ას-19-356-09 26 მარტი, 2009წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ჯ. კ-შვილი, კ. კ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარეები –ი. გ-იქი, ჰ. ა-ანი
წარმომადგენლები---რ. ბ-ძე, თ. ჭ-ძე
გასაჩივრებული განჩინება– ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. გ-იქისა და ჰ. ა-ანის სარჩელი ჯ. და კ. კ-შვილების მიმართ. ჯ. და კ. კ-შვილებს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ დაეკისრათ 51800 აშშ დოლარის ექვივალენტის გადახდა ლარებში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპალაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. და კ. კ-შვილებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ი. გ-იქი და ჰ. ა-ანი, ერთი მხრივ და ჯ. და კ. კ-შვილები 2006 წლის 10 ოქტომბერს ზეპირად შეთანხმდნენ, რომ აპელანტების კუთვნილი, ხუთსართულიანი მშენებარე სასტუმროს რეკონსტრუქცია, რემონტი და მთლიანი მოწყობა ინვენტარითა და ავეჯით უნდა მომხდარიყო მოწინააღმდეგე მხარის ხარჯზე, რის შემდეგაც სასტუმრო 11 წლით იჯარით უნდა აეღო მოწინააღმდეგე მხარეს. 2006 წლის 25 ნოემბრიდან 2007 წლის 16 თებერვლამდე, შეთანხმების შესაბამისად, აპელანტებმა ნაწილ-ნაწილ მიიღეს 51800 აშშ დოლარი, თუმცა სასტუმრო იჯარით აღარ გადაუციათ და არც თანხა დაუბრუნებიათ.
საქმეში წარმოდგენილი აქტების ნაწილში აღნიშნულია, რომ მშენებლობისათვის მოიჯარისაგან მიღებული თანხები გადახდილია.
პალატის განმარტებით, აქტებში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება დგინდება საქალაქო სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა, რ. ი-ძისა და დ. მ-ძის ჩვენებებით. განსახილველი აქტებით მხარეებმა დაადასტურეს მოწინააღმდეგე მხარის მიერ აპელანტებისათვის ფული გადაცემისა და არა გადაცემული თანხის დაბრუნების ფაქტი.
პალატამ დაადგინა, რომ ჯ. კ-შვილს ი. გ-იქმა გადაუხადა 2006 წლის 10 ოქტომბრის შეთანხმების შესასრულებლად 3000 აშშ დოლარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ჯ. და კ. კ-შვილებმა.
კასატორების აზრით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
კასატორების განმარტებით, მათთვის უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხების - 51 800 აშშ დოლარის დაკისრება უკანონოა. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გაგებული მათ მიერ გამოვლენილი ნება. სასამართლომ არ მოახდინა მტკიცებუბელათა ობიექტური განხილვა და შეფასება.
კასატორების განმარტებით, აღნიშნული აქტები არ შეიძლებოდა სასამართლოს მიერ მიჩნეულიყო სა-ანადო მტკიცებულებად. სასამართლოს მიერ უნდა მომხდარიყო არაუმეტეს 14000 აშშ დოლარის დაკისრება, მით უმეტეს რომ მათ ცნეს სარჩელი ამ ოდენობით თანხის გადახდის ნაწილში. კასატორები თვლიან, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკისრა ის თანხები, რომელიც მათ მიერ უკან იყო გადახდილი მოწინააღმდეგე მხარისთვის. კასატორების განმარტებით, სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ მიიჩნია, რომ ყველა აქტით ერთი და იგივე ნება იყო გამოვლენილი მხარეების მიერ ხელმოწერისას, როდესაც მათი შინაარსი არ იყო ერთმანეთის იდენტური და ისინი აშკარად განსხვავებულია. სასამართლომ განჩინებაში არ იმსჯელა არც იმ გარემოებაზე, რომ საქმეში კასატორების მიერ წარმოდგენილი აქტების დედნებზე არ არსებობდა მოწმე რ. ი-ძის მინაწერი, მასზედ, რომ თითქოსდა იგი ესწრებოდა აქტზე ხელმოწერებს. კასატორების აზრით, სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ იხელმძღვანელა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი ეგზემპლარებით, რომლებზეც იყო რ. ი-ძის მინაწერი. სასამართლოს განჩინებაში არ უმსჯელია და საერთოდ არ დაუსაბუთებია, თუ რატომ გაიზიარა ერთი მტკიცებულება და რატომ უარყო მეორე.
კასატორებმა მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, ჯ. და კ. კ-შვილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ჯ. და კ. კ-შვილების საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის რომ, კასატორებს ჯ. და კ. კ-შვილების უნდა დაუბრუნდეს კ. კ-შვილების მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3083, 95 ლარის 70% , რაც შეადგენს 2158,765 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ. და კ. კ-შვილების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად
ჯ. და კ. კ-შვილების უნდა დაუბრუნდეს კ. კ-შვილის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2158,765 ლარი
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.