საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-909(კ-25) 23 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ს-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ. ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა) - დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის - მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის თანხის 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე პერიოდში, თვეში 1000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის - მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის თანხის 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე პერიოდში, თვეში 1000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლო, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ამასთან, სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხები, კერძოდ, სასამართლომ პასუხი არ გასცა, არ გამოიკვლია და არ იმსჯელა, რამდენად სავალდებულოა ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მაძიებლისათვის კანონით დადგენილი საბუთების წარდგენა. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანების მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ემსჯელა, მოცემულ შემთხვევაში, რამდენად იყო საჭირო მოსარჩელეს ადმინისტრაციულ ორგანოში წარედგინა ცნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, რომ სტატუსის მაძიებელი არ იმყოფება მეორედ ქორწინებაში. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის მიერ აღნიშნული ცნობა სამსახურში წარდგენილ იქნა 2023 წლის მაისის ბოლოს. ამრიგად, სასამართლომ უხეშად დაარღვია მითითებული საერთაშორისო აქტის, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს ნორმატიული აქტების მოთხოვნები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს წარმოადგენს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილზე, სზაკ-ის 208-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 207-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე მითითებით კასატორი განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან, როდესაც უფლების დარღვევა ხდება სახელმწიფოს ძალაუფლების მატარებლის ქმედებით და მისი თავიდან აცილება შეუძლებელია. სახელმწიფო ვალდებულია, ეს დარღვევა ზიანის ანაზღაურებით აღმოფხვრას. დასახელებული საკანონმდებლო ნორმების თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი უნდა მიუძღოდეს უშუალოდ ზიანის მიმყენებელს. ამასთან, ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურებრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული. ამდენად, ზიანის ანაზღაურებისათვის უნდა დადგინდეს შემდეგი საფუძვლების ერთიანობა: ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ბ) შედეგი/ზიანი; გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; დ) პირის ბრალეულობა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს მოთხოვნას წარმოადგენს 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის დაკისრება. შესაბამისად, სასამართლოს უნდა დაედგინა წარმოადგენდა თუ არა დამდგარი ზიანი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების/უმოქმედობის შედეგს.
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათთვის კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით დადგენილია, რომ ვეტერანებისა და მათი ოჯახების წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ევალება.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტზე, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტსა და 24-ე მუხლზე, „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილების დანართი №1-ის პირველ მუხლსა და დანართი №2-ის პირველ მუხლზე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №281 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, სზაკ-ის 76-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 77-ე მუხლზე, 78-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 83-ე მუხლზე მითითებით კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ლ. ს-ას მიერ 2023 წლის 18 მაისამდე არ იქნა წარდგენილი კანონით დადგენილი საბუთი (ცნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, რომ არ იმყოფება მეორედ ქორწინებაში), რაც გახდა მისი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, სამსახურმა ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი ლ. ს-ას მიანიჭა მას შემდეგ, რაც 2023 წლის მაისში მისმა წარმომადგენელმა წარადგინა კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული საქმის გადაწყვეტისათვის სავალდებულო ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, კერძოდ, ცნობა, რომ არ იმყოფება მეორედ ქორწინებაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმის არსებითად გადაწყვეტისათვის ყველა სავალდებულო (გათვალისწინებული) საბუთი (დოკუმენტი) მოსარჩელის მიერ სამსახურში წარდგენილ იქნა მხოლოდ 2023 წლის მაისში, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი გარემოება, რომლის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი. ამასთან, სზაკ-ის მე-5 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. განსახილველ შემთხვევაში, თავდაპირველად მხარის მიერ წარდგენილ განცხადებაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ შეაჩერა საქმის წარმოება და განაახლა მას შემდეგ, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოდან სამსახურში წარდგენილ იქნა 2023 წლის 18 მაისის №01/114454 ცნობა, რომლითაც დადგინდა ლ. ს-ას მიმართ სხვა რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტის არ არსებობა. შესაბამისად, არ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული მოქმედების ფაქტი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველია.
სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა სზაკ-ის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც დადგენილია, რომ განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ემსჯელა სზაკ-ის იმ მუხლებსა და საქმის გარემოებებზე, რომლითაც კანონმდებელი განმცხადებელს ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინოს ყველა ის საბუთი, რომელიც სავალდებულოა საქმის განხილვა-გადაწყვეტისათვის, კერძოდ, ქორწინების მოწმობა და ცნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, რომ არ იმყოფება მეორედ ქორწინებაში. ეს უკანასკნელი ცნობა, მოსარჩელემ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში წარადგინა მხოლოდ 2023 წლის 18 მაისს, რომლის შემდგომაც მას მიენიჭა მოთხოვნილი სტატუსი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა მოსაზრებების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: ა) ლ. ს-ა არის ა. კ-ას მეუღლე, რომელიც გარდაიცვალა 2018 წლის 16 სექტემბერს და მას მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილის - ვეტერანის სტატუსი (ს.ფ. 16-26, 119, 64, 65, 73); ბ) ქ. ფ...ს მკურნალი ექიმის მ. ი-ას მიერ 2018 წლის 16 სექტემბერს გაცემული ფორმა №IV-100/ა თანახმად, აწ. გარდაცვლილ ა. კ-ას გარდაცვალების მიზეზი იყო ომში მიღებული ჭრილობები, მისი შემდგომი გართულებებით (ს.ფ. 16-26, 70-72); გ) ლ. ს-ამ 2019 წლის 24 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და მისი ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭება ითხოვა (ს.ფ. 16-26); დ) სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის 28 ოქტომბრის SSVA 00023357 წერილით ლ. ს-ას ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი არ არის ცნობა, რომლითაც დადასტურდება მიზეზობრივი კავშირი მისი მეუღლის საომარ მოქმედებებში მიღებულ ჭრილობებს და გარდაცვალებას შორის (ს.ფ. 113-114); ე) 2019 წლის 12 ნოემბერს, ლ. ს-ამ განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, დამატებით წარადგინა ფოთის ჰოსპიტალის მიერ გაცემული ცნობა და ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭება მოითხოვა (ს.ფ. 116); ე) ფოთის ჰოსპიტალის (...ს) 2019 წლის 21 ნოემბრის წერილით, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ეცნობა, რომ სს „ფ...“ (2019 წლის 01 აპრილიდან სს ,,ე...’’) არ წარმოადგენს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებას. 2018 წლის 16 სექტემბრის ცნობა (ფორმა №IV-100/ა) შედგენილია არა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის, არამედ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის ფარგლებში, მასში მითითებული მიზეზი პაციენტის გარდაცვალების შესახებ (პუნქტი 16) „ომში მიღებული ჭრილობები შემდგომი გართულებით“ არ გამომდინარეობს რაიმე კვლევიდან და ეყრდნობა მხოლოდ პაციენტის მიერ მიწოდებულ ანამნეზს (ს.ფ. 16-26, 89); ვ) სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის SSVA 00027220 წერილობითი მიმართვით ლ. ს-ას ეცნობა, რომ მას უნდა განემარტა, ქ. ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოს ჰქონდა თუ არა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების უფლებამოსილება და შესაბამისი სერთიფიკატი. ასევე, აღნიშნული დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შეესაბამებოდა თუ არა ინსტრუქციის გათვალისწინებულ წესებს (ს.ფ. 16-26); ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის 16 თებერვლის წერილით დასტურდება, რომ სამედიცინო დაწესებულება - სს „ს...“ ფოთის ამბოლატორიული ცენტრი 2018 წლის 16 სექტემბერს წარმოადგენდა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებას (ს.ფ. 16-26); თ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №SSVA 00027220 გადაწყვეტილება, მოსარჩელე ლ. ს-ასთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. დაევალა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე ლ. ს-ას მიენიჭება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი (ს.ფ. 16-26); ი) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 27-49); საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება (ს.ფ. 50-53); კ) კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №3/258-20) ლ. ს-ას წარმომადგენლის მიერ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აღსასრულებლად იქნა წარდგენილი 2023 წლის 17 მარტს და 2023 წლის 19 მაისს (ს.ფ. 54-55); ლ) საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2023 წლის 10 აპრილს (ს.ფ. 56); მ) სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №SSVA 00014710 ცნობის თანახმად, მოქალაქე ლ. ს-ას ცნობა მიეცა მასზედ, რომ იგი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 2018 წლის 4 დეკემბრიდან, ხოლო 2023 წლის 29 მაისიდან, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში - ომში დაღუპულის ოჯახის წევრი (ს.ფ. 58); ნ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო სერვის ცენტრის 2023 წლის 25 ოქტომბრის SSA 1 23 01130819 წერილობითი ინფორმაციის თანახმად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ლ. ს-ამ ოჯახის წევრის გარდაცვალების საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო სერვის ცენტრს განცხადებით მიმართა 2023 წლის 1 ივნისს (№573925). ზემოაღნიშნული კანონის შესაბამისად, ლ. ს-ას სახელმწიფო კომპენსაცია ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო დაენიშნა 2023 წლის 1 ივლისიდან. რაც შეეხებოდა მიუღებელი პერიოდის - 16.09.2018 წლიდან 01.07.2023 წლამდე თანხის ანაზღაურებას, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში ლ. ს-ას არ მიუმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით, არ არსებობს თანხის ანაზღაურების კანონიერი საფუძველი (ს.ფ. 60-61, 59).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამდენად, სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი. ამასთან, კოდექსის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი („ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული...“ (სუს 10.04.2014წ. №ბს-648-623(2კ-13) გადაწყვეტილება).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის). დასახელებული საკანონმდებლო ნორმის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მოიაზრებს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. გარდა ამისა, ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან და ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც შეიძლება ემსახურებოდეს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების საფუძვლების გამოსავლენად საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად. დასახელებული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. ამავე კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ვეტერანების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანების ოჯახის შემდეგ წევრებზე: ა) შრომიუუნარო მშობლებზე მიუხედავად მათი ასაკისა; ბ) მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა; გ) არასრულწლოვან (18 წლის ასაკამდე) შვილებზე და ოჯახის სხვა შრომიუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული (გარდაცვლილი) პირის კმაყოფაზე და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალის პენსიას.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის სოციალური დაცვა ითვალისწინებს სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს (მუხლი 1.1). ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ამავე საკანონდებლო აქტის 26-ე მუხლის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) მიხედვით, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. ამავე კანონის მე-4 მუხლის „თ“ პუნქტის მიხედვით, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.
დასახელებული კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კომპეტენტური ორგანოს მიერ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების პირობებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე, აგრეთვე მაძიებლის მომართვის შემთხვევაში – მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში − კანონიერი წარმომადგენლის პირადობისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტები (კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ წარმომადგენლობის დოკუმენტში მოცემულია მაძიებლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ა2 ქვეპუნქტის შესაბამისად, პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის: გარდაცვალების მოწმობა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის (შემდგომში – ვეტერანების საქმეთა სამსახური) მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა. საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან, დამატებით, მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ. ს-ამ 2019 წლის 24 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. 2019 წლის 12 ნოემბერს, მოსარჩელემ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს დამატებით წარუდგინა ფოთის ჰოსპიტალის მიერ გაცემული ცნობა. მიუხედავად აღნიშნულისა, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №SSVA 00027220 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ქ. ფ...ს მკურნალი ექიმის მ. ი-ას მიერ გაცემული 2018 წლის 16 სექტემბრის ცნობა (ფორმა NIV-100/ა) არასაკმარის მტკიცებულებად იქნა მიჩნეული, რომლითაც დადასტურდებოდა მიზეზობრივი კავშირი მისი მეუღლის საომარ მოქმედებებში მიღებულ ჭრილობებს და გარდაცვალებას შორის. ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №SSVA 00027220 გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე ლ. ს-ას მიენიჭება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსი. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, იმ პირობებში, როდესაც, მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი იქნა ქ. ფ...ს მკურნალი ექიმის მ. ი-ას მიერ გაცემული 2018 წლის 16 სექტემბრის ცნობა (ფორმა NIV-100/ა), სადაც, მე-16 პუნქტში მითითებულია, რომ ,,ა. კ-ას გარდაცვალების მიზეზი გახდა ომში მიღებული ჭრილობები მისი შემდგომი გართულებებით“, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული აღნიშნული ცნობა არასაკმარის მტკიცებულებად. ამავე საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი ქ. ფ...ს 16.09.2018 წელს გაცემული ,,ცნობა ფორმა №IV-100/ა-ის“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 16.02.2021 წ. №02/1608, 29/06/2021 წ. №02/9236, 05/07/2021 წ. №01/9837 წ. წერილების შინაარსის შესაბამისად, მოსარჩელის მეუღლე, ა. კ-ა გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიღებული ჭრილობის შემდგომი გართულებებით. ამასთან, აღნიშნული დასკვნის უარყოფის საფუძველს ვერ შექმნის ფ...ის (...ს) 21.11.2019 წ. №328 წერილის შინაარსი, ვინაიდან, საქმის მასალების მიხედვით, ქ. ფ...ს მიერ ცნობა (ფორმა №IV-100/ა) გაცემულია არა 2019 წელს, არამედ 16.09.2018 წელს, რომელ პერიოდში სამედიცინო დაწესებულება წარმოადგენდა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის განმახორციელებელ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. სწორედ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შედეგია, რომ მოსარჩელე 2023 წლის 29 მაისიდან სარგებლობს, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში - ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსით. ამდენად, დადგენილია, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (2019 წლის 16 დეკემბრის №SSVA 00027220 გადაწყვეტილება), მოსარჩელეს სადავო პერიოდში შეეზღუდა კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლება. შესაბამისად, სახეზეა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ლ. ს-ას მიმართ დამდგარ მატერიალურ ზიანსა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებას შორის. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, მოსარჩელეს ზიანის სახით უნდა აუნაზღაურდეს ის თანხა, რომელიც ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. ამდენად, მართებულად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა სადავო პერიოდში მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა