საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-807(კ-25) 6 ნოემბერი, 2025 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი - ს. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მესამე პირი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 25 აპრილს ს. შ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. 2012 წლიდან ცხოვრობს საქართველოში და აქვს საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვა. რეგისტრირებულ ქორწინებაშია საქართველოს მოქალაქესთან და ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი. საქართველოში მფლობს ასევე უძრავ ქონებას. 2018 წელს დააარსა შპს ,,ჯ...“ (ს/კ ...), რომლის 100% წლის მფლობელიც არის თვითონ. მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ. თბილისში, ...ს გამზ. №...-ში არქიტექტურის სამსახურში შეთანხმებული პროექტის საფუძველზე შპს ,,ჯ...-მა“ განახორციელა მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. კომპანიაში დასაქმებულ პირთა 90% საქართველოს მოქალაქეა. იგი არ არის ნასამართლევი და არასდროს ჰქონია რაიმე სახის კონფლიქტი. საქართველოში ჰყავს ბევრი მეგობარი. სრულყოფილად ფლობს ქართულ ენას და საქართველო მიაჩნია საკუთარ სამშობლოდ. მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ ირანის მოქალაქეს კანონი უკრძალავს სარწმუნოების შეცვლას, რაც ირანში ისჯება სიკვდილით, მოსარჩელემ შეიცვალა სარწმუნოება და გახდა მართლმადიდებელი.
2023 წლის 27 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე და განცხადებას დაურთო ყველა საჭირო დოკუმენტი, მაგრამ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 11 აპრილის №1000871455 დასკვნით უარი ეთქვა საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მიღებაზე სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეუწონლობის გამო, რაც მოსარჩელის განმარტებით, უკანონოა, ვინაიდან მისი საქმიანობა არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს სახელმწიფოსთვის ან საზოგადოებისათვის. აღნიშნული აქტით იზღუდება არა მარტო მისი, არამედ ასევე მისი ოჯახის უფლებაც, ირღვევა ოჯახის ერთიანობის პრინციპი.
მოსარჩელემ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 11 აპრილის №1000871455 უარყოფითი დასკვნის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ს. შ-ესათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ს. შ-ეს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. შ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინებით ს. შ-ეს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მარტის SSG 3 23 00073920 წერილი, რომლის საფუძველზეც „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსარჩელის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საგამონაკლისო წესით, საკითხის გადაწყვეტის მიზნით, დადებითი დასკვნის გაცემა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, წინამდებარე საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან პალატამ დამატებით გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია, რაც საიდუმლოების შემცველობის გამო, წარმოდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ - მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის შესაბამისი წერილობითი დასკვნის არსებობის პირობებში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ იგი მუშაობს საქართველოში, მისი მეუღლე და შვილები არიან საქართველოს მოქალაქეები, ოჯახის ერთიანობის პრინციპისა და მისი არასრულწლოვანი შვილების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უნდა მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი ეთქვა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მისაღწევად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. შ-ემ.
კასატორმა მიუთითა, რომ იგი არის ირანის მოქალაქე, რომელსაც საქართველოსთან აკავშირებს მრავალწლიანი ურთიერთობა, რომელიც დაიწყო 16 წლის წინ, თავდაპირველად იგი საქართველოს ესტუმრა, როგორც ტურისტი, ხოლო 2011 წლის სექტემბრის თვიდან მუდმივად ცხოვრობს საქართველოში. ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მას 2011 წლიდან, მთელი 14 წელი არ გადაუკვეთია საქართველოს საზღვარი. მან საქართველოში შემოსვლის შემდგომ, როდესაც გადაწყვიტა საქართველოში დაფუძნება და ბიზნესის წარმოება, მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შრომითი ბინადრობის ნებართვის ასაღებად, რაც დაუკმაყოფილდა და 2011 წელს მიიღო შრომითი ბინადრობის ნებართვა. 2012 წლის 28 ივლისს მართლმადიდებლობა საკუთარ სარწმუნოებად აღიარა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ნათლობის მოწმობით. მოსარჩელის განმარტებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის კანონმდებლობით სარწმუნოების შეცვლა სახელმწიფო ღალატის ტოლფასია და ყველა ასეთი ქმედების ჩამდენს ასამართლებენ და სჯიან სიკვდილით. 13 წელია რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქესთან და ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი. 2012 წლიდან აქვს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა. 2021 წლის ივლისში წარმატებით დაასრულა მშენებლობა, რის საფუძველზეც ეკონომიკის სამინისტრომ მიანიჭა ინვესტორის სტატუსი. მოსარჩელე 14 წელია იხდის კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს, ისე როგორც საქართველოს მოქალაქე, მაგრამ ვერ სარგებლობს საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევით.
კასატორის განმარტებით, სსიპ სერვისების განვითარების სააგენტომ გადაამეტა მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას იმ საკითხში, რომ საქმის შესწავლისა და შეფასების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და პრეზიდენტს გაუგზავნა უარყოფითი დასკვნა მოქალაქეობის მინიჭებაზე, რაც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და დისკრეციული უფლებამოსილების არასათანადოდ განხორციელებაა. კასატორმა ასევე მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტზე და განმარტა, რომ საგამონაკლისო წესით საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. განსახილველ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ მას განხორციელებული აქვს საინვესტიციო საქმიანობა, რომელიც უტყუარი გარემოებაა, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება საგამონაკლისო წესით გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესიდანაც.
კანონმდებელი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე დასკვნის მომზადებას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი სრული და ობიექტურ გამოკვლევით, რაც დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას წარმოადგენს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე მიიღო უარყოფითი დასკვნა, რომელიც დააფუძნა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულ მიზანშეუწონლობის წერილს, რომელიც არ არის გამოკვლეული სათანადო წესით. კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ასევე მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესებიც, კერძოდ, ზიანი ხომ არ მიადგებათ მათ კანონიერ ინტერესებს იმით, რომ მშობლის მიმართ მთელ რიგ შემთხვევებში იარსებებს განსხვავებული რეგულაციები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. შ-ეს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. შ-ეს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის ს. შ-ესათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 11 აპრილის №1000871455 უარყოფით დასკვნას. სადავო დასკვნის თანახმად, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მომზადდა უარყოფითი დასკვნა ს. შ-ესათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლით. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს - არსებობს თუ არა ს. შ-ესათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე, დადებითი დასკვნის გამოცემის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.
საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-15 მუხლის მსგავსი „მოქალაქეობის უფლება“ ან კონკრეტული მოქალაქეობის მიღების ან შენარჩუნების უფლება არ არის გარანტირებული კონვენციით ან მისი ოქმებით. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ მოქალაქეობის თვითნებურმა უარყოფამ გარკვეულ გარემოებებში შეიძლება წამოჭრას საკითხი კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევაზე, ასეთი უარყოფის გავლენის გამო პიროვნების პირად ცხოვრებაზე (Karassev, Slivenko and Others v. Latvia (dec.) [GC], no 48321/99, § 77, ECHR 2002-II). საკითხი, აქვს თუ არა განმცხადებელს სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების სადავო უფლება, უნდა გადაწყდეს ამ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის მითითებით (Kolosovskiy v. Latvia (dec.), no. 50183/99, 2004.29.01). კრიტერიუმების არჩევა ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მინიჭების მიზნით, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დაკავშირებულია სახელმწიფოსა და დაინტერესებულ ინდივიდს შორის არსებული კავშირის ბუნებასთან, რომლის განმტკიცების უზრუნველყოფასაც საჭიროდ მიიჩნევს თითოეული საზოგადოება.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს და ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობა განმარტებულია, როგორც პირის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი. აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით; ბ) ნატურალიზაციით; ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით; ნატურალიზაციის სახეებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება, ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება, გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება, დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლი ადგენს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მატერიალურ საფუძვლებს. მოცემული მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი; ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას ან მან საქართველოში განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს: ა) საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები. ამასთან, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, მე-16 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, პირი საქართველოს მოქალაქეობას ნატურალიზაციით ვერ მოიპოვებს, თუ: ა) მას ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება; დ) იგი იძებნება საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ ან/და მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ს. შ-ე (დაბადებული - ... წელს) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. ს. შ-ე დაქორწინდა საქართველოს მოქალაქეზე - მ. ხ-ეზე. №... დაბადების მოწმობის თანახმად, ბ. ხ-ეის მშობლები არიან: მამა - ს. შ-ე, დედა - მ. ხ-ე. №... დაბადების მოწმობის თანახმად, გ. ხ-ეის მშობლები არიან: მამა - ს. შ-ე, დედა - მ. ხ-ე. №... დაბადების მოწმობის თანახმად, ე. ხ-ეის მშობლები არიან: მამა - ს. შ-ე, დედა - მ. ხ-ე.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2023 წლის 6 თებერვლის ამონაწერის თანახმად, ს. შ-ე შპს „ჯ...-ის“ ერთპიროვნული დირექტორია.
2023 წლის 27 თებერვალს ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ ს. შ-ემ №1000871455 განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მოითხოვა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 1 მარტის №100087455/7 გადაწყვეტილების თანახმად, ს. შ-ეს დაევალა დოკუმენტების წარდგენა და აღნიშნულისთვის განესაზღვრა ვადა. 2023 წლის 3 და 6 აპრილს ს. შ-ემ, ხარვეზის შევსების მიზნით, №4923/09 და №58900 განცხადებებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს და წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ ს. შ-ეს 2023 წლის 27 თებერვლის განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, გამოითხოვა ინფორმაცია უფლებამოსილი ორგანოებიდან. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2023 წლის 13 მარტის MIA 1 23 00711282 წერილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ს. შ-ეს მიმართ გაძევების პროცედურა არ მიმდინარეობს. საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №00001763 წერილის მიხედვით, ს. შ-ეს შესახებ საქართველოს დაზვერვის სამსახურს ინფორმაცია არ გააჩნია. ასევე, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წლის 22 მარტს წერილობით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მოითხოვა ს. შ-ესათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მარტის SSG 3 23 00073920 წერილით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ს. შ-ესათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მიზანშეუწონლად მიაჩნდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წლის 11 აპრილს ს. შ-ესათვის მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე მოამზადა უარყოფითი დასკვნა. დასკვნის თანახმად, არსებობს ს. შ-ესათვის ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნული დასკვნა გაიგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2023 წლის 11 აპრილს, ხოლო პრეზიდენტის მიერ სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ზოგადი პროცედურის მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირი ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებას წარუდგენს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის 24-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. კომისია შედგება 6 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. კომისიის 2 წევრი (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე) ინიშნება სააგენტოს თანამშრომლებისაგან, 2 წევრი − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და 2 წევრი − საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეებისაგან, ამ უწყებების წარდგინებით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით.
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულება ადგენს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა (საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა) და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის (საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა), სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აგრეთვე საპატიო მოქალაქეობის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის, მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების, მათი კონტროლისა და მოქალაქეობის საკითხთა სტატისტიკის წარმოების წესებს, ასევე საქართველოს ერთგულების ფიცის ტექსტსა და შესაბამისი განცხადებების ფორმებს.
აღნიშნული დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განმცხადებლის მიერ განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში სააგენტო კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით – საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვისას, კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის ფაქტის დადასტურების მიზნით – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან განმცხადებლის მიერ მითითებულ სხვა ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც დაადასტურებს მის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების ფაქტს. ამავე დებულების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო ადგენს დაინტერესებული პირის სამართლებრივ კავშირს საქართველოსთან. მითითებული დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია უგზავნის შესაბამის მასალებს სააგენტოს, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქმეზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მოსამზადებლად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას გამოვლინდა კანონის 211 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, სააგენტო ამზადებს უარყოფით დასკვნას. მე-4 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, ასევე, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ, ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთი გარემოებებზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისი არის პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას (სუსგ №ბს-1248(კ-20), 30.09.2021წ.).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 12 სექტემბრის მიმართვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ეთხოვა, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა ინფორმაცია/მასალები (მათ შორის, საიდუმლო), რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ინფორმაციის გაცემას და მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მიზანშეუწონლად მიჩნევას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის/მასალების (სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის) გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებას შეიძლება მიეკუთვნოს ინფორმაცია სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობების შესახებ („დ.ა“ ქვეპუნქტი). ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის გასაიდუმლოება ხდება მისთვის შესაბამისი საიდუმლოების გრიფის მინიჭებით. განსახილველ შემთხვევაში, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მონაცემები, რომლებიც საფუძვლად დაედო კასატორის მიმართ მოქალაქეობის აღდგენაზე უარყოფითი დასკვნის გამოცემას გასაიდუმლოებულია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ეროვნული უშიშროებისათვის საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი, ქმედებები, რომლებმაც პირის უფლებებში ჩარევა გამოიწვია, უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონტროლს, რომელიც უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი, კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება შეეძლება („Al-Nashif v. Bulgaria“ §123, Chahal v. the United Kingdom“ §127, 145), რაც განსახილველ შემთხვევაში განხორციელდა სასამართლოების მიერ.
რაც შეეხება კასატორის აპელირებას ბავშვის ინტერესების დაცვის უგულებელყოფასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ერთმანეთს დაუპირისპირდეს, ერთი მხრივ, ოჯახის ერთიანობისა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვის უფლება, ხოლო მეორე მხრივ, ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებისათვის პირის ამ უფლებაში ჩარევის თანაზომიერება და აუცილებლობა. ამდენად, სასამართლო ვალდებულია ყველა მსგავს შემთხვევაში გადაწყვეტილება სწორედ ამ ორი საკითხის ურთიერთშეპირისპირების შედეგად მიიღოს, რაც ერთ შემთხვევაში გულისხმობს ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში თანაზომიერი და აუცილებელი ჩარევის კანონიერად მიჩნევას, ხოლო მეორე შემთხვევაში - მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევის არათანაზომიერად/არააუცილებელ ღონისძიებად მიჩნევას (Jeunesse v. The Netherlands, დიდი პალატა, №12738/10, 3 ოქტომბერი, 2014წ. ; Liu v. Russia №42086/05, 6 დეკემბერი, 2007წ. ; Nunez v. Norway, №55597/09, 28 ივნისი, 2011წ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვა ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოსთვის და მათ შორის სასამართლოსთვის პრიორიტეტულია. განსახილველ შემთხვევაში კი დასტურდება, რომ მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილები არიან საქართველოს მოქალაქეები და ცხოვრობენ საქართველოში, თუმცა არ დასტურდება სადავო აქტის არასრულწლოვანი პირის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფით მიღების ფაქტი, რამეთუ წინამდებარე შემთხვევაში არსებობდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით უარყოფითი დასკვნის გამოცემის კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, მ. ზ-ეს ს. შ-ეს საკასაციო საჩივარზე 11.07.2025წ. №9839 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. ზ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. შ-ეს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება;
3. მ. ზ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ს. შ-ეს საკასაციო საჩივარზე 11.07.2025წ. №9839 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე