საქმე №453აპ-15 ქ. თბილისი
ჩ-ი ა.- 453აპ-15. 9 თებერვალი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ლაშა ხარშილაძის
მსჯავრდებულ - ა. ჩ-ის
ადვოკატ - ბ. ტ-ის
მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულ ა. ჩ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ტ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განაჩენით ა. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და არაერთგზის.
2. იმავე განაჩენით ა. ჩ-რი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და არაერთგზის.
3. განაჩენით მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 27 მაისს ა. ჩ-ი და ა. ჩ-რი თბილისში, ... ქუჩა N3-დან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ შპს „...-ას“ კუთვნილ - 100 ლარად ღირებულ მაგიდას.
4. აღნიშნული ქმედებისათვის:
- ა. ჩ-ს სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდა ა. ჩ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 ივლისის განაჩენითა და იმავე სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 ივლისის განაჩენითა და იმავე სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 3 თვე და მსჯავრდებულს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
- ა. ჩ-რს სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 2 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
5. მსჯავრდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. მათ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოთ დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 27 მაისიდან.
6. ნივთმტკიცებები - ერთი მაგიდა, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო ორი დაქტილოფირი შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა. ჩ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ტ-ემ.
8. მსჯავრდებულმა ა. ჩ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ტ-ემ სააპელაციო საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის გამართლება შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი წინასასამართლო სხდომაზე ცნობილ იქნა დაუშვებელ მტკიცებულებად, რის გამოც იგი საქმიდან ამოიღეს; ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმში არ არის ასახული პიროვნების იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემები; მოპარულ მაგიდაზე არ აღმოჩნდა ა. ჩ-ის ანაბეჭდები; საქმეში მოთავსებულია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - ა. ჩ-ის ჩვენება, რომელმაც საბოლოო ჩვენება მისცა მხოლოდ მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
10. მსჯავრდებული ა. ჩ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ბ. ტ-ე საკასაციო საჩივრებით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რაზეც მითითებული ჰქონდათ სააპელაციო საჩივარში.
11. საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ბ. ტ-ემ ითხოვა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილება მასში მითითებული მოტივებით, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული ა. ჩ-ი.
12. პროკურორი ლაშა ხარშილაძე არ დაეთანხმა კასატორების პოზიციას და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლოში საქმის განხილვისას ა. ჩ-მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2014 წლის 27 მაისს ...-ის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა ა. ჩ-რს, რომელსაც ხელში ეჭირა მაგიდა. ა. ჩ-ი დაინტერესდა, თუ საიდან ჰქონდა მას მაგიდა. ა. ჩ-რმა უპასუხა, რომ აჩუქეს და სურდა მისი მიყიდვა ყვავილების ბაზრობაზე თავისი ნაცნობისათვის. ა. ჩ-მა დაიჯერა მისი ნათქვამი, რის შემდეგაც მაგიდა ერთად მიიტანეს და 5 ლარად მიჰყიდეს ა-ის ნაცნობს.
3. ბრალდებულ ა. ჩ-რის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 27 მაისს ა. ჩ-თან ერთად თბილისში, ...-ის ქუჩიდან ფარულად დაეუფლა მაგიდას, რომელიც მეორე დღეს ერთად წაიღეს და 5 ლარად მიჰყიდეს მის ნაცნობ დ. დ-ს.
4. მოწმე - გამომძიებელ მ. ა-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 27 მაისს მან დაათვალიერა შპს „...-ას“ სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი. ჩანაწერიდან ჩანს, რომ ა. ჩ-ი და ა. ჩ-რი იმყოფებიან შპს „...ას“ კუთვნილ ტერიტორიაზე, რა დროსაც ა. ჩ-რი ფარულად დაეუფლა მაგიდას და ა. ჩ-თან ერთად განაგრძო გზა.
5. 2014 წლის 27 მაისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელმა მ. ა-ემ ჩაატარა შპს „...-ას“ ადმინისტრატორის მიერ წარმოდგენილი DVD-R დისკის დათვალიერება. ჩანაწერში ჩანს ორი მამაკაცის კოორდინირებული მოძრაობა შპს „...-ას“ ტერასის მიმართულებით. ერთმანეთთან გასაუბრების შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი ფარულად ეუფლება მაგიდას, რის შემდეგაც ორივე ერთად განაგრძობს გზას.
6. მოწმე - დ. დ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის 27 მაისს ა. ჩ-ისა და ა. ჩ-რისაგან 5 ლარად შეიძინა მაგიდა, რომელიც მათი განმარტებით იყო ნაჩუქარი. თანხა კი გადაუხადა ა. ჩ-ს.
7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა. ჩ-ის მიერ მაგიდის ქურდობის ჩადენის ფაქტი დასტურდება მხოლოდ ბრალდებულ - ა. ჩ-რის ჩვენებით. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ა. ჩ-ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. რაც შეეხება მოწმე მ. ა-ის ჩვენებასა და ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმს, საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად „ამ კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია“. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „...-ას“ სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი სასამართლომ ცნო დაუშვებელ მტკიცებულებად. შესაბამისად, საკასაციო პალატა მ. ა-ის ჩვენებასა და მის მიერ შედგენილ დათვალიერების ოქმს ვერ მიიჩნევს ა. ჩ-ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად, რადგან ეს ინფორმაცია მოპოვებულია დაუშვებლად ცნობილი ვიდეოჩანაწერიდან (დისკებიდან). გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმში გამომძიებელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩანაწერში დაფიქსირებული პირების სახის ნაკვთებისა და ვიზუალის გარჩევა ძნელია, სავარაუდოდ, ისინი უნდა იყვნენ მამაკაცები.
8. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ა. ჩ-ის დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. ჩ-ი, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. ჩ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ტ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი ა. ჩ-ის მიმართ და იგი გამართლდეს.
3. ა. ჩ-ი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
4. გამართლებულ ა. ჩ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
5. ნივთმტკიცებები - ერთი მაგიდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო ორი დაქტილოფირი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
ზ. მეიშვილი