¹ას-194-459-08 10 სექტემბერი , 2008 წ
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები _ ჯ. ო-იძე, თ., ი. და ნ. კ-შვილები (მოპასუხე)
წარმომადგენელი---პ. შ-აძე
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება– ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ინ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სარჩელით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, ჯ. ო-იძის მიმართ და სამსახურებრივი ბინიდან მისი იძულებით გამოსახლება მოითხოვა.
აღნიშნული ბინა სამსახურებრივი სარგებლობისთვის გადაცემული ჰქონდა სამხედრო მოსამსახურე გენადი კომახიძეს, რომელიც საზღვრის დაცვის დეპარტამენტში აღარ მსახურობს, ამჟამად ბინა უკანონოდ აქვს დაკავებული ჯ. ო-იძეს, რომელსაც საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია. სამხედრო ნაწილის მიერ ოქროპირიძის ბინით დაკმაყოფილება არ მომხდარა. ოქროპირიძეს არც ბინის ორდერი გააჩნია, რომელიც საფუძველი იქნებოდა სადავო ბინაში ცხოვრებისა. ის არაერთხელ იქნა გაფრთხილებული მოსარჩელე ორგანიზაციის მიერ, მაგრამ მიუხედავად ამისა ბინის გამონთავისუფლება არ მომხდარა. მოსარჩელემ სარჩელს დაურთო 12.12.2000 წ. ქობულეთის გამგეობის მიერ გაცემული ცნობა ¹54, რომლითაც დასტურდება რომ სადავო ბინა ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების ქობულეთის ნაწილის ¹2464-ის ბალანსიდან გადავიდა სამხედრო ნაწილი 2016-ის ბალანსზე.
აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის ბინიდან გამოსახლება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 1992 წლის 22 ოქტომბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების თანახმად საავიაციო ესკადრელის ¹2464-ის მინდობილმა პირმა გალინა მამედოვამ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1992 წლის 107-ე დადგენილების შესაბამისად მოქალაქე ტატიანა კოლგანოვას საკუთრებაში გადასცა ბინა, მდებარე ქ. ქობულეთი, ........... ¹100/52. მოცემული ბინა კი სამხედრო უწყებას ეკუთვნოდა. კოლგანოვამ ვერ შეძლო მძიმე ოჯახური პირობების გამო, პრივატიზაციის ხელშეკრულების ტექ. ბიუროში წარდგენა და გატარება, თუმცა ყველა გადასახადი გადაიხადა, რაც პრივატიზაციის წესით შესყიდვისათვის იყო საჭირო. ამასთან მოპასუხეები 10 წლის მანძილზე ფლობდნენ სადავო ბინას.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
პალატამ მიიჩნია, რომ ქობულეთში, ........... ქ. ¹100-ში მდებარე 9 სართულიანი 54 ბინიანი საცხოვრებელი სახლი ირიცხებოდა ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების ქობულეთის ნაწილი .......-ის ბალანსზე, შემდგომ კი, გადავიდა სამხედრო ნაწილი ¹2016-ის ბალანსზე.
პალატამ დადგენილად ჩათვალა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ბინის მესაკუთრის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც დაადასტურებდა თუ ვინ არის სადავო ბინის მესაკუთრე - არ არსებობს.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არ მოიპოვება სათანადო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სადავო ბინის კანონიერ შემძენად ჩაითვლებოდნენ მოპასუხე მხარეები.
პალატამ Mმიიჩნია, რომ კოლგანოვა არ არის უფლებამოსილი პირი იდაოს ბინაზე, მართალია კოლგანოვამ მოახდინა სადავო ბინის პრივატიზაცია, მაგრამ ეს ხელშეკრულება, მას არ წარუდგენია და არ დაურეგისტრირებია საჯარო რეესტრში, რის გამოც ბინის მესაკუთრედ კვლავ ქობულეთის საჰაერო ესკადრელის ¹2464 სამხედრო ნაწილი დარჩა, რომლის სამართალმემკვიდრესაც მოცემულ დავაში აპელანტი მხარე წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ო-იძის, თ., ი. და ნ. კ-შვილების წარმომადგეელმა პ. შ-აძემ.
კასატორის აზრით, საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად სააპელაციო პალატას დადგენილად უნდა ჩაეთვალა ის გარემოება, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველო არ წარმოადგენს ქ.ქობულეთში, ........... ქ. ¹100-ში მდებარე ბინის ¹52 მესაკუთრეს, რადგანაც საქმეში არ არის წარმოდგენილი სადავო ქონებაზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს საკუთრების ფლობის დამდგენი რაიმე საბუთი, საჯარო რეესტრის ამონაწერი და ა.შ.
კასატორის განმარტებით, ასევევ უდავოა ის ფაქტიც, რომ სადავო ბინა (მდებარე ქ.ქობულეთი, ........... ქ. ¹100, დბინა 52) არ არის საქართველოს სახელმწფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს მფლობელობაში, რადგანაც აღნიშნული ბინა იმყოფება მოპასუხეთა კანონიერ მფლობელობასა და სარგებლობაში, შესაბამისად კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვინდიკაციური სარჩელის გამოყენების საფუძველი, რადგან საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველო არ წარმოადგენს სადავო ბინის მესაკუთრეს და მფლობელს, საქმეში არ არის წარმოდგენილი სადავო ბინაზე საკუთრების ან მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
კასატორის აზრით, პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მართალია, საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, მაგრამ სარეგისტრაციო სამსახურების არქივში არსებული ჩანაწერებით ბინის მფლობელად, დღემდე მითითებულია გენადი კომახიძე, კოლგანოვას მეუღლე, სხვა ინფორმაცია კი აღნიშნულ ბინაზე არ მოიპოვება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ონ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ მოპასუხეები მიიჩნია არამართლზომიერ მფლობელებად, მოსარჩელეები კი მართლზომიერად. შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი სასამართლომ მართლზომიერ მფლობელად მიიჩნია ქობულეთის გამგეობის მიერ გაცემული ცნობის, ქ.ბათუმის მერიის წერილისა და საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სასამართლოს უფროსის ცნობის საფუძველზე. როგორც სასამართლო უთითებს, ქობულეთის გამგებლის მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ სადავო სახლი ირიცხებოდა ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების ქობულეთის ნაწილის ბაზაზე შემდეგ კი გადავიდა სამხედრო ნაწილი ¹2016 ბალანსზე. ხოლო მერიის წერილის თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 23 აპრილის დადგენილებით ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების ობიექტების მემკვიდრედ ჩაითვალა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცნობები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მტკიცებულებად, რომლითაც დასტურდება მოსარჩელის მიერ სადავო ქონების ფლობის მართლზომიერების ფაქტი. მითუმეტეს, რომ არც მერია და არც გამგეობა არ წარმოადგენენ უძრავ ქონებაზე უფლების მარეგისტრირებულ ორგანოებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოთ მითითებული ცნობებით კი, როგორც უკვე ავღნიშნეთ, მოსარჩელის მიერ ქონების ფლობის მართლზომიერების ფაქტი არ შეიძლება დადასტურდეს.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დღეისათვის სადავო ბინა პრივატიზებულია ვინმე კოლგანოვზე. მაგრამ იგი რეგისტრირებული არ არის მესაკუთრედ კანონით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა დაედგინა კოლიგანოვას სამართლებრივი სტატუსი ბინასთან მიმართებაში და ის გარემოება მინიჭებული ჰქონდათ თუ არა მოპასუხეებს აღნიშნული პიროვნებისგან ამ ფართით სარგებლობის უფლება.
პალატა მიიჩნევს რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი საქმის გადასაწყვეტად აუცილებელი გარემოებანი, რის გარეშეც შეუძლებელია დავის გადაწყვეტა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სააპელციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწება. ამდენად გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე მოსარჩელის მიერ სადავო ქონების ფლობის მართლზომიერების საკითხი. ამასთან უნდა გაირკვეს არის თუ არა კოლგანოვა სადავო ბინაში რეგისტრირებული, გაცემულია თუ არა მასზე ბინის ორდერი და გაუქმებულია თუ არა იგი დღეისათვის. უნდა შეფასდეს კოლგანოვასა და მოპასუხეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობაც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჯ. ო-იძის, თ., ი. და ნ. კ-შვილების წარმომადგენლის პ. შ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 დეკემბრის გააწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.