საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-867(კ-25) 30 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ბ. ქ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2023 წლის 23 მაისს ბ. ქ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბ. ქ-ას საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 4 მაისის №1000840220 დასკვნის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ბ. ქ-ასთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის მიხედვით, ბ. ქ-ა დაიბადა აფხაზეთში, ქ. ...ში და წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელიც არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. მოსარჩელემ 2022 წლის 18 ნოემბერს რუსეთის ფედერაციაში, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში, საქართველოს ინტერესების სექციის (საქართველოს საკონსულო) მეშვეობით, მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მოთხოვნით. ამასთან, საკითხის განხილვის პროცესში მან ჩააბარა გამოცდა ქართულ ენაში, საქართველოს ისტორიასა და საქართველოს სამართლის საფუძვლებში. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ საკითხის განმხილველმა კომისიამ მოითხოვა ბ. ქ-ას პირადად ჩამოსვლა გასაუბრებაზე 2023 წლის 28 აპრილს, რაც მოსარჩელის მიერ შესრულებულ იქნა. გასაუბრებაზე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მოითხოვა გამოცდის ხელახლა ჩაბარება, შესაბამისად მოსარჩელემ ახლიდან ჩააბარა გამოცდა და მიიღო დამაკმაყოფილებელი ქულები.
მოსარჩელემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 ოქტომბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია უფლებამოსილი ორგანოებიდან, საიდანაც გამოიკვეთა რომ არ არსებობდა მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულის კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძვლები. მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა, სააგენტომ ბ. ქ-ას მიმართ გასცა უარყოფითი დასკვნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 4 მაისის №1000840220 დასკვნა, ბ. ქ-ას საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ბ. ქ-ასთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის გაცემის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2023 წლის 4 მაისის №14366 სხდომის ოქმის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ განიხილა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქის ბ. ქ-ას მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის ფაქტი. კომისიამ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 04 სექტემბრის №2 დადგენილების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ტესტირების (მატერიალური ფორმით) გზით შეაფასა ცოდნის დონე და დაადგინა, რომ ბ. ქ-ას ცოდნის დონე შეესაბამებოდა საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს (მიღებული ქულები: სახელმწიფო ენა - 9 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა) საქართველოს ისტორია - 7 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა), სამართლის ძირითადი საფუძვლები - 8 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა).
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2023 წლის 4 მაისს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოამზადა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ბ. ქ-ასთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე უარყოფითი დასკვნა №1000840220, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2023 წლის 8 მაისის №3264 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე გადაგზავნილ №1000840220 უარყოფით დასკვნაზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები არ გამოვლენილა, ხოლო საქმის მასალებით მოსარჩელის კავშირი საქართველოსთან უტყუარად დადასტურებულია, გაურკვეველი იყო სააგენტოს მითითება სახელმწიფო ინტერესებისა და მოსარჩელის სხვა ქვეყანასთან კავშირის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე დადასტურებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში იკვეთებოდა მოსარჩელისთვის საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე დადებითი დასკვნის გაცემის სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა, რომ განმცხადებლისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობდეს. სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული და სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს და იგი ან მისი წინაპარი არის სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. კასატორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, არც ერთ სასამართლო სხდომაზე სადავო არ გამხდარა საქმეში წარმოდგენილი ოქმების შინაარსი, რომლებშიც ასახული იყო ბ. ქ-ას მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია. აღნიშნული პირის საქართველოსთან კავშირი გამოიხატებოდა მხოლოდ იმაში, რომ დაიბადა საქართველოში, ...ის რაიონში და საშუალო განათლება მიიღო საქართველოში, ხოლო უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო, ოჯახთან ერთად ცხოვრობს რუსეთში, დასაქმებულია ავტოსერვისში რუსეთში, დაოჯახდა რუსეთში, მეუღლე და შვილები რუსეთის მოქალაქეები არიან, მეუღლე ფლობს სილამაზის სალონს რუსეთში, შვილი საშუალო განათლებას იღებს რუსეთში, 2000 წლის შემდეგ პირველად ჩამოვიდა საქართველოში.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში არსებული მსჯელობის საპირისპიროდ, კასატორი მიუთითებს, რომ სააგენტომ სწორედ ბ. ქ-ას მიერ მოწოდებული ინფორმაციის ფარგლებში იმსჯელა და არანაირი ვარაუდი არ გამოუთქვამს აღნიშნული პირის მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობებთან დაკავშირებით, ამასთან, მისი აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი ოქმშიც დაფიქსირებული და შეფასებულია, თუმცა ეს აპრიორი ვერ გახდებოდა იმის საფუძველი, რომ პირს, რომლის საქართველოსთან კავშირი მხოლოდ დაბადებასა და საქართველოში ნათესავების ყოფნაში გამოიხატება, მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მითითება, რომ ბ. ქ-ა ეთნიკურად ქართველია და საქართველოში ჰყავს ნათესავები, რელევანტური იქნებოდა მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას და არა საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კასატორისთვის ბუნდოვანია სასამართლოს მითითება მოსარჩელის საქართველოსთან კავშირზე, რამდენადაც გაურკვევლად მიიჩნევს განცხადებაში მითითებული საფუძვლის გარდა რა დაადასტურა უტყუარად, როდესაც არანაირი მტკიცებულება სამომავლო გეგმებისა და მოსაზრების გარდა საქმეში არ არსებობს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების 211 მუხლის მე-2 პუნქტსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაზე (საქმეზე №858(3კ-19)) მითითებით აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ერთპიროვნულად საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, რომელშიც სასამართლო ირიბად ერევა და უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ავალდებულებს სააგენტოს გამოსცეს დადებითი დასკვნები და გადაუგზავნოს საქართველოს პრეზიდენტს იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტს განსახილველ საკითხზე უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
განსახილველი დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის ბ. ქ-ას საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 4 მაისის №1000840220 დასკვნას. შესაბამისად, სადავო საკითხს წარმოადგენს - არსებობს თუ არა ბ. ქ-ასთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე დადებითი დასკვნის გამოცემის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის დანაწესი საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთ უფლებამოსილებად ასახელებს ორგანული კანონით დადგენილი წესით მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტას.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. დასახელებული კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი, ნატურალიზაციის ერთ-ერთ სახედ განსაზღვრავს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებას, რომელიც მოწესრიგებულია დასახელებული კანონის მე-17 მუხლით. კერძოდ, ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის: ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი; ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას ან მან საქართველოში განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების გამომრიცხველ გარემოებებსაც და ასეთად ასახელებს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესაბამის პირს: ა) ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ; ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება; დ) იგი იძებნება საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ ან/და მის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისა) მსურველ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობების არსებობის დადგენას. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. (ამჟამად მოქმედი რედაქციის თანახმად: კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და სხვა ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობების (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებით განსაზღვრული პირობებისა) არსებობის დადგენას. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო.) ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული დებულებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, განმცხადებლის მიერ განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში სააგენტო კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით – საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვისას, კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის ფაქტის დადასტურების მიზნით – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან განმცხადებლის მიერ მითითებულ სხვა ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც დაადასტურებს მის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების ფაქტს.
ზემოაღნიშნული დებულების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, აგრეთვე საქმის მასალების გადაგზავნიდან 10 დღეში ამ უწყებებიდან ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში, კომისია აფასებს პირის მიერ სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ცოდნის დონესა და სხვა ქვეყნის მოქალაქის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ადგენს, რომ პირის მიმართ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები; ბ) ადგენს, რომ პირის მიმართ არ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები. ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-12 პუნქტი (ამჟამინდელი რედაქციის მე-7 პუნქტი) კი განსაზღვრავს, რომ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, პირის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი და 211 მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობას, საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია ადგენს შინაგანი რწმენის საფუძველზე. ხოლო დასახელებული მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-13 პუნქტის (ამჟამინდელი რედაქციის მე-8 პუნქტი) თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. სხდომაზე დამსწრე წევრის განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. განსხვავებული მოსაზრება აისახება წერილობითი ფორმით და დაერთვება კომისიის გადაწყვეტილების ამსახველ ოქმს. ოქმში, კომისიის გადაწყვეტილების შინაარსის გარდა, მიეთითება სააგენტოს მიერ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია უგზავნის შესაბამის მასალებს სააგენტოს, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქმეზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მოსამზადებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. ხოლო დასახელებული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში ბრძანებულების გამოუცემლობა ჩაითვლება საქართველოს მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად. მოქალაქეობის საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვლება ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააგენტოდან წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნების გაცნობიდან ერთ კვირაში სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2022 წლის 18 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ ბ. ქ-ამ №1000840220 განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება მოითხოვა. მოსარჩელემ განცხადებაში მიუთითა, რომ 1977 წლის 7 თებერვალს დაიბადა საქართველოში, …ის რაიონში, საშუალო განათლება მიიღო საქართველოში, ხოლო უმაღლესი განათლება რუსეთში. იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს რუსეთში, დასაქმებულია ავტოსერვისში. მისი მეუღლე და შვილები რუსეთის მოქალაქეები არიან. 2000 წლამდე ჩამოდიოდა საქართველოში. საქართველოში ჰყავს მამიდა და ბიძა. გარდა ამისა, მოსარჩელემ განცხადებაში მიუთითა, რომ საქართველო არის მისი სამშობლო, სადაც დაიბადა, ამასთან იგი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, რის გამოც სურს საქართველოს მოქალაქეობის მიღება. საკასაციო სასამართლოს საქმის მასალებით ასევე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბ. ქ-ასთან დაკავშირებით მ. გ-ისა და ლ. ქ-ას რეკომენდაციებში ბ. ქ-ა დადებითად არის დახასიათებული.
დადგენილია, რომ კომისიამ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ტესტირების (მატერიალური ფორმით) გზით შეაფასა ცოდნის დონე და დაადგინა რომ, ბ. ქ-ას ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს (მიღებული ქულები: სახელმწიფო ენა - 9 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა) საქართველოს ისტორია - 7 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა) სამართლის ძირითადი საფუძვლები - 8 ქულა (დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა).
კომისიამ „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილების მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ბ. ქ-ას მიმართ არ არსებობდა მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები და ამავე დადგენილების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე უნდა მოემზადებინა უარყოფითი დასკვნა (მომხრე – 4 (ოთხი); წინააღმდეგი – 1 (ერთი)). 2023 წლის 4 მაისს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მოამზადა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის - ბ. ქ-ასთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე უარყოფითი დასკვნა №1000840220. დასკვნაში სააგენტომ აღნიშნა, რომ განცხადების განხილვისას, გამოკვლეული იქნა ერთი მხრივ, სხვა ქვეყნის მოქალაქის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირი, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის საკითხი. „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია უფლებამოსილი ორგანოებიდან. დადგინდა, რომ ბ. ქ-ას მიმართ არ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები.
დადგენილია, რომ სააგენტოს ზემოაღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2023 წლის 8 მაისის №3264 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე გადაგზავნილ №1000840220 უარყოფით დასკვნაზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ განცხადების განხილვის ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შესაბამისი ინფორმაციები გამოითხოვა საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურის 2022 წლის 6 დეკემბრის №00006643 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 22 ნოემბრის №1000840089/1 წერილის პასუხად ეცნობა, რომ ბ. ქ-ას შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2022 წლის 13 დეკემბრის №MIA 7 22 03517200 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 6 დეკემბრის №01/282456 წერილის პასუხად ეცნობა, რომ ბ. ქ-ას მიმართ, შსს მიგრაციის დეპარტამენტში გაძევების პროცედურები არ მიმდინარეობდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 24 იანვრის №SSG 4 23 00016465 მიმართვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 21 ნოემბრის №1000840220/1 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ბ. ქ-ას შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.
აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ეთნიკურად ქართველია, დაბადებულია აფხაზეთში, …ის რაიონში; მას საშუალო განათლება მიღებული აქვს საქართველოში; მოსარჩელის ახლო ნათესავები, კერძოდ მამიდა - ლ. ქ-ა და ბიძა - გ. ხ-ა ცხოვრობენ საქართველოში. ამასთან, ის ფაქტი, რომ მოსარჩელე დაბადებულია საქართველოში (ოკუპირებულ ტერიტორიაზე), ბავშვობა საქართველოში აქვს გატარებული და მისი ოჯახის წევრები კვლავ საქართველოში ცხოვრობენ, არ იძლევა ეჭვის საფუძველს მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მას საქართველო სამშობლოდ მიაჩნია.
ამასთან, საყურადღებოა, რომ ბ. ქ-ა მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მოთხოვნას აფუძნებდა იმ გარემოებაზე, რომ საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნდა და იგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირს წარმოადგენდა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აღნიშნული გარემოების მიუხედავად, გასაჩივრებულ დასკვნაში არ არის მითითებული მოსარჩელის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული პირობების გამომრიცხავი გარემოებები და გასაჩივრებული დასკვნა, თავის მხრივ, ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს და არ არის სათანადოდ შეფასებული ბ. ქ-ას კავშირი საქართველოსთან.
ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები არ გამოვლენილა, მოსარჩელის მიერ წარმატებით იქნა დაძლეული კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდები და არცერთი სახელმწიფო ორგანოდან სააგენტოს არ მიუღია უარყოფითი ინფორმაცია, ხოლო, საქმის მასალებით მოსარჩელის კავშირი საქართველოსთან უტყუარად დადასტურებულია, რაც მიუთითებს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობაზე.
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას სასამართლოს მიერ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში ჩარევასთან დაკავშირებით. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხზე სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება პრეზიდენტს. პრეზიდენტი აღნიშნული დასკვნების და საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასებით თავად წყვეტს მოქალაქეობის მინიჭების საკითხს. ამდენად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება წარმოადგენს პრეზიდენტის კონსტიტუციურ-სამართლებრივ საქმიანობას და ამ სახის აქტის მიღება არის პრეზიდენტის განსაკუთრებული უფლებამოსილება, რომელიც ფართო დისკრეციის პირობებში ხორციელდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 17.07.2025წ. №15432 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივნისის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ: 202307404) დაუბრუნდეს 17.07.2025წ. №15432 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა