Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-753(კ-კს-25) 02 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ.ლ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე/კასატორი) - ვ.შ-ი

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოპასუხე - სსიპ ქონების მართვის სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 22 ნოემბერს ვ.შ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 12 ოქტომბრის №1257 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სარჩელისა და მოპასუხე მხარეთა არაერთგზის დაზუსტების შემდგომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ქ. თბილისის ქონების მართვის სააგენტოს მიმართ ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმულირებით: 1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 12.10.2021წ. №1257 განკარგულება და კომისიას დაევალოს დაბა ...ში, ...ის ქ....-ში მდებარე 843 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე ვ.შ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა; 2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 08.02.2022წ. №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ; 3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის ქონების მართვის სააგენტოს 04.02.2022წ. ბრძანება №ბ61.012203522. ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს ყველა სახის ტრანზაქცია - რეგისტრაციის წარმოება უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, დაბა ..., ...ის ქუჩის ბოლო, ს/კ ...

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 08 აპრილის განჩინებით, ვ.შ-ის წარმომადგენლის ე.უ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ყველა სახის ტრანზაქცია - რეგისტრაციის წარმოება უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, დაბა ..., ...ის ქუჩის ბოლო, ს/კ..., წინამდებარე საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეში №3/7285-21, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ნ.ლ-ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 ივნისის განჩინებით, ნ.ლ-ის საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 08 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (საჩივრის 1-ლი პუნქტი) დაკმაყოფილდა, ხოლო მოთხოვნაზე სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსდეს მისაყენებელი ზიანის ოდენობის თანხა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ვ.შ-ის საჩივარი. გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 08 აპრილის განჩინების გაუქმების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 ივნისის განჩინება. არ დაკმაყოფილდა ნ.ლ-ის საჩივარი. ნ.ლ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის საოქმო განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ვ.შ-ის სარჩელზე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლი 04 თებერვლის Nბ61.012203522 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ვ.შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ვ.შ-ის წარმომადგენლის ე.უ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აეკრძალა ყველა სახის ტრანზაქცია - რეგისტრაციის წარმოება უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, დაბა ..., ...ის ქუჩის ბოლო, ს/კ..., წინამდებარე საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენლის შუამდგომლობა და მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შემდეგი მოთხოვნის ნაწილში - მოპასუხეს დაევალოს, გამოსცეს განკარგულება ქალაქ თბილისში, დაბა ...ში მდებარე ...ის ქუჩა N30 საერთო ფართი 843.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის (ვ.შ-ის პ/ნ ...) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი და განმარტა, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში (არეალებში) მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღნიშნული ბრძანებით დადგენილი ვადით აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ასევე მიუთითა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 10 ივნისის N914 ბრძანებით შეტანილი ცვლილები და მიუთითა, რომ სისტემური რეგისტრაციის წარმოების მიზნით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებს დაემატა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ამ ბრძანების №1–№12 დანართებით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალები, მათ შორის, ...ის სისტემური რეგისტრაციის არეალი. ამდენად მიიჩნია, რომ ...ის სისტემური რეგისტრაციის არეალში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილება გააჩნია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, დასახელებული სააგენტო წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლეს სადავო განკარგულებით განხილულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის უფლების აღიარების თაობაზე ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნის ნაწილში, ხოლო რაც შეეხება მიწის ნაკვეთზე უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნას, მასზე მოპასუხე მხარის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, როგორც სადავო ადმინისტრაცრაციულ - სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს უფლებამონაცვლეობის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ფუნქციონირება არ შეწყვეტილა ან/და არ ყოფილა შეცვლილი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში მოპასუხე მხარის უფლებამონაცვლის დადგენის საფუძველი არ არსებობს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ნ.ლ-ის მიერ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთი ესაზღვრება მის საკუთრებას - მდებარე ქ. თბილისი, დაბა ... ...ის ქუჩის ბოლოს არსებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ...), რომელიც მისივე განმარტებით აუციონის წესით, სახელმწიფოსგან პრივატიზების გზით შეიძინა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების სრული დაცვით. მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით მიმართვის შემდგომ მისთვის ცნობილი გახდა უძრავ ქონებაზე არსებული შეზღუდვის თაობაზე (16.02.2022) და მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების განუხორციელებლობით შეილახა მისი უფლებები, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის.

კერძო საჩივრის ავტორი დეტალურად ციტირებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინებაში მითითებულ მსჯელობაზე, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხე აღიარების კომისიის შუამდგომლობა უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ და იმ პირობებში როდესაც სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 20 იანვრის განჩინებით, ვ.შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება, საჩივრის ავტორს ბუნდოვნად მიაჩნი უფლებამონაცვლეობის შესახებ განჩინებაში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი განკარგულების გამოცემის დავალება. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 იანვრის განჩინების გაუქმების ფარგლებში ითხოვს უარი ეთქვას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლი განსაზღვრავს მხარეთა საპროცესო უფლებებს. მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის, ექსპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები, სპეციალისტის ცნობები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა - განმარტებანი, წარადგინონ იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

მხარეთა თანაბარი საპროცესო უფლებები და შესაძლებლობები, რომელსაც გერმანულ საპროცესო სამართალში თანაბარი შესაძლებლობების პრინციპსაც (BGH, Beschluss vom 24.03.2011 - I ZR 108/09 -BGHZ 189, 56; BGH, Urteil vom 20.07.2017 - III ZR 296/15 - NJW 2017, 3367) უწოდებენ, განსაკუთრებულად არის ხაზგასმული ქართული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაში. გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო თანაბარი შესაძლებლობების პრინციპის ფუნქციას შემდეგნაირად აჯამებს: მოსამართლემ, კონსტიტუციურ - სამართლებრივად უნდა უზრუნველყოს სასამართლო მოსმენის გარანტიის კუთხით პროცესის მხარეებისათვის, საპროცესო სამართლის ფარგლებში თანაბარი შესაძლებლობა, მიუთითონ ყველა იმ გარემოებაზე, რომელიც არსებითია სასამართლო გადაწყვეტილებისთვის და დამოუკიდებლად განახორციელონ შესაგებლები მოწინააღმდეგის მოთხოვნის უფლებების წინააღმდეგ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი; ულრიხ ჰაგენლოხი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ - ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ - ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ - ერთი მხარის გასვლა (იხ: დამატებით: თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, 2014წ., გვ. 166; სუსგ №ას-1050-2019, 09.09.2019წ; №ბს-1217 (კს-22), 29.04.2024წ.). მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება - მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს თავად მხარეს გააჩნდა (იხ: სუსგ №ას-27-2019, 15.11.2019წ., პ.64; №ბს-927 (კს-19), 16.01.2020წ.).

წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, სადაც დავის საგანია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 08 თებერვლის №... გადაწყვეტილების (რეგისტრაციის შესახებ), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 12 ოქტომბრის №1257 განკარგულების (აღიარებაზე უარი) ბათილად ცნობა და კომისიისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება (დაბა ...ში, ...ის ქ....-ში მდებარე 843 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა - ნაგებობაზე ვ.შ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ). სწორედ მოთხოვნის - ახალი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში დადგინდა მოპასუხის უფლებამონაცვლეობა.

საკასაციო პალატა დავის საგნის გათვალისწინებით მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტს, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში (არეალებში) მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღნიშნული ბრძანებით დადგენილი ვადით აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. სისტემური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ შესაბამის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება გაგრძელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 10 ივნისის N914 ბრძანებით შეტანილი ცვლილებით, სისტემური რეგისტრაციის წარმოების მიზნით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებს დაემატა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ამ ბრძანების №1–№12 დანართებით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალები, მათ შორის, ...ის სისტემური რეგისტრაციის არეალი. სასარჩელო მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარე ითხოვს ...ის სისტემური რეგისტრაციის არეალში მდებარე მიწის ნაკვეთზე უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ განკარგულების ბათილად ცნობას და შესაბამის მიწის ნაკვეთზე უფლების აღიარების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალებას, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, მითითებული ნორმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, ...ის სისტემური რეგისტრაციის არეალში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილება გააჩნია სწორედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. სწორედ დასახელებული სააგენტო წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უფლებამონაცვლეს სადავო განკარგულებით განხილულ მიწის ნაკვეთზე, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნის ნაწილში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რაც განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველი იყო. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მართებულად ის იქნა დასახელებული უფლებამონაცვლე მხარედ სარჩელის კონკრეტული მოთხოვნის ნაწილში.

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში არსებობდა მოპასუხის უფლებამონაცვლის დადგენის საფუძველი, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობაა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ.ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის მითითებული განჩინება. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 იანვრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე