Facebook Twitter

ას-185-520-07 4 ივნისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნ.კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ზ. და ლ. ბ-ები (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ბ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უღირს მემკვიდრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. და ლ. ბ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში თავისი ძმის _ ა. ბ-ის მიმართ მოპასუხის უღირს მემკვიდრედ ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2001 წელს გარდაიცვალა მხარეთა მამიდა _ ე. ბ-ი, რომელმაც კუთვნილი ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი უანდერძა ა. ბ-ს. მოპასუხემ არ შეასრულა მამკვიდრებლის უკანასკნელი ნება, გაყიდა მისი კუთვნილი ნივთები. ამდენად, იგი ცნობილ უნდა იქნეს უღირს მემკვიდრედ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაადგინა, რომ 1993 წლის 16 აპრილს ე. ბ-მა სანოტარო წესით დადასტურებული ანდერძით ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹19-ში მდებარე ¹7 ბინა უანდერძა ა. ბ-ს. 2001 წლის 5 იანვარს მამკვიდრებელი გარდაიცვალა და მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო მოწმობა. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1310-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული უღირს მემკვიდრედ ცნობის არც ერთი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი სარჩელი აღიარებითი ხასიათისაა, თუმცა მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი არ იკვეთება, ვინაიდან ცოცხალია ე. ბ-ი ძმა, მხარეთა მამა, რომელიც ერთადერთია, ვისაც სადავო ანდერძის ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაძლოა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლება წარმოშობოდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზ. და ლ. ბ-ებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებათა სწორი შეფასებისაგან არ გამომდინარეობს. სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა საქმეში წარმოდგენილი მხარეთა მამის განცხადება მოპასუხის უღირს მემკვიდრედ ცნობის მოთხოვნით. ასევე გაზიარებულ არ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოების ცნობები. სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მამიდის დაკრძალვის ხარჯები გაიღეს მხოლოდ მოსარჩელეებმა, მოპასუხემ კი მორალურ თუ ფინანსურ მხარდაჭერას თავი აარიდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის განჩინებით ლ. და ზ. ბ-ების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, ასევე კასატორებს გადაედოთ სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ა.ბ-მა წარადგინა წერილობითი მოსაზრება, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა. მოსაზრებას დაერთო მასალები 14 ფურცლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ ზ. და ლ. ბ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. და ლ. ბ-ების საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში კასატორებს საკასაციო სასამართლოს განჩინებით გადაედოთ რა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა, უნდა დაეკისროთ სოლიდარულად სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 30%-ის _ 90 ლარის გადახდა.

რაც შეეხება ა. ბ-ის მიერ ¹ა-859-07 მოსაზრებაზე დართულ მასალებს 14 ფურცლად, ისინი კასატორს უკან უნდა დაუბრუნდეს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამდენად, ა.ბ-ის მოსაზრებაზე თანდართული მასალები კასატორს უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. და ლ. ბ-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ზ. და ლ. ბ-ებს დაეკისროთ მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 საქართველოს ეროვნული ბანკის ¹220101107 კოდზე, საბიუჯეტო შემოსულობების ¹300033078 სახაზინო კოდზე (დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე) სახელმწიფო ბაჟის _ 90 ლარის გადახდა.

ა. ბ-ს დაუბრუნდეს წერილობითი მტკიცებულებები 14 ფურცლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.