Facebook Twitter

საქმე №86აგ-15 23 თებერვალი, 2016 წელი

ა-ი რ.- 86აგ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ა-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის განაჩენით რ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 12 დეკემბრის დადგენილება მსჯავრდებულ რ. ა-ის მიმართ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 თვე, 20 დღე და რ. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 13 წლით, 3 თვითა და 20 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 31 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.

რ. ა-ს 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის განაჩენი რ. ა-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 17 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული რ. ა-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი და იმავე მუხლის მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისგან. მასვე ¼-ით შეუმცირდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 13 წელი და განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყო 2009 წლის 31 მარტიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 16 აპრილის განჩინებით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ა-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადაისინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ა-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადაისინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2015 წლის 27 ივლისს მსჯავრდებულმა რ. ა-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა და მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს განჩინებით რ. ა-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 აგვისტოს განჩინებით რ. ა-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 25 დეკემბრის განკარგულებით მსჯავრდებულ რ. ა-ს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.

მსჯავრდებული რ. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვასა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებულ რ. ა-ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში და სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რაც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა კვალიფიცირდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია იგივე სასჯელი – რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, კანონში შესული ცვლილებით მსჯავრდებულ რ. ა-ის მდგომარეობა არ უმჯობესდება და არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ რ. ა-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ რ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ რ. ა-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

ზ. მეიშვილი