Facebook Twitter

ას-197-532-07 18 ივნისი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ლ. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “-- -- --” (მოპასუხე)

დავის საგანი _ ხელშეშლის აღკვეთა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. გ-მ 2005 წლის ივლისში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს “-- -- --” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისაგან მიწის ნაკვეთის სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება.

ლ. გ-მ სააპელაციო პალატის განჩინებაზე შეიტანა საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 9 მარტის განჩინებით ლ. გ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრისა და ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. მითითებული განჩინებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.

ლ. გ-მ 2007 წლის 2 აპრილს წარმოადგინა ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი და განცხადებით მოითხოვა მოცემული საქმის წარმოების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეტანილი აქვს სასარჩელო განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ... სააგენტოს ბათუმის ... სამსახურის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვს ბათუმის ... სამსახურისათვის ქ.ბათუმში, ... ქ. ¹43-ში არსებული 954 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ დარეგისტრირებას, ასევე 2005 წლის 4 აგვისტოს გაცემული საკადასტრო რუქის გაუქმებას, რომლის სარეგისტრაციო ნომერია ... , საკადასტრო ნომერი - ...; მისი მოსაზრებით აღნიშნული დავის განხილვას მნიშვნელობა აქვს მოცემული საკასაციო საჩივრის განხილვისათვის. ლ.გ-მ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტზე მითითებით მიიჩნია, რომ თუ მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება და მას დაარეგისტრირებენ ქ.ბათუმში, ... ქ. ¹43-ში არსებული 954 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, მაშინ მისი საკასაციო საჩივარი გადაწყდება მის სასარგებლოდ. განცხადებით მან ასევე მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის გადადება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით ლ. გ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა. მას დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მითითებული განჩინებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ლ.გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 9 მარტის განჩინებით ლ. გ-ს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრისა და ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა (ს.ფ. 169-170). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით ლ. გ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა. მას დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მითითებული განჩინებით მას განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 191-192). ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ლ. გ-ს და მის წარმომადგენელს ე. პ-ს, რაც 2007 წლის 20 აპრილს პირადად ჩაბარდა ლ.გ-ს (ს.ფ. 193-194). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 25 აპრილის ჩათვლით; მაგრამ კასატორს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ლ.გ-მ მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის განხილვის შეჩერება და ამის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს ამ ხარჯების ოდენობა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადადების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, რის გამოც მას არა აქვს საშუალება წინასწარ გადაიხადოს სასამართლო ხარჯები. ამ გარემოების დადასტურების ტვირთი ეკისრება თვითონ მხარეს, რომელიც ითხოვს სასამართლო ხარჯების გადახდის გადადებას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორი თავის განცხადებაში არ უთითებს მისი ქონებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელ ისეთ გარემოებას, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს ლ. გ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადებას. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია ლ. გ-ის მოთხოვნა მისი საკასაციო საჩივრის განხილვის შეჩერების თაობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი.

ლ. გ-ს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის წარმოების შეჩერებაზე.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.