშენებლო რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები. №14-1421320417 წერილით გაიცა მარტივი შეტყობინება ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) შენობის მოწყობის მიზნით.

აღნიშნულის შემდგომ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 24 დეკემბრის №14 - 1421358425 წერილით (გადაწყვეტილება) ბათილად გამოცხადდა მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 16 ნოემბრის №14-1421320417 მარტივი შეტყობინება ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) შენობის მოწყობის შესახებ.

№14-1421358425 წერილში (გადაწყვეტილებაში) აღნიშნულია, რომ ,,...სა...ს გენერალური დირექტორის 2021 წლის 09 დეკემბრის №5568-09-2-202112091222 წერილით გამოვლინდა ახალი გარემოება გაცემულ მარტივ შეტყობინებასთან დაკავშირებით. კერძოდ, წერილის შინაარსიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მშენებარე ნაგებობა მოქცეულია სა...ს საკუთრებაში არსებული, 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „... -ის დაცვის ზონაში (№... და №... ანძებს შორის). 220 კვ. ძაბვის მქონე ხაზობრივი ნაგებობა „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 31.05.2019 წ. №257 დადგენილების 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, რომელიც ხასიათდება რისკის მომეტებული ფაქტორით. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 96-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ შენობა-ნაგებობას მინიჭებული აქვს მე-5 კლასის ნაგებობის სტატუსი. გამომდინარე აქედან, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში სამუშაოების ჩატარებისთვის კანონმდებლობით დადგენილია დაცვის სპეციალური ზომები, რაც რეგულირდება საქართველოს მთავრობის 24.12.2013 წ. №366 დადგენილებით - „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“. აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისთვის დაცვის ზონად დადგენილია საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია 25 მეტრით (220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზისთვის). დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაოთა წარმოება...“.

2022 წლის 21 იანვარს ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ა. ღ-ეის მიმართ გამოიცა №12 მითითება და დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება. ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოვლენილად იქნა მიჩნეული, რომ ა. ღ-ე უნებართვოდ განახორციელებდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, კერძოდ, დასხმული იყო საძირკვლის ფილა, მოწყობილი იყო საკედლე ბეტონი 15 რიგი, 3 მ-ს სიმაღლით და დასხმული იყო გადახურვის ფილა. ა. ღ-ეს მიეცა 15 დღის ვადა, ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად. 2022 წლის 07 თებერვალს, ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო და უსაფრთხოების საჯარო ზედამხედველობის სამსახურმა შეამოწმა ობიექტი და №51 შემოწმების აქტით მიჩნეულ იქნა, რომ მითითების პირობები შესრულებული არ იყო, ა. ღ-ეს არ მოუხდენია უნებართვოდ აშენებული სახლის დემონტაჟი.

ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ 2022 წლის 18 მარტის №... დადგენილებით, ა. ღ-ე დაჯარიმდა 6 000 ლარით, შეჩერდა ა. ღ-ეის მიერ ქ. ბათუმში, ...ს ქუჩა №...-ში უნებართვოდ მიმდინარე მშენებლობა და ასევე, დადგინდა, უნებართვოდ აშენებული საცხოვრებელი სახლის (მოწყობილი რკინა-ბეტონის გადახურვის ფილის, სვეტების, საკედლე ბლოკების და + 0.00 მეტრ ნიშნულზე მოწყობილი საძირკვლის ფილის) დემონტაჟის ვალდებულება.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ა. ღ-ე სარჩელით სადავოდ ხდიდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 24 დეკემბრის №14-1421358425 წერილსა და ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ მიერ გამოცემული ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ა. ღ-ეის დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ 2022 წლის 18 მარტის №... დადგენილებას. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შეფასების შემდგომ ახალი აქტების გამოცემა დაევალათ, არ გაუსაჩივრებია არც მოსარჩელეს და არც მოპასუხე ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციას“. აღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც სააპელაციო პალატა, ასევე საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ 2022 წლის 18 მარტის №... დადგენილების სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძვლიანობის თაობაზე, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მხოლოდ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, რომლითაც ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 24 დეკემბრის №14-1421358425 წერილის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის თაობაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფორმალური კანონიერების თვალსაზრისით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ჰქონდა საკუთარი აქტის ბათილად ცნობის უფლებამოსილება. ამასთან, აქტის ბათილად ცნობის საფუძველს ადგენს 601 მუხლის პირველი-მე-2 ნაწილები, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 24 დეკემბრის №14-1421358425 წერილის ბათილად ცნობის საფუძველი შესაძლოა გამხდარიყო მისი უკანონობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 24 დეკემბრის №14-1421358425 წერილის უკანონობა მისმა გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასაბუთა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ნაგებობა მოქცეული იყო სა...ს საკუთრებაში არსებული, 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „...“-ის დაცვის ზონაში (№... და №... ანძებს შორის).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვასთან (შემდგომში − მშენებლობის ნებართვა) დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს (მუხლი 1.1). მოცემული დადგენილების 50-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები ხასიათდება რისკის მომეტებული ფაქტორით. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს განეკუთვნება: 154 კვ.-დან 330 კვ. და მეტი ელექტროგადამცემი ხაზები.

ამასთან, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით დამტკიცებული ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონების მე-3 მუხლის „ა.ა.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონებად დგინდება: საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისთვის: საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით: ა.ა.ა) 330, 400, 500 კვ - 30 მეტრი; ა.ა.ბ) 150, 220 კვ - 25 მეტრი. დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო და ასაფეთქებელ სამუშაოთა წარმოება. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით კი, ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული სამუშაოების ჩატარების მიზნით დაინტერესებული პირის მიერ განცხადებით მიმართვიდან ერთი კვირის ვადაში, ელექტრული ქსელის მფლობელი პირი ვალდებულია, განმცხადებელს წერილობით აცნობოს თანხმობა ან მოტივირებული უარი. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარებაზე ელექტრული ქსელის მფლობელი პირის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთს მართლაც კვეთდა 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი და განსახორციელებელი სამუშაოები ექცეოდა გადამცემი ხაზის დაცვის ზონაში, მოსარჩელის მხრიდან სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას მართლაც ესაჭიროებოდა ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობა, რამდენადაც, კანონმდებლობა პირდაპირ ადგენდა ასეთ მოთხოვნას და ამასთან, სამშენებლო სამუშაოები პოტენციურად ეხებოდა სხვა მესამე პირის - ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის ინტერესებს, რომელიც თავის მხრივ პასუხისმგებელია ელექტროგადამცემი ხაზის სათანადო და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას -ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის №ბს-463-451(კ-13) გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-974(2კ-19) განჩინება).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია არსებობდა თუ არა სადავო მშენებლობის მიმართ „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილების, ასევე, „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინების/შესრულების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია საქმეზე წარმოდგენილი ნახაზებით დასტურდება ელექტროგადამცემი ხაზის ახლო მდებარეობა მოსარჩელის საკუთრებასთან და ამ საკუთრებაზე განთავსებულ/განსათავსებელ ნაგებობასთან, თუმცა არ არის გამოკვლეული და შეფასებული გადამცემი ხაზის სიმძლავრე, ზუსტი მდებარეობა, ზუსტი დაშორების დისტანციის მითითებით. ადმინისტრაციული ორგანო, როგორც თავად ასაბუთებს მხოლოდ დაეყრდნო სახელმწიფო ელექტროსისტემის წერილს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით დამტკიცებული ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონების შესაბამისად, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ზოგადად აკრძალულია არა ზოგადად ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოთა წარმოება, არამედ სამუშაოთა წარმოება ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე. ამასთან, მფლობელი ვალდებულია, რომ განმცხადებელს წერილობით აცნობოს თანხმობა ან მოტივირებული უარი. თავის მხრივ, მოტივირებული უარი შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონიერების პრინციპის გათვალისწინებით, აქტის უკანონოდ მიჩნევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იგი ცნოს ბათილად, თუმცა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

ამავდროულად, საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო მშენებლობის მიმართ „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილების, ასევე, „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების არსებობის დადასტურების შემთხვევაში, იმ პირობებში, თუკი დადგინდება, რომ ა. ღ-ეის უძრავ ქონებასთან დადგენილი დაშორებით გადის შესაბამისი სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზი, მაშინ ცალსახად გამოიკვეთება ბათილად ცნობილი აქტის მიმართ მომეტებული - საზოგადოებრივი/სხვა პირის კანონიერ უფლებების დაცვის ვალდებულების საკითხი, რამდენადაც ელექტროგადამცემი ხაზის სწორი და უსაფრთხო ექსპლუატაცია დაკავშირებულია, როგორც ელექტროენერგიის ჯეროვნად გადაცემის, ასევე სხვა პირთა სიცოცხლისა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების საკითხებთან.

„იმგვარი გარემოებების დადგენის პირობებში, როცა უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები, ან კანონიერი ინტერესები, კანონმდებელი აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს არა აქტის ადრესატის, არამედ მესამე პირების კანონიერი ნდობის უფლების დაცვას. კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები: ბს-367-363(კ-14); ბს-226-224(კს-12); ბს-226-224(კ-17)).

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიციას 2021 წლის 24 დეკემბრის №14-1421358425 წერილის კანონიერების თაობაზე და საფუძვლიანად მიიჩნევს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოპასუხემ ხელახლა უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მიიღოს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახლა შეფასებისას, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა უნდა გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 24 დეკემბრის №14 - 1421358425 წერილით (გადაწყვეტილება) ბათილად გამოცხადდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 16 ნოემბრის №14-1421320417 მარტივი შეტყობინება. შესაბამისად, 2021 წლის 16 ნოემბრიდან - 2021 წლის 24 დეკემბრის პერიოდში ძალაში იყო მშენებლობის სამართლებრივი საფუძველი და მოცემულ პერიოდში, სამშენებლო სამუშაოები ხორციელდებოდა აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე. ამდენად, აღნიშნულ პერიოდში ადგილი ვერ ექნებოდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების წარმოებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ბ. შონია