ას-196-461-08 10 სექტემბერი, 2008წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს ..... სამინისტროს სახელმწიფო ..... სამმართველო
წარმომადგენელი _ ე. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ-ი, ა. შ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 4 იანვარს ზესტაფონის სახელმწიფო .... სამმართველომ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ თ. მ-ისა და ა. შ-ის მიმართ, მესამე პირი _ ზესტაფონის რაიონის ... და მოითხოვა მხარეთა შორის 1995 წლის 5 ივნისისა და 1996 წლის 10 დეკემბრის ხელშეკრულების, 1995 წლის 2 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის, 1996 წლის 10 დეკემბრის საკუთრების მოწმობისა და 1999 წლის 3 ივნისს ა. შ-ესა და თ. მ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელის განმარტებით, ზესტაფონის სახელმწიფო .... განყოფილებასა და ზესტაფონის .... ამხანაგობის უფლებამოსილ პირ ა. შ-ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება კულტურისა და დასვენების პარკში არსებული შენობა-ნაგებობის პრივატიზების მიზნით. 1999 წლის 10 დეკემბერს ა. შ-ეზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც ა. შ-ე, როგორც ამხანაგობის უფლებამოსილი პირი, გახდა პარკში მდებარე ობიექტების მესაკუთრე. ხელშეკრულების თანახმად, არ უნდა შეცვლილიყო ხელშეკრულების ობიექტის მუშაობის პროფილი, უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო პარკის დასუფთავება და შესაბამისი შეღავათებით უნდა ესარგებლათ მოსახლეობის შეჭირვებულ ფენებს. 1999 წლის 9 ივნისს ა. შ-ესა და თ. მ-ს შორის დაიდო პარკის იმ შენობა-ნაგებობის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლებიც თავის დროზე გადაეცა ა. შ-ეს. არც ა. შ-ის მიერ ობიექტის გასხვისებამდე და არც გასხვისების შემდეგ, თ. მ-ს არ შეუსრულებია 1996 წლის 10 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, არ ფუნქციონირებს და ნაგვის ბუდედ არის ქცეული პრივატიზებული ობიექტები.
მესამე პირმა – ზესტაფონის რაიონის .... შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნას მხარი დაუჭირა.
რაიონულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ა. შ-ემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ზესტაფონის კულტურისა და დასვენების პარკში არსებული შენობა-ნაგებობები სახელმწიფო .... განყოფილებისაგან შეიძინა პრივატიზების გზით და ფლობდა თ. მ-ზე გასხვისებამდე. ხოლო აღნიშნული პროფილის შენარჩუნება ვერ მოახერხა იმ პერიოდში არსებული მძიმე სოციალურ_ეკონომიკური მდგომარეობის გამო.
სარჩელი ასევე არ ცნო თ. მ-მა იმ საფუძვლით, რომ სადავო ქონება ა. შ-გან შეიძინა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო 1996 წლის 10 დეკემბრის პრივატიზების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ სრულდება, ხელშეკრულებაში არსებული აბსურდული პირობების გამო, შესაბამისად, არ არსებობს ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ზესტაფონის .... სამმართველოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ა. შ-ესა და სახელმწიფო .... განყოფილებას შორის 1995 წლის 5 ივნისის ხელშეკრულება, 1995 წლის 2 ივნისის ¹38 მიღება-ჩაბარების აქტი, 1996 წლის 10 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება და 1996 წლის 10 დეკემბრის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
აღნიშნული გადწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სახელმწიფო .... სამმართველომ და მოითხოვა ა. შ-ესა და თ. მ-ს შორის 1999 წლის 3 ივნისს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სახელმწიფო .... სამმართველოს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი _ 1999 წლის 3 ივნისს ა. შ-ესა და თ. მ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეთა შორის დავის საგანია 1999 წლის 3 ივნისს თ. მ-სა და ა. შ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება;
სადავო ხელშეკრულების თანახმად, ა. შ-ემ გაყიდა, ხოლო თ. მ-მა იყიდა ზესტაფონის კულტურისა და დასვენების პარკის შენობა - ნაგებობები, რომელიც მდებარეობს ზესტაფონში, .... ქ. ¹33-ში;
სანოტარო ბიუროს მიერ 1996 წლის 10 დეკემბერს გაცემული ხელშეკრულებისა და ტექბიუროს 1999 წლის 3 ივნისის ¹165 ცნობა-დახასიათების თანახმად, გასაყიდი ქონება ეკუთვნოდა ა. შ-ეს. აღნიშნული დაფიქსირებულია სადავო ხელშეკრულებაშიც. ხელშეკრულება დამოწმებულია სანოტარო წესით და ხელმოწერილია მხარეთა მიერ;
რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ განმარტა, რომ ა. შ-ესა და თ. მ-ს შორის დადებული ხელშეკრულებით დაირღვა კანონით დადგენილი წესი, კერძოდ, ა. შ-ემ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი, არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და თ. მ-თან ნასყიდობის ხელშეკრულბის დადებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მყიდველი სამართალმემკვიდრე უნდა გამხდარიყო შ-ის მიერ .... სამმართველოს წინაშე აღებულ ვალდებულებებზე, შესაბამისად, სადავო ხელშეკრულება აპელანტმა ბათილად მიიჩნია. აღნიშნული არგუმენტაცია არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და მიუთითა, რომ ა. შ-ესა და თ. მ-ს შორის 1999 წლის 3 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი არ არსებობდა იმ მოტივით, რომ აღნიშნული ხელშეკრულების დადებით, მხარეებს არ დაურღვევიათ არანაირი «კანონით დადგენილი წესი და აკრძალვები».
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს ერთურთის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაკეთილსინდისიერ და არაჯეროვნად შესრულებაზე არ გამოუთქვამთ პრეტენზია და ასეც რომ ყოფილიყო, აღნიშნული გარემოება შეიძლება გამხდარიყო არა ხელშეკრულების ბათილობის, არამედ ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ თ. მ-ი განსახილველ შემთხევაში კეთილსინდისიერი შემძენია, რომლისთვისაც დავის წარმოშობამდე უცნობი იყო ის დათქმები, რაც ..... განყოფილებასა და ა. შ-ეს შორის 1996 წლის 10 დეკემბერს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში იყო ჩადებული. აღნიშნული სადავო არ გამხდარა არც რაიონულ და არ სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე.
რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის .... სამმართველოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რაიონულ სასამართლოს საქმის განხილვისას არ უმსჯელია ა. შ-ესა და თ. მ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე, რაც სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა და აღნიშნულ ნაწილში გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დააკმაყოფილა მითითებული მოთხოვნა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სახელმწიფო .... სამმართველომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით 1999 წლის 3 ივნისს ა. შ-ესა და თ. მ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 361-ე მუხლები. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლომ არაობიექტურად შეისწავლა და შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არ გაითვალისწინა სახელმწიფო .... სამმართველოსა და ა. შ-ეს შორის 1996 წლის 10 დეკემბრს დადებული ხელშეკრულების მე-11 მუხლი, რომლის მიხედვითაც ქონების გაყიდვის შემთხვევაში, ახალი მყიდველი ხდებოდა სამართალმემკვიდრე ხელშეკრულებაში მითითებული პირობების შესრულებაზე. არცერთი პირობა 1999 წლის 3 ივნისს ა. შ-ესა და თ. მ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ გათვალისწინებულა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე და 54-ე მუხლების თანახმად, სადავო ხელშეკრულება ბათილად უნდა ეცნო.
სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან თ. მ-ვის დავის წარმოშობამდე უცნობი იყო ის დათქმები, რაც სახელმწიფო .... სამინისტროს ზესტაფონის რაიონულ განყოფილებასა და ა. შ-ეს შორის 1996 წლის 10 დეკემბერს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში იყო ჩადებული, იგი კეთილსინდისიერი შემძენია. კასატორის განმარტებით, აღნიშნული განმარტება საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან მ-სა და შ-ეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მისი გაფორმების საფუძველს წარმოადგენდა სამმართველოსა და შ-ეს შორის არსებული ნასყიდობის ხელშეკრულება, შესაბამისად, თ. მ-ვის ცნობილი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და სასამართლოს იგი კეთილსინდისიერ შემძენად არ უნდა მიეჩნია.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორმა მიუთითა, რომ ა. შ-ესა და სახელმწიფო ... განყოფილებას შორის 1995 წლის 5 ივნისის ხელშეკრულების, 1995 წლის 2 ივნისის ¹38 მიღება-ჩაბარების აქტის, 1996 წლის 10 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 1996 წლის 10 დეკემბრის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმება მნიშვნელოვანი საფუძველია, ა. შ-ესა და თ. მ-ს შორის 1999 წლის 3 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს 1999 წლის 3 ივნისს თ. მ-სა და ალ. შ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. სადავო ხელშეკრულების თანახმად, ალ. შ-ემ გაყიდა, ხოლო თ. მ-მა იყიდა კულტურისა და დასვენების პარკის შენობა-ნაგებობები, მდებარე ქ. ზესტაფონი, .... ქ. ¹33-ში. ხელშეკრულება დამოწმებულია სანოტარო წესით და ხელმოწერილია მხარეთა მიერ.
კასატორის მოსაზრებით სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ხელშეკრულება ბათილია, ვინაიდან ამ გარიგებით დაირღვა კანონით დადგენილი წესი, რაც გამოიხატა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევაში.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას და თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული არგუმენტები ვერ გახდება სადავო ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის ანალიზიდან გამომდინარე გარიგების ბათილობას იწვევს ნების გამოვლენის შეუსაბამობა კანონის იმპერატიულ დანაწესებთან. ხოლო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი კი ითვალისწინებს მოვალის მიერ ვალდებულების ძალით წარმოშობილ მოთხოვნათა შესრულებას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა არ წარმოადგენს გარიგების ბათილობის საფუძველს, არამედ კანონი ვალდებულების დარღვევას უკავშირებს სულ სხვა შედეგებს, კერძოდ, ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა, ზიანის ანაზღაურება (სკ-ის 394-ე, 405-ე, 408-ე მუხლები) და ა.შ.
კასატორი ვერ მიუთითებს ისეთ კანონზე, რომლის დანაწესსაც ეწინააღმდეგება ხელშეკრულების მხარეთა ნების გამოვლენა და, რომელიც უნდა გამოეყენებინა სააპელაციო სასამართლოს და არ გამოიყენა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს .... სამინისტროს სახელმწიფო.... სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.