Facebook Twitter

ას-193-528-07 29 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. ჭ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე – ჟ. და ლ. მ-ების სარჩელის გამო მოპასუხე თ. ჭ-ს მიმართ ბავშვის ნახვის წესის განსაზღვრის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 18 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ჟ. და ლ. მ-ების წარმომადგენელმა მ. ს-მ თ. ჭ-ს მიმართ და განმარტა, რომ ლ.მ-ე და თ.ჭ-ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, ს. მ-ე - დაბადებული 1996 წლის 23 ივნისს და გ. მ-ე - დაბადებული 1998 წლის 29 ოქტომბერს. განქორწინების შემდეგ ბავშვები აღსაზრდელად გადაეცა დედას, ხოლო ლ. მ-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 500 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხე ხელს უშლის მამას, პაპასა და ბებიას ურთიერთობა იქონიონ ბავშვებთან. მოსარჩელემ მოითხოვა ნახვის დღეების განსაზღვრა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი არ არის წინააღმდეგი მოსარჩელეებმა ურთიერთობა იქონიონ ბავშვებთან, მაგრამ თავად ბავშვებს არა აქვთ ამის სურვილი; მოსარჩელეები თავად არ ცდილობენ ბავშვებთან დაკავშირებას, ამასთანავე, გ. მ-ს აქვს ბრონქიალური ასთმა და დედის გარეშე მისი სადმე გაშვება არ შეიძლება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ლ. მ-სა და ჟ. მ-ს თავის მეუღლესთან ერთად ს. და გ. მ-ებთან ურთიერთობის წესი განესაზღვრათ შემდეგნაირად: მოსარჩელეებს ნება დაერთოთ, მოპასუხესთან მყოფი ს. და გ. მ-ები ყოველი კვირის კვირა დღეს, 11 საათიდან 20 საათამდე, წაიყვანონ, როგორც თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ისე გასასეირნებლად ქ.ბათუმის ტერიტორიაზე. ჟ.მ-ს დასასვენებლად ხანგრძლივი დროით შვილიშვილების წაყვანის უფლება მიეცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამაზე თანხმობას განაცხადებს ბავშვების დედა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ჭ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ნოემბრის განჩინებით თ. ჭ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ჭ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 28 მარტის განჩინებით თ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას თ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.