საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე №512აპ-15 ქ. თბილისი
ხ-ი დ.- 512აპ-15. 23 თებერვალი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ხ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დ. ხ-ი, - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის 1-ლი და იმავე მუხლის მე-2 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია) და დასანიშნი სასჯელისგან გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
დ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა და განესაზღვრა - 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
დ. ხ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 22 აპრილიდან.
იმავე განაჩენით ი. გ-ე, - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის 1-ლი და იმავე მუხლის მე-2 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია) და დასანიშნი სასჯელისგან გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
ი. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა და განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი და იმავე მუხლის მე-2 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა და განესაზღვრა - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. გ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი. გ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა განესაზღვრა დაკავების დღიდან და დადგინდა, რომ დაკავებისთანავე იგი შესახლებულ უნდა იქნეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენით ცვლილება შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენში შემდეგი მიმართებით:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განაჩენიდან ამოირიცხა მითითება დ. ხ-ის საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის 1-ლი და 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მსჯავრდების შესახებ, როგორც ზედმეტად წარდგენილი. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე - წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. ხ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
ზ. მეიშვილი