Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-195-460-08 15 ოქტომბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ც. კ-იძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური სუბსიდიების სააგენტო (მოპასუხე)

მესამე პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დავის საგანი – სარჩოს დანიშვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და უსაფუძვლოდ გაცემული თანხის უკან დაბრუნება

გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ტყიბულის რაიონულ სასამართლოს 2007 წლის 15 მარტს სარჩელით მიმართა სსიპ სოცდაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, ც. კ-იძისა და სს „ტ-ის“ მიმართ და მოითხოვა სარჩოს დანიშვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და უსაფუძვლოდ გაცემული თანხის უკან დაბრუნება.

მოსარჩელის განმარტებით: საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 15 ოქტომბრის ¹429ა ბრძანებულების „საქნახშირის დეპარტამენტის შახტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების შესახებ“ მე-6 პუნქტის თანახმად, საქნახშირის დეპარტამენტის შახტებში 1992 წლამდე ახორციელებდა საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოცდაზღვევის სახელმწიფო ფონდი. 1997 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, „საქნახშირის“ დეპარტამენტის შახტებში 1992 წლამდე მომხდარი ავარიების შედეგად დასახიჩრებულ და დაავადებულ მუშაკებზე აღნიშნული რეგრესული პენსიების გაცემა 1997 წლის განმავლობაში ხდებოდა სოცუზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ „საქნახშირის“ დეპარტამენტის გაანგარიშების საფუძველზე, საზოგადოებიდან მოწოდებული სიების საფუძველზე თითოეული მიმღების სარჩოს ოდენობის მითითებით, ხოლო 2006 წლიდან დაზარალებულთა აღრიცხვის, სარჩოს გაანგარიშებისა და ზიანის ანაზღაურების ფუნქცია 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოებში დაეკისრა ფონდს.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამის შედეგად ფონდმა მოახდინა „ტ-ის“ ხაზით სარჩოს მიმღებთა პირადი საქმეების მონიტორინგი, მათ შორის შესწავლილ იქნა მოცემულ საქმეში მოპასუხე გურამ ქათამაძისათვის სარჩოს დანიშვნის კანონიერების საკითხი. საქმის შესწავლით დადგინდა, რომ ც. კ-იძე დაბადებულია 1938 წელს, რასაც ადასტურებს სოცუზრუნველყოფის ადგილობრივი განყოფილების მიერ გაცემული ცნობა. საქმეში წარმოდგენილია ც. კ-იძის მეუღლის ვ.კ-იძის საწარმოო ტრავმით გარდაცვალების მოწმობის დედანი, რომლის თანახმადაც ვ.კ-ძე გარდაიცვალა 1982 წელს. ვ.კ-ძეს გარდაცვალების დღისათვის კმაყოფაზე დარჩა მცირეწლოვანი შვილი მზექალა კ-ძე დაბადებული 1973 წლის 27 მაისს, რომელსაც 23 წელი შეუსრულდა 1996 წელს, რის გამოც მასზე სარჩოს გაცემა შეჩერდა. ც. კ-იძემ მიმართა რა ტყიბულის სასამართლოს 1997 წელს, დაიდგინა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომ მეუღლის გარდაცვალების დღისათვის 1992 წელს (და არა 1982 წელს) იმყოფებოდა მის კმაყოფაზე. საქმეში არ არის წარმოდგენილი ც.კ-ძის დაბადების მოწმობა. ქორწინების მოწმობით ც.კ-ძის დაბადების თარიღია 1932 წელი, შესაბამისად, იგი როგორც 1932 წელს დაბადებული, ვერ იპოვებდა თავის წილად სარჩოს დანიშვნის უფლებას 1982 წლისათვის, რადგანაც არ იყო 50 წლის, ამდენად მას დასჭირდა მეუღლის გარდაცვალების თარიღის არასწორად მითითება (1992 წლის ნაცვლად, 1982 წლისა).

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მიხედვით ც.კ-ძე შრომისუუნაროდ ვერ ჩაითვლებოდა. გარდა ამისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი ვ. კ-ძის გარდაცვალების საწარმოო ტრავმასთან მიზეზობრივი კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც როგორც შვილის - მ. კ-ძის, ისე ც.კ-ძისათვის სარჩოს დანიშვნის გადაწყვეტილება კანონშეუსაბამოა. საქმეში არ მოიპოვება სარჩოს დანიშვნის გადაწყვეტილებაც, მოქმედი კანონმდებლობით კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, თუ სახეზეა სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან მიზეზობრივ კავშირში მყოფი შედეგი და მასში ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულება ასევე ითვალისწინებს კმაყოფაზე მყოფი ოჯახის შრომისუუნარო წევრებისათვის ზიანის ანაზღაურებას, თუ გარდაცვალება გამოწვეულია წარმოებაში მიღებული ტრავმით.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. კ-იძემ და სს „ტ-მა“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც. კ-იძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება ც. კ-იძისათვის უსაფუძვლოდ დარიცხული და მიღებული თანხის სსიპ საქართველოს სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს გაცემული თანხის კ-ძისათვის უსაფუძვლოდ დარიცხული და მის მიერვე გაცემული თანხის სოცსუბსიდიების სააგენტოს სასარგებლოდ ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა იურიდიული მნივშნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ ც. კ-იძე იმყოფებოდა აწ გარდაცვლილი მეუღლის - ვ. კ-იძის კმაყოფაზე, ასევე დადგენილია, რომ ვლ. კ-ძის გარდაცვალების თარიღად მითითებულია არა 1992 წელი (როგორც ამას აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი აცხადებს, რის გამოც თავად აღნიშნულ გადაწყვეტილებას ყალბ დოკუმენტად მიიჩნევს), არამედ 1982 წლის 28 ოქტომბერი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ვ. კ-ძე ნამდვილად 1982 წელს გარდაიცვალა და ც. კ-იძე სადავო სარჩოს 1997 წლის ივნისიდან ღებულობდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 1997 წლის ივნისისათვის მოქმედებდა „საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მიერ მუშებისა და მომსახურეებისათვის შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული დასახიჩრების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესების გამოყენების შესახებ“ ინსტრუქცია, რომელიც სსრ კავშირის შრომისა და სოცილური საკითხების სახელმწიფო კომიტეტისა და პროფკავშირთა საკავშირო ცენტრალური საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 13 თებერვლის ¹50/კ-2 დადგენილებით იქნა დამტკიცებული.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ც. კ-იძე, მართალია, გარდაცვლილის კმაყოფაზე მყოფი პირი იყო სარჩოს დანიშვნის დროისათვის და ეს სტატუსი მას ტყიბულის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით მიენიჭა, მაგრამ 1997 წლის “საწარმოების, დაწესებულებებისა, ორგანიზაციების მიერ მუშებისა და მომსახურებისათვის შრომითი მოვალეობის შესერულებასთან დაკავშირებული დასახიჩრების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესების გამოყენების შესახებ ინსტრუქციის მე-8 მუხლი ზარალის ანაზღაურებისათვის დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში საკმარის პირობად არ მიიჩნევდა მხოლოდ გარდაცვლილის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტს, არამედ პირი ამავდროულად უნდა ყოფილიყო შრომისუუნარო.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობს სარჩელის მიკუთვნებითი ნაწილის (მიღებული თანხების უკან დაბრუნება) დაკმაყოფილების საფუძვლები, რადგან, საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების 61-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურებისათვის გაცემული თანხები, შეიძლება ამოღებულ იქნას უკან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხების გაანგარიშება მოხდა წინასწარ გამიზნული ყალბი საბუთების საფუძველზე, ანგარიშში შეცდომის გაპარვის ან მონაცემების დარღვევის შემთხვევაში, რამაც გავლენა იქონია ზიანის ოდენობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ც. კ-იძემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება სარჩოს დანიშვნის ბრძანების კანონშეუსაბამოდ აღიარების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 1997 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ც. ჭ-ძე-კ-ძის მოთხოვნა და დადგენილ იქნა იურიდიულ მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ ც. კ-იძე იმყოფებოდა აწ გარდაცვლილი მეუღლის ვ. კ-ძის კმაყოფაზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ც. კ-იძე სადავო სარჩოს ღებულობს 1997 წლის ივნისიდან.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 1997 წლის ივნისისათვის მოქმედებდა “საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მიერ მუშაკებისა და მოსამსახურეებისათვის შრომითი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული დასახიჩრებით ან ჯანმრთელობისათვის სხვა დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” სსრ კავშირის შრომითი და სოპციალური საკითხების სახელმწიფო კომიტეტისა და პროფკავშირთა საკავშირო ცენტრალური საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 13 თებერვლის ¹ 56/პ-2 დადგენილება.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული დადგენილების მე-8 პუნქტის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ იყო შრომისუუნარო სადავო ბრძანებით სარჩოს დანიშვნის დროს, რადგან იგი არ იყო 55 წლის, რაც აუცილებელი იყო ამ დადგენილების თანახმად შრომისუუნარობის განსაზღვრისათვის.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ც. კ-იძე სადავო სარჩოს ღებულობს 1997 წლის ივნისიდან.

სადავო სარჩოს დანიშვნის დროს მოქმედებდა არა “საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მიერ მუშაკებისა და მოსამსახურეებისათვის შრომითი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული დასახიჩრებით ან ჯანმრთელობისათვის სხვა დაზიანებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” სსრ კავშირის შრომითი და სოპციალური საკითხების სახელმწიფო კომიტეტისა და პროფკავშირთა საკავშირო ცენტრალური საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 13 თებერვლის ¹ 56/პ-2 დადგენილება, არამედ “უბედური შემთხვევის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების დროებითი წესების შესახებ” 1993 წლის 12 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹619 დადგენილება და “საწარმო-ორგანიზაციების მიერ საწარმოო ტრავმით გამოწვეული შრომითი დასახიჩრებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესის შესახებ” 1993 წლის 28 ივნისის საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹502 დადგენილება. აღნიშნული დადგენილებები გაუქმებული იქნა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვალი ¹48 ბრძანებულებით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “შრომის მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი” დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით, კერძოდ, აღნიშნული წესის 63-ე მუხლის თანახმად, შრომის მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობის მიმართ გამოიყენება ამ წესების ნორმები, გარდა 22-ე, 33-ე, 34-ე, 39-ე, მე-40 პუნქტებისა.

მითითებული ნორმების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესებს მიეცა უკუქცევითი ძალა, გარდა ზემოთ აღნიშნული პუნქტებისა.

აღნიშნული წესების 35-ე პუნქტის თანახმად, ზიანის ანაზღაურების უფლებით სარგებლობენ შრომისუუნარო პირები, რომლებიც იმყოფებიან გარდაცვლილის კმაყოფაზე ან მისი გარდაცვალების დღისათვის უფლება ჰქონდათ მისგან მიეღოთ სარჩო, შვილი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადა, აგრეთვე ერთ-ერთი მშობელი ან ოჯახის სხვა წევრი, თუ ის არსად მუშაობს და ეწევა გარდაცვლილის შვილების, ძმების, დების ან შვილიშვილების აღზრდას 18 წლის ასაკის მიღწევამდე, პირები, რომელთა შესანახად გარდაცვლილი იხდიდა ან ვალდებული იყო გადაეხადა ალიმენტი.

შრომისუუნაროებად ითვლებიან: არასრულწლოვანი პირები 18 წლის ასაკამდე (სტუდენტები სასწავლებლის დამთავრებამდე, მაგრამ არა უმეტეს 23 წლის ასაკისა) ან უფრო მეტი ხნის, თუ ისინი დაინვალიდნენ 18 წლის ასაკამდე, 65 წელს გადაცილებული მამაკაცები და 60 წელს გადაცილებული ქალები. გარდაცვლილის მეუღლე ზიანის ანაზღაურების უფლებით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა იგი.

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ გარდაცვლილის მეუღლე ყველა შემთხვევაში სარგებლობს ზიანის ანაზღაურების უფლებით, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა იგი, ანუ შრომისუნარიანია თუ არა იგი.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული საფუძვლით სადავო ბრძანების უკანონოდ ცნობა დაუშვებელია.

ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება უნდა მისცეს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ც. კ-იძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.