ას-188-523-07 4 ივლისი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ. ნ-ეE (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ .. ..” (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 იანვრის განჩინება
დავის საგანი – სესხის დაბრუნება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 11 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ზ. ნ-მ სარჩელი აღძრა შპს „ .. ..“ წინააღმდეგ და მოითხოვა მისი გამოსახლება ზ. ნ-ის კუთვნილი არასაცხოვრებელი ფართიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ .. ..“ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართი შპს „ .. ..“ ... სამმართველოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე აღებული ჰქონდა იჯარით 2005 წლის 10 ნოემბრამდე, იხდიდა საიჯარო ქირას და ჰქონდა მისი უპირატესი შესყიდვის უფლება.
აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „ .. ..“ დირექტორმა, დ. ნ-მ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს იყო ავად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 იანვრის განჩინებით შპს “ .. ..” საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “ .. ..” დირექტორმა დ. ნ-მ. მან აღნიშნა, რომ, სიმაღლიდან ჩამოვარდნის გამო, მიღებული ჰქონდა თავის ტრავმა. იგი გარკვეული პერიოდი სტაციონალურ მკურნალობას გადიოდა თავის ტვინის დაჟეჟილობის დიაგნოზით, ჩაუტარდა ოპერაცია და დაენიშნა 2 თვე წოლითი რეჟიმი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან ვერ მოახერხა სასამართლო პროცესზე გამოცხადება, სასამართლომ კი არ გაითვალისწინა საჩივარში მოყვანილი გარემოებები და არ გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივის შემოწმების შედეგად თვლის, რომ დ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ამ მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 იანვრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი შპს „ .. ..“ დირექტორი დ. ნ-ე. გამოუცხადებელი მხარის წარმომადგენელმა გამოუცხადებლობის მიზეზად მიუთითა ავადმყოფობა. სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 27 ნოემბერს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, დ. ნ-ს, სიმაღლიდან ჩამოვარდნის გამო, მიღებული ჰქონდა თავის ტრავმა. იგი გარკვეული პერიოდი სტაციონალურ მკურნალობას გადიოდა თავის ტვინის დაჟეჟილობის დიაგნოზით. მას ჩაუტარდა ოპერაცია და დაენიშნა 2 თვე წოლითი რეჟიმი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლოში წარმოდგენილი ამონაწერი სამედიცინო ბარათიდან არ შეიცავს ზემოხსენებული მუხლით დადგენილ სავალდებულო რეკვიზიტს, კერძოდ, იგი არ არის ხელმოწერილი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, შესაბამისად, ცნობით არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე საჩივრის ავტორის გამოცხადების შეუძლებლობის ფაქტი.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დ. ნ-ეE სასამართლო მთავარ სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით და ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 იანვრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.