ას-195-530-07 18 ივნისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ზ. რ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ჭ-ე, რ. რ-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება, ქონების მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. რ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ჭ-სა და რ. რ-ის მიმართ კომლის ქონებიდან მიწის ნაკვეთის, ჭურჭლისა და საცხოვრებელი ფართის გამოყოფის ან ფულადი კომპენსაციის _ 2500 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხეებმა 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში სარჩელი ცნეს, დანარჩენ ნაწილში კი მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ზ. რ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს საკუთრების უფლებით გამოეყო ლ. ჭ-სათვის კუთვნილის მიწის ნაკვეთიდან, ე.წ. “პურის ყანიდან” 2000 მ.კვ მიწის ნაკვეთი, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ზ. რ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ზ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზ.რ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინებით ზ. რ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა 10-დღიანი ვადა მის გამოსასწორებლად, სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოსადგენად. აღნიშნული ხარვეზის განჩინების ასლი კასატორს საქმის მასალებში მითითებულ რამოდენიმე მისამართზე გაეგზავნა, თუმცა სასამართლო გზავნილები ფოსტამ კონვერტით დააბრუნა უკან იმ მიზეზით, რომ ადრესატი დასახელებულ მისამართებზე არ ცხოვრობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინებით ზ. რ-ის საკასაციო საჩივარს განესაზღვრა ხარვეზი და მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად.
მითითებული ხარვეზის განჩინების ასლი ზ. რ-ს საქმის მასალებში არსებულ საკასაციო სასამართლოსათვის ცნობილ ყველა მისამართზე გაეგზავნა, თუმცა სასამართლო გზავნილები ფოსტის მეშვეობით ჩაუბარებლად დაუბრუნდა სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ ადრესატი არც ერთ დასახელებულ მისამართზე არ ცხოვრობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მითითებული ნორმით კანონმდებელი დაინტერესებულ მხარეს ვალდებულებას აკისრებს აცნობოს თავისი მისამართი სასამართლოს, აღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობა კი, ფაქტობრივად, ართმევს მხარეს მისთვის მინიჭებულ საპროცესო უფლებას მიიღოს სასამართლო უწყება ან გზავნილი. განსახილველ შემთხვევაში ზ. რ-ს სასამართლოსათვის თავისი შეცვლილი მისამართი არ უცნობებია, რის გამოც საკასაციო პალატის გზავნილი მისთვის ჩაბარებულად ითვლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. რ-მ საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რის გამოც მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე, 401-ე მუხლებით და 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. რ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.