საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-831(კ-23) 3 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი. ბ-ემ სარჩელით მიმართა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის 23.02.2021 წლის №კ14 ბრძანება დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ და 25.02.2021 წლის №კ18 ბრძანება სამსახურიდან ჩამოშორების შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 30.03.2021 წლის №01 დასკვნა; გ) ბათილად იქნეს ცნობილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის 31.03.2021 წლის №კ-38 ბრძანება, ი. ბ-ე აღდგენილ იქნეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ...ის თანამდებობაზე და მიეცეს ყოველთვიური ანაზღაურება იძულებითი მოცდენილი დროისთვის 2021 წლის 1 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენის დღემდე თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
2. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. ბ-ის მიერ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინებით ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-ემ.
საკასაციო საჩივრის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის გათვალისწინებით, ი. ბ-ეს ჰქონდა ოქმის შედგენის უფლება და შესაბამისად, სასამართლოს მიერ არ არის დასაბუთებული გასცდა თუ არა ი. ბ-ე უფლებამოსილების ფარგლებს. ასევე შეფასების გარეშეა დატოვებული მერიის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს და მისი სტრუქტურული ერთეულების, უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე, შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი ურთიერთობების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და კონვენციები. მოცემული კონვენცია მოიცავს რეგულაციას, თუ რა ჩაითვლება მუშაკის უკანონო დათხოვნად, ისევე როგორც - რა არ ჩაითვლება. კონვენციის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, მუშაკის დათხოვნის გონივრული საფუძველი კავშირში უნდა იყოს: ა) მუშაკის არაკომპეტენტურობასთან ან/და არასათანადო ქცევასთან ან ბ) უნდა მომდინარეობდეს საწარმოს, დაწესებულების თუ მათი სერვისის ოპერაციული საჭიროებიდან. საქართველოს საკონსტუტიციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილებაში მოცემული განმარტების თანახმად, კონსტიტუციის პირველი პუნქტით დაცულია არამარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება - განახორციელო და შეინარჩუნო ეს სამუშაო.
კასატორის განმარტებით, დისციპლინური წარმოების ფარგლებში სხდომის თავმჯდომარე ვალდებული იყო უზრუნველეყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე და დაინტერესებული მხარისთვის მიეცა საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი არ იყო მიწვეული ზეპირ მოსმენაზე და შესაბამისად, არ ესწრებოდა 2020 წლის 30 მარტის სხდომას. მან ვერ შეძლო კანონით მისთვის გარანტირებული შუამდგომლობების წარდგენის უფლების განხორციელება, ვერ გამოხატა თავისი პოზიცია გამოკითხული პირების მიერ მიცემული განმარტებების შესახებ და ვერ შეძლო მათი გამაქარწყლებელი მტკიცებულებების/არგუმენტების წარდგენა. ი. ბ-ეს გაცხადებული ჰქონდა თანხმობა წარმოებაში მონაწილეობის მიღებაზე (ამას ადასტურებს მისი 26.03.2021 წლის ახსნა-განმარტება), შესაბამისად, კომისიის სხდომაზე მოსარჩელის მიუწვევლობა განსახილველი საქმის მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევაა. კომისიამ დაარღვია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 92-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, მოსარჩელეს არ ჩააბარა №01 დასკვნა, რითაც შეუზღუდა როგორც ფაქტობრივად, ისე სამართლებრივად შრომის უფლება და არ მისცა ამ უფლების დაცვის საშუალება. დასკვნა დაუყოვნებლივ - 30 მარტს გადაეგზავნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს. მერმა 31 მარტს გამოსცა ბრძანება და მხოლოდ ამის შემდეგ გაეგზავნა დასკვნა მოსარჩელეს, რომელსაც არ განუმარტეს დასკვნაზე მოსაზრების წარდგენის უფლება. კომისიამ დასკვნის მიღების დროს არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ არ არის დაცული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებული თანაზომიერების პრინციპი. ი. ბ-ის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო სამსახურებრივი მოვალეობების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობის საფუძვლით. ნათელია, რომ ბრალის ორივე ფორმა ერთდროულად ვერ იარსებებს. დასკვნის მიღების დროს კომისიას დასაბუთებულად უნდა ემსჯელა ბრალის შესახებ და უტყუარად და არა ვარაუდის საფუძველზე დაედგინა ბრალეულობა. სასამართლომ დათვალიერების ოქმის ხელმოწერის ნაწილში დაადგინა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი. ადმინისტრაციული ორგანო ვერ უთითებს მოხელის ბრალის ფორმაზე, თუმცა სასამართლომ გამოასწორა ადმინისტრაციული ორგანოს „ხარვეზი“ და დაადგინა ი. ბ-ის განზრახი ქმედება, რაც წარმოადგენს შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპის დარღვევას.
მერის 05.08.2020 წლის №1229 ბრძანებით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მერიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირად 1.1. პუნქტის თანახმად, განისაზღვრა ი. ბ-ე, ხოლო ბრძანების მე-3 პუნქტით მოსარჩელეს დამატებით დაევალა საჯარო რეესტრიდან შესული წერილების უფლებამოსილ პირებზე გადამისამართება, მათ მიერ შედგენილი ოქმების შესაბამისად ცნობის მომზადება და გადაგზავნა საჯარო რეესტრში. 08.04.2020 წლის №750 ბრძანებით შეიცვალნენ ადგილზე დათვალიერების ოქმის შემდგენი პირები, კერძოდ, ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენის უფლებამოსილება ჩამოერთვათ მერის ადგილობრივ წარმომადგენლებს და ნაცვლად წინა ბრძანებით განსაზღვრული 22 პირისა, ბრძანებაში მითითებულ 15 პირს ჰქონდა უფლება ხელი მოეწერა ოქმზე. მნიშვნელოვანია, რომ ბრძანებაში მითითებული არცერთი პირი არ იყო რომელიმე სოფელში წარმომადგენელი - ისინი არიან მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლები (ხელმძღვანელები). ბრძანებაში თითოეული პირის სამოქმედო ტერიტორია არ იყო განსაზღვრული, რაც უფლებამოსილ პირებს აძლევდა საშუალებას ნებისმიერ სოფელში შეედგინათ ოქმი. ბრძანების მე-3 პუნქტით კვლავ ძალაში დარჩა ი. ბ-ის დამატებითი უფლებამოსილება წერილების (ცნობების) შედგენის და გაგზავნის შესახებ. ბრძანების მე-2 მუხლი ბუნდოვანია, მასში ნათლად და გარკვევით არ არის განსაზღვრული, რომ მითითებული პირები ოქმს ადგენენ, გაორებულია ფუნქციები სხვადასხვა პირებს შორის.
დასკვნის თანახმად, ი. ბ-ის მიერ ჩადენილია შემდეგი დარღვევა: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 10.01.2020 წელს შევიდა №... წერილი, რომელიც ეხებოდა ზ. ნ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთს და რეესტრი ითხოვდა დადასტურებას, იყო თუ არა აღნიშნული ნაკვეთი ზ. ნ-ზე საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემული. სასამართლოს მიერ არასწორად არის დადგენილი როგორც წერილის შესვლის დრო, ასევე, ი. ბ-ისთვის გადაცემამდე წერილის კანცელარიაში მოძრაობის დრო და ზ. ნ-ის წერილის განმხილველი პირი. წერილი 2020 წლის ივლისში დაეწერა ი. ბ-ეს, რომელმაც თავის წერილობით ახსნა-განმარტებებში დეტალურად აღწერა ზ. ნ-ის საქმე. კომისიამ არ იმსჯელა ახსნა-განმარტებაში მოცემული გარემოებების შესახებ. №750 ბრძანების თანახმად, ი. ბ-ე იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი. ოქმის შედგენის ნაწილში ი. ბ-ის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობაზე კომისიის მსჯელობა საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება ოქმის შევსების ე.წ. „ხარვეზებს“, კომისია აღნიშნავს, რომ ოქმი შედგა მერის წარმომადგენლის (რ. მ-ის) მონაწილეობის გარეშე. საყურადღებოა, რომ დასკვნაში მოხვდა რ. მ-ის ზეპირი განმარტება, რომლის მიხედვით, ის ადასტურებს, რომ სოფელ წ...ში ადგილზე დათვალიერების დროს იმყოფებოდნენ, შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის თანამშრომლები ბ. დ-ე, კ. ნ-ე, ი. ბ-ე, დეპუტატი - დ. მ-ი და სოფლის მაცხოვრებლები. ის აღნიშნავს, რომ საქმე სადავო იყო და მასში არ ჩაერეოდა და არც ოქმს მოაწერდა ხელს. უფრო მეტიც, ის ადასტურებს, რომ შეხვედრას ბოლომდე არ დასწრებია. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ შედგენილ დათვალიერების ოქმზე არ არის მისი ხელმოწერა და არც დამსწრე პირებში არ არის მითითებული, რადგან შეხვედრა დროზე ადრე დატოვა.
დასკვნაში მითითებულია, რომ ი. ბ-ემ დათვალიერებაში მონაწილე პირების შერჩევისას არ გაითვალისწინა მათი ასაკი და გარემოებები, კერძოდ, ისინი ვერ დაადასტურებდნენ და არ შეიძლება სცოდნოდათ აღნიშნული მიწის ნაკვეთი იყო თუ არა გაცემული იმ პერიოდში, როდესაც საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად მიწის რეფორმა განხორციელდა (1992-1999წწ.). აღსანიშნავია, რომ დათვალიერებაში მონაწილე პირები ი. ბ-ეს არ შეურჩევია, მათ თვითონ გამოთქვეს მონაწილეობის მიღების სურვილი. დასკვნის მიხედვით, ნ. მ-ი და გ. კ-ე არ ყოფილან გამოკითხული, არც რომელიმე განმარტების მიმცემი პირი მიუთითებდა დამსწრეების ასაკის შესახებ. საქმის მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია დამსწრე პირების ასაკის შესახებ. ამდენად, ჯერ კომისიის და შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოხდა ისეთი საკითხის გამოყენება, რომელიც არ ყოფილა გამოკვლეული და დადგენილი კანონით გათვალისწინებული წესით.
ზ. ნ-ის საკითხთან დაკავშირებით კომისიამ ი. ბ-ის მხრიდან დარღვევად ჩათვალა: მოსარჩელემ არ მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ მიწის ნაკვეთი მოიცავდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის ნაწილს (...), მისი გაცემული ცნობა კი, გახდა საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძველი. საქმეში არ არის მტკიცებულება, რომ გზის ნაწილი მოქალაქეს დაურეგისტრირდა საკუთრებაში. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი გზას არ მოიცავს, ასევე, დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის საკუთრებას და იყო სახელმწიფო საკუთრებაში. ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დასკვნის ეს ნაწილიც დასაბუთების და გამოკვლევის გარეშე მიიღო.
რაც შეეხება დასკვნაში მოყვანილ მეორე ფაქტს - ვ. დ-ის საქმეს, დასკვნაში აღნიშნულია: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.09.2020 წლის №... წერილზე (რომლითაც რეესტრი ითხოვდა დადასტურებას სოფ. ...ში აღნიშნული მიწის ნაკვეთი იყო თუ არა ვ. დ-ეზე გაცემული, როგორც საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობი მიწის ნაკვეთი), სადმელის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ზ. ტ-ის მიერ აიტვირთა ორი ურთიერთსაწინააღმდგო დათვალიერების ოქმი, რის საფუძველზე ი. ბ-ემ გასცა ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობა. მიუხედავად მცდელობისა, კომისიამ ვერ განსაზღვრა ამ დარღვევაში ი. ბ-ის ბრალის ხარისხი და საერთოდ არ დაწერა პოზიცია ბრალის შესახებ. სასამართლომ ამ ფაქტის ირგვლივ ჩათვალა, რომ ადგილი აქვს გაუფრთხილებლობას, თითქოს აპელანტს შეეძლო გაცემული წერილების ურთიერთშედარება და შეცდომის აღმოჩენა. საყურადღებოა, რომ ზ. ტ-ემ პირველი ოქმი ატვირთა 2020 წლის 4 დეკემბერს და მის საფუძველზე პირველი ცნობა №7876 ი. ბ-ემ გასცა 25.12.2020 წელს. ზ. ტ-ემ მეორე (გადასწორებული ოქმი) ატვირთა 2021 წლის იანვარში და ი. ბ-ემ 2021 წლის 22 იანვარს ოქმის საფუძველზე გასცა მეორე - №214 ცნობა . 1-დან 22 იანვრამდე პერიოდში ი. ბ-ეს უკვე გაცემული ჰქონდა 214 ცნობა საჯარო რეესტრისთვის და ამ ოდენობის ცნობის ფარგლებში, ი. ბ-ე მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაეხსენებინა რომელიმე დათვალიერების ოქმი და მის საფუძველზე წინა წლის დეკემბერში გაცემული ცნობა. საქმის მასალების მიხედვით, არ დგინდება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა რაიმე სახის ბაზა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ოქმების და წერილების შედარება. აქვე აღსანიშნავია №750 ბრძანება, რომლის თანახმად წერილების მომზადება რამდენიმე პირის მოვალეობაში შედის. საქმის მასალების მიხედვით, არ არის დადგენილი კონკრეტული წერილი ი. ბ-ემ მოამზადა თუ სხვა პირმა და ი. ბ-ეს მხოლოდ ხელმოსაწერად გადაეცა. თუ ი. ბ-ემ ხელი მოაწერა წერილს და სასამართლოს განმარტებით, მას სხვა ვალდებულება არც ჰქონდა, გაუგებარია, რატომ აკისრებს სასამართლო პასუხისმგებლობას მოსარჩელეს სხვის მიერ შედგენილი ოქმის და წერილის სიზუსტეზე. თუ ხელმოწერა მოიცავს ნამდვილობის გადამოწმებასაც, ი. ბ-ე ყველა ოქმის შედგენას უნდა ესწრებოდეს ადგილზე და უშუალოდ დარწმუნდეს, რომ მიწის ნაკვეთი გამოყოფილია მეურნეობის მოსაწყობად. თუ მხოლოდ ხელმოწერა ევალება, მაშინ მან პასუხი არ უნდა აგოს წერილის საფუძვლად გამოყენებული ოქმის სისწორეზე და წერილის შინაარსზე. თუ ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი პირი ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, პირადად შეამოწმებს მისი ქვემდებარე თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში უკვე გადამოწმებულ დოკუმენტაციას, განმეორებით გამოიკვლევს საქმის გარემოებებს, მაშინ აზრს კარგავს საჯარო მოხელეთა არსებობა და ხელმძღვანელ პირს შეუძლია ერთპიროვნულად შეასრულოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული ყველა უფლებამოსილება.
განსახილველ საქმეზე გადაცდომის დადგენილად მიჩნევის შემთხვევაშიც, არ არსებობს გადაცდომის მძიმე შედეგი. ზ. ნ-ის შემთხვევაში მიწის ნაკვეთი, რომლის სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასაც ითხოვდა, დაურეგისტრირდა საკუთრებაში საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით. მერიამ მიმართა საჯარო რეესტრს და რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა. რეესტრმა უარი თქვა რეგისტრაციის გაუქმებაზე, რადგან უძრავი ქონება ზ. ნ-ს გასხვისებული ჰქონდა. მერიამ არ აღძრა სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით და ამ დრომდე არ აქვს დადგენილი, რა სახის და რა ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტს, ასევე, არ არის გამოკვლეული, რატომ მიადგა მუნიციპალიტეტს ზიანი მაშინ, როცა მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტის საკუთრება არ იყო. რაც შეეხება ვ. დ-ის საქმეს, შედეგი საერთოდ არ არსებობს - საჯარო რეესტრმა მიწის ნაკვეთის ვ. დ-ის საკუთრებად რეგისტრაციაზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო და წარმოება შეწყდა.
კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის საკითხზე და რადგან მის მიმართ ერთხელ იყო დისციპლინური სახდელი გამოყენებული, ჩათვალა, რომ ი. ბ-ემ ჩაიდინა მძიმე დისციპლინური გადაცდომა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის და დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ახალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენა არ არის მძიმე დარღვევა, მძიმე დარღვევა შეიძლებოდა ყოფილიყო მეორე დისციპლინური გადაცდომისათვის მეორე სახდელის მიღება, რაც არ შეუფასებია სასამართლოს.
კასატორის განმარტებით, საყურადღებოა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები, კერძოდ, ი. ბ-ის შეფასება 2020 წლის მონაცემით არის 3 – „კარგი“ (მაქსიმალური ქულა არის 4). ამასთან, კომისიის დასკვნა არ მოიცავს მსჯელობას, რა მიზეზით იქნა „ჩადენილი“ დისციპლინური გადაცდომა. ასევე, კომისიამ თავი აარიდა მსჯელობას დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობასა და აღნიშნულისათვის გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობაზე.
კასატორის განმარტებით, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მიწის კომისიის საქმიანობის შესწავლა დაიწყო ანტიკორუფციული სააგენტოს წერილის მიღების შემდეგ. დისციპლინური წარმოების მასალებით ირკვევა, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს წერილი თარიღდება 10.02.2021 წლით, ხოლო ამბროლაურის მერმა მიწის კომისიის საქმიანობის გადამოწმება მერის მოადგილეს 2 დღით ადრე - 8 თებერვალს დაავალა. ამასთან, ანტიკორუფციულმა სააგენტომ მოითხოვა მიწის კონკრეტული კოდების შესახებ მასალების გადაცემა, რათა შემდგომში თავად ეწარმოებინა გამოძიება. ეს არ იყო კონკრეტულად ი. ბ-ის საქმის გამოძიების მოთხოვნა მათი მხრიდან, არამედ მოთხოვნილი იყო კონკრეტული საკადასტრო კოდები და ანტიკორუფციული სააგენტოსთვის საინტერესო მიწის ნაკვეთებზე დარღვევა ვერ იქნა აღმოჩენილი. საყურადღებოა, რომ დისციპლინური წარმოება დაიწყო არამხოლოდ ი. ბ-ის, არამედ სხვა პირების მიმართაც, რომლებიც ადგენდნენ დოკუმენტებს მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით. საქმის მასალებით დგინდება, რომ სხვა საჯარო მოხელეების მიმართ, რომელთაც დაუფიქსირდათ 3-4 შემთხვევა, როცა მიწის ნაკვეთი არასწორად გადასცეს მოქალაქეებს საკუთრებაში, გამოყენებული სახდელი არის გაფრთხილება ან საყვედური. არც ერთი მათგანი არ იქნა გათავისუფლებული თანამდებობიდან, ი. ბ-ის გარდა.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა გარემოება, რომ ი. ბ-ეს არ სურდა დისციპლინური კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მიღება. ი. ბ-ემ სარჩელის აღძვრისთანავე აცნობა კომისიას, რომ მის მიერ სარჩელის წარდგენა აჩერებდა სადავო ადმინისტრაციული აქტების მოქმედებას და კომისიის მიერ სხდომის დანიშვნა და ჩატარება იქნებოდა უკანონო. 17.03.2021 წელს ი. ბ-ემ განცხადებით მიმართა მერს და აცნობა სარჩელის შეტანის და სადავო აქტების შეჩერების შესახებ. 18 მარტის პასუხის თანახმად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიჩნია, რომ აქტის გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინურ წარმოებას. აქედან გამომდინარე, ი. ბ-ემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სადავო აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ. 19.03.2021 წლის განჩინებით ი. ბ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ამდენად, რადგან სადავო აქტები არ შეჩერდა, ი. ბ-ემ გააგრძელა კომისიის მოთხოვნების შესრულება და ბოლო სხდომის დროისათვის (30 მარტი) ი. ბ-ეს თანხმობა ჰქონდა გაცხადებული წარმოებაში მონაწილეობის მიღებაზე. კომისიის 30 მარტის სხდომის შესახებ კომისიას მოსარჩელისთვის არ უცნობებია.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ადგილზე დათვალიერების ოქმს ხელს არ აწერენ ის პირები, რომლებიც მითითებულნი არიან ოქმში. საქმის მასალების მიხედვით, სადავოდ არ გამხდარა ადგილზე დათვალიერების ოქმზე ხელმოწერის საკითხი. სადავო გახდა სოფლის მოსახლეობის შეკრების დროს შედგენილ ოქმზე ხელმოწერების ნამდვილობა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მაცხოვრებელთა შეკრება და მისი მიმდინარეობის ამსახველი ოქმი არ არის რაიმე სამართლებრივი დოკუმენტი და არ ყოფილა გამოყენებული სამართლებრივი შედეგის მისაღწევად. კომისიამ ჩატარებული გამოკითხვებით დაადგინა, რომ კრებაზე სოფლის მაცხოვრებლების ნაწილის ხელმოწერა არის, ხოლო ნაწილი აცხადებს, რომ ხელი არ მოუწერია. შეკრების ოქმზე ხელმოწერების ნამდვილობის დასადგენად კანონით გათვალისწინებული ზომები არ იქნა მიღებული. საქმის მასალების მიხედვით, არ დგინდება ჩატარდა თუ არა გამოძიება და გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ თუ არა ხელმომწერი პირები, ჩატარდა თუ არა კალიგრაფიული ექსპერტიზა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2014 წლიდან ი. ბ-ე დასაქმებული იყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ...ის თანამდებობაზე, ხოლო 2017 წლის ნოემბრიდან გადაყვანილ იქნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ...ად (ტ.2, ს.ფ 52-53, 54-55); ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის (ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ) საფუძველზე, ი. ბ-ეს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება (ტ.2, ს.ფ 318-319); დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაიწყო გამოძიება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებზე მიწის უკანონოდ საკუთრებაში გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით (ტ.1, ს.ფ 155, 156-158); ე) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 23 თებერვლის №კ14 ბრძანებით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, სამსახურეობრივი მოვალეობის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობის საფუძვლით, დაიწყო დისციპლინური წარმოება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეების მიმართ, მათ შორის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის - ი. ბ-ის მიმართ. დისციპლინურ წარმოებას საფუძვლად დაედო მერიის მოადგილის №326 შუალედური ანგარიში, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების შესაბამისად, მერიის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმებისა და ცნობების შესწავლის შემდგომ აღმოჩენილი დარღვევების თაობაზე, რომელთა საფუძველზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ტ.2, ს.ფ 71-72, 74-77); ვ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 2 მარტის №359 ბრძანებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2021 წლის 23 თებერვლის №კ14 ბრძანებით დაწყებული დისციპლინური წარმოების განხორციელების მიზნით შეიქმნა დამოუკიდებელი დისციპლინური კომისია (ტ.2, ს.ფ 276-277); ზ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 25 თებერვლის №კ18 ბრძანებით ი. ბ-ე დისციპლინური წარმოების განმავლობაში ჩამოშორდა სამსახურს და შეუჩერდა სამსახურეობრივი უფლებამოსილება (ტ.1, ს.ფ 164-165); დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის მიერ ი. ბ-ეს გაეგზავნა დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია, განემარტა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 92-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები და ამავე კანონის 91-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცა წინადადება 3 სამუშაო დღის ვადაში წარედგინა წერილობითი ახსნა-განმარტება ( ტ.2, ს.ფ 87-88); 2021 წლის 17 მარტს ი. ბ-ემ განცხადებით მიმართა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს და აცნობა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას 2021 წლის 19 მარტს დანიშნულ სხდომაში მონაწილეობაზე, იმ საფუძვლით რომ 2021 წლის 23 თებერვლის №კ14 ბრძანება გასაჩივრებული ჰქონდა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (ტ.1, ს.ფ 29); 2021 წლის 24 მარტს ი. ბ-ეს გაეგზავნა 2021 წლის 19 მარტის №04 სხდომის ოქმის ამონაწერი და განემარტა უფლება სამი დღის ვადაში წარედგინა მოსაზრებები (ტ.2, ს.ფ 288, 289-291); 2021 წლის 26 მარტს მოსარჩელემ ახსნა-განმარტების სახით დისციპლინურ კომისიას წარუდგინა მოსაზრებები (ტ.2.ს.ფ. 239-244); 2021 წლის 31 მარტს მოსარჩელეს გაეგზავნა 2021 წლის 30 მარტის დისციპლინური კომისიის დასკვნა (ტ.2, ს.ფ 333); ე) დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2021 წლის 30 მარტის №01 დასკვნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა რეკომენდაცია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ...ს ი. ბ-ეს, სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ და გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობისათვის დაეკისროს მძიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება. 2021 წლის 30 მარტის №01 დასკვნაში აღნიშნულია, რომ დისციპლინური წარმოების პერიოდში ი. ბ-ემ 2021 წლის 25 თებერვლის №373 წერილის საფუძველზე, 2021 წლის 1 მარტს წარადგინა ახსნა-განმარტება, ელექტრონული ფოსტის (E-mail) მეშვეობით, სადაც განმარტავს, რომ 2020 წლის ივლისის დასაწყისში ზ. ნ-ი ქალიშვილთან და რძალთან ერთად მივიდა მერიაში. ისინი მოითხოვდნენ სოფელ წ...ში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, რომელსაც წლების მანძილზე უვლიდნენ. საკითხის შესასწავლად ი. ბ-ე წავიდა ადგილზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლებთან, კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელთან კ. ნ-ესთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების მართვის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტ ბ. დ-ესთან ერთად, სადაც წესის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის - რ. მ-ის დახმარებით მოიწვიეს კრება და შეადგინეს კრების ოქმი. რ. მ-ი ვერ შეადგენდა დათვალიერების ოქმს, რადგან იმ პერიოდისათვის არ იყო უფლებამოსილი პირი, ხოლო თავად სხვა უფლებამოსილ პირებთან ერთად ითვლებოდა დათვალიერების ოქმის შემდგენ პირად. საკითხი აღმოჩნდა რთული, რის გამოც რ. მ-მა დათვალიერების ოქმზე ხელმოწერისაგან თავი შეიკავა. 2020 წლის 18 სექტემბრის №... წერილთან დაკავშირებით (ვ. დ-ის საქმე) ი. ბ-ემ აღნიშნა, რომ რეესტრში გაიგზავნა ორი ცნობა, რომლებიც შედგა ზ. ტ-ის დათვალიერების ოქმის საფუძველზე. ვინაიდან მისი სამსახურებრივი ფუნქციები შრომატევადია და მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმის წარმოება მძიმე ტვირთად აწვა, ამ პროცესში გაეპარა ხარვეზი, თუმცა სამსახურეობრივ მოვალეობას გულგრილად და გაუფრთხილებლად არ მოჰკიდებია. ი. ბ-ემ განმარტა, რომ მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია არ ჰქონდა, არც ტრენინგები ჩატარებია და არ იცოდა, რომ დათვალიერების ოქმში უნდა შეევსო ინფორმაცია მოსაზღვრეების შესახებ. არ დაეთანხმა კანონის დარღვევას სამსახურებრივი მოვალეობების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობის მოტივით და მოითხოვა საკითხის გულისხმიერად შესწავლა. 2021 წლის 9 მარტს №1209 წერილით ი. ბ-ეს ეთხოვა საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით ზეპირი ახსნა-განმარტების წარდგენა. 2021 წლის 17 მარტის №2250 და 19 მარტის №2320 განცხადებებში ი. ბ-ემ აღნიშნა, რომ 19 მარტს ახსნა-განმარტების წარმოსადგენად არ გამოცხადდებოდა. 2021 წლის 24 მარტს, ი. ბ-ეს გაეგზავნა ამონაწერი დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2021 წლის 19 მარტის სხდომის №04 ოქმიდან, რაზედაც მან წარადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება (№2536, 26.03.2021 წ.), სადაც აღნიშნა, რომ სოფელ წ...ში მოსახლეობის კრების ოქმი ხელით შეადგინა, მერიაში ს. ბ-ეს დააბეჭდინა და კრებაზე დამსწრე პირებს ხელი დ. მ-ის დახმარებით მოაწერინა. წარმოების პერიოდში ზეპირი ახსნა-განმარტება ჩამოერთვათ საქმესთან დაკავშირებულ პირებს: ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელ კ. ნ-ეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ქონების მართვის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტს - ბ. დ-ეს, მერის წარმომადგენელს წესის ადმინისტრაციულ ერთეულში - რ. მ-ს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს - დ. მ-ს, ქალაქ ამბროლაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მესამე კატეგორიის უმცროს სპეციალისტს - ს. ბ-ეს და სოფელ წ...ში მცხოვრებ კ. დ-ეს (გ-ს). კ. ნ-ემ აღნიშნა, რომ ი. ბ-ის ინიციატივით, მასთან და ბ. დ-ესთან ერთად წავიდა სოფელ წ...ში ადგილზე საკითხის შესასწავლად, სადაც მერის წარმომადგენელმა დაახვედრა: ლ. გ-ი, კ. გ-ი, ზ. ნ-ი და სავარაუდოდ მისი ქალიშვილი. ასევე შეხვედრას ესწრებოდა დეპუტატი დ. მ-ი. კ. გ-ი და მეზობელი მიწის ნაკვეთის მფლობელი ლ. გ-ი ადასტურებდნენ, რომ ზ. ნ-ი წლების მანძილზე უვლიდა და პატრონობდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს. მანვე დამატებით აღნიშნა, რომ დათვალიერების ოქმის შესახებ არაფერი იცის და შესაბამისად, ხელიც არ მოუწერია. რ. მ-მა აღნიშნა, რომ სოფელ წ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი არავის ეკუთვნოდა, მის მახსოვრობაში ის არც ვენახისთვის და არც სხვა საოჯახო მეურნეობისთვის ყოფილა გამოყენებული. თუმცა ისიც ახსოვს, რომ დიდი ხნის წინ, კომუნისტების დროს, ზ. ნ-მა ამ ადგილზე მიწა გამოიღო და გამოასუფთავა. მოგვიანებით აღნიშნული მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტმა მოხრეშა, რადგან მოსახლეობას სურდა აქ მოწყობილიყო ავტომანქანების დასაყენებელი ადგილი, ვინაიდან საეკლესიო დღეებში პრობლემური ხდებოდა მანქანის გაჩერება. მიუთითა, რომ ეს საქმე სადავო იყო, მასში არ ჩაერეოდა და არც ოქმს მოაწერდა ხელს. საკითხთან დაკავშირებით სოფ. წ...ში შეხვედრას ესწრებოდნენ: მერიის თანამშრომლები - ბ. დ-ე, კ. ნ-ე, ი. ბ-ე, ასევე დეპუტატი დ. მ-ი და სოფელ წ...ში მცხოვრები ზ. ნ-ი, ლ. გ-ი და კ. გ-ი. სხვა მას არ ახსოვს, რადგან შეხვედრას ბოლომდე არ დასწრებია. ბ. დ-ემ აღნიშნა, რომ ზ. ნ-ის საქმეს მანამდეც იცნობდა, რადგან აღიარების კომისიაზე ჰქონდა განცხადება შეტანილი. კანონის მიხედვით აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარებოდა აღიარებას, რადგან შენობა-ნაგებობა არ იდგა და არც საკუთრებაში არსებულის მომიჯნავე იყო. შესაბამისად აღიარების კომისიამ უარი უთხრა ზ. ნ-ს ამ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე. ასევე აღნიშნა, რომ განცხადების ხელმეორედ შემოტანაზე არაფერი იცოდა. ამის შემდეგ, ქალბატონი ი. თხოვნით წავიდა სოფელ წ...ში კ. ნ-ესთან, ი. ბ-ესთან და ს. ბ-ესთან ერთად. იქ დახვდათ მერის წარმომადგენელი რ. მ-ი, დეპუტატი დ. მ-ი და შეკრებილი მოსახლეობა (სულ შეხვედრას ესწრებოდა დაახლოებით 15-16 კაცი). მხოლოდ მოისმინეს შეხვედრაზე მყოფი მოსახლეობის ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, თავად კომენტარი არ გაუკეთებიათ. კრებაზე დამსწრეები ადასტურებდნენ, რომ ზ. ნ-ი ეპატრონებოდა და უვლიდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთს, რადგან მათი თქმით ეს იყო მამა-პაპისეული ადგილი, რომელიც არ ყოფილა შემოკავებული და დამუშავების კვალი არ ეტყობოდა. რაც შეეხება კრების ოქმს და დათვალიერების ოქმს არ იცის როდის შედგა და არც უნახავს. დ. მ-მა აღნიშნა, რომ სოფელ წ...ში ...ის მიმდებარედ, ზ. ნ-ი ფლობდა და უვლიდა მიწის ნაკვეთს. 90-იან წლებში ტრაქტორით გამოიღო მიწა და მოასწორა, მას შემდეგ პატრონობდა ამ ადგილს, რასაც ეთანხმებოდნენ გამოკითხული სოფლის მაცხოვრებლები: ლ. გ-ი და კ. გ-ი. რაც შეეხება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ დათვალიერების ოქმს, მონაწილეობა აქვს მიღებული, როგორც დათვალიერებაში მონაწილე პირს, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. მოსახლეობის კრებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შეხვედრას ესწრებოდა, კრების ოქმის შინაარსსაც ეთანხმება, მაგრამ ხელმოწერა მისი არ არის. რაც შეეხება კრების ოქმზე ხელმოწერებს, აღნიშნა, რომ კრების ოქმი არ უნახავს და ი. ბ-ეს კრების ოქმზე ხელმოწერების განხორციელებაში არ დახმარებია. ს. ბ-ემ აღნიშნა, რომ სოფელ წ...ში მცხოვრებ ზ. ნ-ის საქმესთან დაკავშირებით მოსახლეობის კრებაზე არ ყოფილა, ოქმის ტექსტი არ შეუდგენია, მაგრამ ი. ბ-ის დავალებით ხელი მოაწერა. კ. გ-მა (დ-ემ) აღნიშნა, რომ 2012 წლიდან ატარებს მეუღლის გვარს და არის გ-ი. რაც შეეხება მოსახლების კრებას ზ. ნ-ის საქმესთან დაკავშირებით, არ დასწრებია და არც ხელი მოუწერია. დისციპლინური წარმოების პერიოდში მოქალაქე ზ. ნ-ის ქალიშვილმა, მ. ნ-მა განცხადებით (01.03.2021წ. №1745) მიმართა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს, ზ. მ-ეს, სადაც აღნიშნავდა, რომ მისი მამა - ზ. ნ-ი მიწის ნაკვეთს უვლიდა და პატრონობდა, მაგრამ რადგან არ ჰქონდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიმართა აღიარების კომისიას, რომელმაც უარი უთხრა, ხოლო განმეორებით განცხადების შეტანის შემდეგ, ი. ბ-ემ გაითვალისწინა მისი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ ადმინისტრაციული სამსახურიდან 2021 წლის 24 მარტის №573 წერილით გამოითხოვა ... ი. ბ-ის შეფასების შედეგები და ინფორმაცია, მოქმედებდა თუ არა მასზე დისციპლინური პასუხისმგებლობა. საბოლოოდ, დისციპლინური წარმოების პროცესში წარდგენილი და განხილული საქმის მასალებიდან, კომისიის დასკვნით გამოიკვეთა შემდეგი: 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 იანვრის წერილზე №..., რომლითაც რეესტრი ითხოვდა დადასტურებას სოფელ წ...ში მიწის ნაკვეთი იყო თუ არა ზ. ნ-ზე გაცემული, როგორც საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობი მიწის ნაკვეთი, 2020 წლის 10 ივნისამდე არ მოინიშნა ადრესატი. ადმინისტრაციული სამსახურის დებულების (ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №09 დადგენილება) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერიის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას, ამავე დებულების მე-2 პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის შესაბამისად სამსახურის უფროსი წარმართავს სამსახურის საქმიანობას. შესაბამისად, კონტროლი, როგორც სამსახურის ხელმძღვანელს, ი. ბ-ეს ევალებოდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, კომისიის დასკვნით, იკვეთებოდა სამსახურებრივი მოვალეობებისადმი უპასუხისმგებლო და უყურადღებო დამოკიდებულება; 2. ადრესატის მონიშვნის შემდეგ წერილი ი. ბ-ემ შესასრულებლად არ გადააწერა დათვალიერების ოქმის შევსებაზე უფლებამოსილ პირს და თვითონ შეავსო, თუმცა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით (№750, 08.04.2020წ.) მას დათვალიერების ოქმის შევსების უფლება არ ჰქონდა, რადგან ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული იყვნენ დათვალიერების ოქმის შევსებაზე პასუხისმგებელი კონკრეტული პირები. მან იცოდა ბრძანებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები, მაგრამ არ გაითვალისწინა და მაინც შეავსო დათვალიერების ოქმი, რითაც, კომისიის შეფასებით, იკვეთებოდა სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობა; 3. ზემოთ აღნიშნული დათვალიერების ოქმი ი. ბ-ემ შეადგინა მერის წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე, თუმცა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების (№750, 08.04.2020წ.) მე-4 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულო მოთხოვნა იყო, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის მიხედვით დათვალიერების ერთ-ერთ პირად განსაზღვრულიყო მერის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში. ამ ქმედებითაც, კომისიის შეფასებით, გამოიკვეთა ი. ბ-ის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობა; 4. დათვალიერების მონაწილე პირების (ნ. მ-ისა და გ. კ-ის) შერჩევისას ი. ბ-ემ არ გაითვალისწინა მათი ასაკი და გარემოებები, კერძოდ, ისინი ვერ დაადასტურებდნენ და არ შეიძლებოდა სცოდნოდათ აღნიშნული მიწის ნაკვეთი იყო თუ არა გაცემული, იმ პერიოდში, საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად, როდესაც მიწის რეფორმა განხორციელდა (1992-1999წწ.). კომისიის დასკვნით, ამ ქმედებითაც იკვეთებოდა საქმისადმი უპასუხისმგებლო და უყურადღებო დამოკიდებულება; 5. 2020 წლის 07 ივლისს ი. ბ-ემ, წ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში შეკრიბა მოსახლეობის ნაწილი ზ. ნ-ის საქმესთან დაკავშირებით, შეადგინა კრების ოქმი №1, რისი ვალდებულებაც არ ჰქონდა და ამავე დროს არსებითად დაარღვია ოქმის შედგენის პრინციპი. კერძოდ, ოქმის შედგენის ადგილი არასწორია, ნაცვლად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა, მითითებული უნდა იყოს სოფელი წ...ი. ოქმის მიხედვით, ი. ბ-ემ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრიდან ზ. ნ-ის განცხადება შევიდა იდენტურობის დასადგენად, თუმცა წერილი სულ სხვა შინაარსის იყო და შეეხებოდა საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემული მიწის ნაკვეთის დადასტურებას. ოქმში მითითებული აქვს, რომ კრებას ესწრებოდა სოფლის მოსახლეობიდან 15 პირი, ოქმზე კი ფიქსირდება მხოლოდ 5 ხელმოწერა; 6. ი. ბ-ემ, ს. ბ-ეს ხელი მოაწერინა კრების ოქმზე (№1), როგორც სხდომის მდივანს, ისე რომ იგი კრებას არ ესწრებოდა. ამ ქმედებით ი. ბ-ემ მოახდინა ზეგავლენა თანამშრომელზე, რითაც კომისიის შეფასებით, იკვეთებოდა არაკეთილსინდისიერი საქციელი, რაც მის მიზანმიმართულ ქმედებაში გამოიხატა; 7. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დ. მ-მა გამოკითხვისას აღნიშნა, რომ კრების ოქმზე (№1) ხელმოწერა მისი შესრულებული არ არის და შედგენილი კრების ოქმი (№1) არ უნახავს, თუმცა ი. ბ-ემ 2021 წლის 26 მარტს წარდგენილ ახსნა-განმარტებაში (№2536) აღნიშნა, რომ დ. მ-ის დახმარებით მოაწერინა ხელი კრებაზე დამსწრე პირებს. გარდა ამისა, სოფელ წ...ში მცხოვრებმა კ. დ-ემ (გ-მა) თავის ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ კრებას არ დასწრებია და ხელიც არ მოუწერია. კომისიამ ჩათვლა, რომ ამ ქმედებაშიც ი. ბ-ის მხრიდან იკვეთებოდა კანონსაწინააღმდეგო და მიზანმიმართული ქმედება; 8. საქმესთან დაკავშირებული პირების - კ. ნ-ის, ბ. დ-ის, რ. მ-ის, დ. მ-ისა და კ. დ-ის (გ-ის) გამოკითხვით ირკვევა, რომ ი. ბ-ის შედგენილ კრების ოქმზე (№1) ხელმომწერი პირები- ც. მ-ი და კ. დ-ე არ იმყოფებოდნენ მოსახლეობის კრებაზე, რითაც, კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ი. ბ-ის მიერ კანონსაწინააღმდეგო და მიზანმიმართული ქმედება; 9. ი. ბ-ემ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ საჯარო რეესტრიდან სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი მოიცავდა შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის ნაწილს (...ს საავტომობილო გზის მონაკვეთი), გაცემული ცნობა კი, გახდა საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძველი. კომისიამ მიიჩნია, რომ ამ ქმედებით იკვეთებოდა საჯარო მოხელის მიერ საქმისადმი უყურადღებო და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება; 10. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წ...ში ზ. ნ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი არის თვითნებურად დაკავებული და არა საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემული; 11. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 18 სექტემბრის წერილზე №... (რომლითაც რეესტრი ითხოვდა დადასტურებას, სოფელ ...ში მიწის ნაკვეთი იყო თუ არა ვ. დ-ეზე გაცემული, როგორც საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობის მოსაწყობი მიწის ნაკვეთი), სადმელის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლმა ზ. ტ-ემ ატვირთა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დათვალიერების ოქმი, რის საფუძველზეც ი. ბ-ემ გასცა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობა. ამ ქმედებაშიც, კომისიის შეფასებით, გამოიკვეთა ი. ბ-ის მხრიდან უყურადღებო და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საქმის მიმართ; 12. საჯარო რეესტრის დასახელებულ წერილთან დაკავშირებით ზ. ტ-ე მის მიერ შევსებულ ოქმში მიწის ნაკვეთის ამჟამინდელ მდგომარეობას ადასტურებს - სარეგისტრაციო უძრავი ნივთი (მიწა) არის საოჯახო მეურნეობის მოსაწყობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მის საფუძველზე ი. ბ-ემ გასცა ცნობა (22.01.2021წ. №214) სადაც აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულს. ოქმისა და ცნობის შინაარსი განსხვავდება ერთმანეთისაგან, რითაც იკვეთება საჯარო მოხელის მიერ საქმისადმი უყურადღებო და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. 13. ი. ბ-ეს წერილობით არ მიუმართავს მუნიციპალიტეტის მერისათვის, რომ მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია არ ჰქონდა, რის უფლებასაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლი ანიჭებდა. კერძოდ, მას შეეძლო უარი ეთქვა განკარგულების შესრულებაზე, თუ განკარგულების შესრულება საჭიროებდა განსხვავებულ კომპეტენციასა და პროფესიულ უნარებს, რომლებიც მას არ ჰქონდა. თუ ხელმძღვანელი განმეორებით დაავალებდა მას, უნდა შეესრულებინა განკარგულება, თუმცა ეს არ გახდებოდა ი. ბ-ის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი. გარდა ამისა, რადგან მას მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია არ ჰქონდა (როგორც თვითონ აღნიშნავს ახსნა-განმარტებაში 01.03.2021წ.), შეეძლო მოეთხოვა საჭირო ტრენინგების ჩატარება, რაც ამ საკითხში კვალიფიკაციას აუმაღლებდა, მუშაობას გაუადვილებდა მას და სხვა უფლებამოსილ პირებს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიამ ჩათვალა, რომ იკვეთებოდა ი. ბ-ის არაკომპეტენტურობა და უყურადღებობა. ამდენად, დისციპლინური წარმოების მოკვლევის მასალებით, კომისიამ დაადგინა ...ის ი. ბ-ის საქმისადმი უყურადღებო და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ასევე არაკომპეტენტურობა და არაკეთილსინდისიერება, რაც, კომისიის შეფასებით ცალსახად არის დისციპლინური გადაცდომა სამსახურებრივ მოვალეობათა რიგ შეთხვევებში განზრახ და რიგ შემთხვევებში გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობით ჩადენილი. ამასთან, რადგან ... ი. ბ-ის მიმართ უკვე მოქმედებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება, ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების დარღვევისათვის (30.10.2020წ. №კ50 ბრძანება) და მან ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა, ეს უკვე განიხილებოდა მძიმე დისციპლინურ გადაცდომად. გარდა ამისა, ი. ბ-ის მიერ ჩადენილმა ახალმა დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას, რადგან დისციპლინური წარმოების პერიოდში გამოკვეთილი ფაქტებიდან ჩანს მისი არაკომპეტენტური საქციელი, არასათანადო დამოკიდებულება საქმის მიმართ, რაც ეხება არა მარტო მიწების რეგისტრაციის საკითხს, არამედ მისი როგორც თანამდებობის პირის (...ის) მიერ დებულებით დაკისრებული სხვა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას. ი. ბ-ე თავად აღნიშნავს, რომ მისი სამსახურეობრივი ფუნქციები შრომატევადია, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმის წარმოებაც მძიმე ტვირთად აწევს და ამ პროცესში გაეპარა ხარვეზი, ამ ფაქტმა, შესაძლებელია, ხელი შეუშალოს მომავალშიც სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერისთვის მიეცა რეკომენდაცია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის ი. ბ-ისთვის სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ და გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობისათვის, მძიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების დაკისრების შესახებ (ტ.1, ს.ფ 45-53); ვ) დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2021 წლის 30 მარტის №01 დასკვნის საფუძველზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 31 მარტის №კ38 ბრძანებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ...ი - ი. ბ-ე გათავისუფლდა სამსახურიდან, 2021 წლის 1 აპრილიდან (ტ.1, ს.ფ 55-56).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული დანაწესი განამტკიცებს შრომის თავისუფლებას. შრომის თავისუფლება მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/4-24, 28.02.1997), ასევე, სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007), დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის თავისუფლების სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებითაც. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. საკასაციო სასამართლო აგრეთვე მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე. ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ მუშაკის, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ინდივიდთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნითი განხორციელების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან თავს იჩენს მით უფრო საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთი მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი თავად გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულოობის ხარისხს. საჯარო მოსამსახურე კონკრეტული გადაწყვეტილების, მით უფრო საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას და საჭიროების შემთხვევაში, გათავისუფლების შემდგომი პროცედურების განხორციელებისას შეზღუდულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კანონიერების პრინციპით, რომლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად. მისი ნებისმიერი ქმედება უნდა ემსახურებოდეს კანონის უზენაესობის დაცვას და ეფუძნებოდეს კანონისმიერი დათქმის პრინციპს. ამავე შინაარსის დანაწესი გათვალისწინებულია აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით დადგენილი კანონიერების პრინციპითაც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობა დაკავშირებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული კანონის პრინციპებიდან გამომდინარე, საჯარო მოსამსახურის ნებისმიერი ქმედება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს უნდა ემყარებოდეს (კანონიერების პრინციპი); საჯარო მოსამსახურე ვალდებულია, თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე განახორციელოს (ერთგულების პრინციპი); საჯარო მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა ხელმძღვანელობდეს მხოლოდ საჯარო ინტერესებით. მას ეკრძალება პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობა (მიუკერძოებლობის პრინციპი); საჯარო მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისთვის პირადად აგებს პასუხს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ანგარიშვალდებულების პრინციპი).
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის 1-ლი პუნქტი განსაზღვრავს მოხელის დისციპლინური გადაცდომების ჩამონათვალს, კერძოდ, ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.
მითითებული კანონის 88-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებია: ა) მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადება დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე; ბ) სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობა; გ) საჯარო დაწესებულებაში განხორციელებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის შედეგები.
ზემოაღნიშნული კანონის 91-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს დისციპლინური წარმოების დაწყებიდან ან პირის იდენტიფიცირებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეტყობინებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს დისციპლინური წარმოების განხორციელების ინტერესებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს განუსაზღვრავს წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები. ამავე კანონის 93-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად ადგენს დასკვნას: ა) დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესახებ; ბ) დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესახებ. ამავე კანონის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მოხელისთვის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე; ბ) მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე; გ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომაა სამსახურიდან გათავისუფლება. ამავე კანონის 97-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს. მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე; გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი; ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი; თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე. ამავე კანონის 98-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში. ამავე კანონის 99-ე მუხლის შესაბამისად კი, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი უფლებამოსილია დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირი ჩამოაშოროს სამსახურს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, დისციპლინური გადაცდომისათვის, საჯარო მოხელესთან მიმართებაში შესაბამისი ზემოქმედების ზომის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებით და წესით. ამასთანავე, დისციპლინური გადაცდომის გამოვლენასთან დაკავშირებული პროცედურის სრულყოფილად ჩატარების ვალდებულება, ერთი მხრივ, საჯარო წესრიგის, ხოლო, მეორე მხრივ, კერძო პირის უფლების დაცვის მიზანს უნდა ემსახურებოდეს. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარეობს ქმედების სწორი კვალიფიკაცია, რაც შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ფაქტების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. სავარაუდო გადაცდომა, თავისი შინაარსით, სრულად უნდა შეესაბამებოდეს კანონით ასეთად მიჩნეული ქმედების ნიშნებს. საჯარო მოხელისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დადასტურდეს შესაბამისი დარღვევის შემცველი ფაქტების არსებობა. ამასთანავე, „..სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული. დარღვევის ჩამდენი მოხელისათვის კონკრეტული სახდელის შერჩევა უფლებამოსილი ორგანოს დისკრეციაა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას..“ (სუს 2020 წლის 28 მაისის №ბს-623(კ-19) განჩინება).
დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, თუმცა მასვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ი. ბ-ის შედავებაზე, რომ ის ინფორმირებული არ ყოფილა დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად განიმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ყველა ეტაპის შესახებ ი. ბ-ეს მიეწოდებოდა შესაბამისი ინფორმაცია, მოსარჩელე წარადგენდა წერილობით ახსნა-განმარტებებს, თუმცა მან თავად განაცხადა უარი ზეპირ განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე. ი. ბ-ე განმარტავდა, რომ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანება გასაჩივრებული ჰქონდა კანონით დადგენილი წესით სასამართლოში, რაც ამ აქტის შეჩერების საფუძველი იყო. შესაბამისად, მისი მოსაზრებით, დისციპლინური კომისიის სხდომის ჩატარება იყო უკანონო, ეწინააღმდეგებოდა კანონს და იგი მონაწილეობს არ მიიღებდა ამ უკანონობაში, არ გამოცხადდებოდა სხდომაზე. ი. ბ-ემ, 2021 წლის 26 მარტს წარადგინა ახსნა-განმარტება, რომელშიც პასუხი გასცა 19 მარტს სხდომის ოქმის მიხედვით დასმულ საკითხებზე. 2021 წლის 30 მარტს კვლავ შედგა კომისიის სხდომა. 2021 წლის 31 მარტს მოსარჩელეს გაეგზავნა 2021 წლის 30 მარტის დისციპლინური კომისიის დასკვნა. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დისციპლინური წარმოების მიმდინარეობის რომელიმე ეტაპზე ი. ბ-ეს შეეზღუდა ადმინისტრაციულ წარმოებაში სრულყოფილი მონაწილეობის უფლება და დაირღვა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების წესი.
რაც შეეხება დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის 2021 წლის 30 მარტის №01 დასკვნაში მითითებულ გარემოებებს, ი. ბ-ის უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების მერიის მოხელეებზე გადაცემის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 8 აპრილის №750 ბრძანების პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება დაეკისრა მერიის 15 თანამშრომელს, მათ შორის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ...ს ი. ბ-ეს. დასახელებული ბრძანების მე-2-მე-6 პუნქტებით, კონკრეტულად განისაზღვრა თუ რა შედიოდა თითოეული თანამშრომლის უფლება-მოვალეობაში. ბრძანების მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ დ. დ-ს, ბ. დ-ეს, ბ. შ-ეს, თ. რ-ს, მ. ქ-ეს, შ. ც-ს, ა. დ-ეს, გ. ყ-ს, კ. ნ-ეს მუშაობისას უნდა ეხელმძღვანელათ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 ივლისის №150 ბრძანებით. მე-3 პუნქტით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ...ს - ი. ბ-ეს დაევალა უფლებამოსილ პირებზე საჯარო რეესტრიდან შესული წერილების გადამისამართება და მათ მიერ შედგენილი ოქმების შესაბამისად, საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის გასაგზავნი წერილის მომზადება, ხელმოწერა და გადაგზავნა. მისი არყოფნის შემთხვევაში ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება დაევალა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელს - კ. ნ-ეს. მოხმობილი ბრძანების მე-4 პუნქტით საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 30 ივლისის №150 ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის ფორმის შევსებისას უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის მიხედვით დათვალიერების მონაწილე ერთ-ერთ პირად განისაზღვრა მერის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში. ბრძანების მე-5 პუნქტით უფლებამოსილ პირებს, ნ. რ-ს და მ. ხ-ს დაევალათ უზრუნველეყოთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ საჯარო შეტყობინებების, საკადასტრო აღწერის შედეგების და საკადასტრო გეგმების გამოქვეყნება. მოხმობილი ბრძანების მე-6 პუნქტით, უფლებამოსილ პირებს: ი. ფ-ეს, თ. ქ-ს, ნ. რ-ს დაევალათ უზრუნველეყოთ სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭიროებისას საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის გასაგზავნი წერილის მომზადება, ხოლო ს. მ-ეს, მ. ხ-ს დაევალათ უზრუნველეყოთ საჭიროებისას საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მეშვეობით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის გასაგზავნი წერილის მომზადება და სხვა ტექნიკური დახმარება. ბრძანება ძალაში შევიდა 2020 წლის 1 მაისიდან. აღნიშნული ბრძანების შინაარსი ცხადყოფს, რომ ი. ბ-ის უფლებამოსილებაში არ შედიოდა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენა და მითითებული უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდათ ზემოაღნიშნულ ბრძანებაში აღნიშნულ კონკრეტულ პირებს.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ი. ბ-ემ 2020 წლის 10 ივლისს ზ. ნ-ის განცხადებასთან დაკავშირებით შეადგინა ადგილზე დათვალიერების ოქმი და ამავე დღეს გასცა ცნობა, რომლითაც დაადასტურა, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ ნაკვეთს (ტ.2, ს.ფ 186,187-188). მართალია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის გასაგზავნი წერილის მომზადება წარმოადგენდა მოსარჩელის კომპეტენციას, თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა, მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა ადგილზე დათვალიერების ოქმის შედგენა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლებამოსილება მას არც შემდგომში გამოცემული ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 5 აგვისტოს №1229 ბრძანებით მინიჭებია (ტ.2, ს.ფ 82-84). ამდენად, ი. ბ-ემ შეადგინა დათვალიერების ოქმი, რომლის შედგენაზე უფლებამოსილ პირსაც იგი არ წარმოადგენდა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სადავო დასკვნის თანახმად, ოქმზე ხელმომწერი პირები უარყოფენ მასზე ხელმოწერის ფაქტს (მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის მითითებული გარემოების გამაქარწყლებელი რელევანტური მტკიცებულებები). შემდგომში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაუქმებულ იქნა არაუფლებამოსილი პირის - ი. ბ-ის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმი და მის საფუძველზე გაცემული ცნობა და მიმართული იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №... წერილით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას №... საკადასტრო კოდზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ მიმართვის პასუხად ეცნობა, რომ ვინაიდან №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, 02.03.2021 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გასხვისებული იყო ნ. ს-ის სახელზე, მერიის 2021 წლის 22 აპრილის №1891 მიმართვა და მასზე დართული №641 ბრძანება არ წარმოადგენდა რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ზ. ნ-ის მიერ ქონების განკარგვის შემდეგ მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა №... საკადასტრო კოდზე არსებული რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, ვიდრე არ იქნებოდა წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ტ.3, ს.ფ 42, 43-44, 45-46). ამდენად, მიუხედავად მოპასუხე მხარის მიერ ზ. ნ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტების ბათილად ცნობისა, №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე ვერ იქნა გაუქმებული ფიზიკური პირის საკუთრების უფლება.
ი. ბ-ის მიერ ვ. დ-ის საკითხზე გაცემულ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობების გაცემის ფაქტს, არამედ აპელირებს გაცემული ცნობების ოდენობაზე, რის გამოც მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეხსენებინა მის მიერ ძველ პერიოდში გაცემული ცნობის შინაარსი. იმ პირობებში, როდესაც მითითებული წერილების/ცნობების გაცემა შედიოდა ი. ბ-ის კომპეტენციაში, მის მიერ აღნიშნული ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობა უნდა შეფასდეს როგორც დისციპლინური გადაცდომა და მხოლოდ საქმეთა სიმრავლეზე აპელირება არ გამორიცხავს მითითებული ქმედების დისციპლინურ გადაცდომად შეფასებას. დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელის მხრიდან არასრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები და მოვალეობათა ჯეროვნად შეუსრულებლობის პირობებში გაცემულ იქნა ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის ცნობები.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ მოსარჩელის მიმართ 2020 წელს დისციპლინური წარმოების შედეგად დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გაფრთხილება უკვე იქნა გამოყენებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასტურდება დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის მიერ დასკვნაში მითითებული გარემოებები. მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებდა დასკვნაში მითითებულ გარემოებებს. ი. ბ-ის მიერ ჩადენილია მძიმე დისციპლინური გადაცდომა - დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას. შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაშია მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან, პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით. საქმეზე არ დასტურდება ი. ბ-ის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის შეუსაბამობა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების სიმძიმესთან. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონით დადგენილ ფარგლებში და გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზნის მიღწევის პროპორციული ღონისძიება. შესაბამისად, მოსარჩელეს პასუხისმგებლობის ზომის სახით მართებულად განესაზღვრა სამსახურიდან გათავისუფლება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი, არ არსებობს ი. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კოლეგია უფლებამოსილია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე. საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისაგან განსხვავებით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე არსებითად საქმე არ წყდება, აღნიშნულ ეტაპზე განიხილება მხოლოდ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის და მაშასადამე, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის საკითხი. გარდა ამისა, არამხოლოდ დასაშვებობის, არამედ საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობა გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით. შესაბამისად, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა საკასაციო ინსტანციის სამოსამართლო დისკრეციის სფეროს განეკუთვნება და საკასაციო სასამართლო ყოველი კონკრეტული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, საქმის გარემოებების შესწავლისა და დავის ხასიათიდან გამომდინარე, წყვეტს ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის მიზენშეწონილობის საკითხს.
მართალია, საჯარო განხილვის უფლება, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, გულისხმობს საქმის ზეპირი განხილვის უფლებას, თუმცა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ზეპირი განხილვის ვალდებულება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. მხარეთა დასწრების გარეშე საქმის განხილვა არ გულისხმობს საქმის გარემოებათა არასათანადოდ შესწავლასა და შეფასებას, მხარეთა შეჯიბრებითობის უგულებელყოფას, მხარეების სამართლებრივი არგუმენტების ეფექტურად განხილვა შესაძლებელია, აგრეთვე, წერილობითი ფორმით. ამდენად, კასატორი უზრუნველყოფილია, თავისი მოსაზრებების წერილობით წარმოდგენის შესაძლებლობით, ხოლო, მოწინააღმდეგე მხარის მიერ საკასაციო საჩივარზე შესაგებლის წარმოდგენის შემთხვევაში, კასატორს შესაძლებლობა აქვს წერილობით უპასუხოს მას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას არ დაიშვება ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა. საკასაციო ინსტანციის სასამართლო მისი დანიშნულებიდან გამომდინარე ადგენს მხოლოდ სამართლებრივ გარემოებებს და არა ახალ ფაქტებს, შესაბამისად, ხდება მხოლოდ დადგენილი ფაქტების იურიდიული შეფასება, რაც გამორიცხავს ზეპირად განხილვის აუცილებლობას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გარკვევის მიზნით ზეპირი განხილვის დანიშვნის ან მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის საჭიროება არ იკვეთება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
ბ. შონია