ას-198-533-07 23 ივლისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ თ. ფ-ე, ზ. და ნ. ჯ-ები (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ჯ-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. ჯ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს თ. გ-ის, ზ. და ნ. ჯ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, 1996 წლის 17 იანვარს გარდაიცვალა მისი მეუღლე ნ. ჯ-ი და მის დანაშთ ქონებაზე 2002 წლის 6 დეკემბერს აღიდგინა მემკვიდრეობა და მიიღო საცხოვრებელი სახლი. სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით დავა ჰქონდა მოპასუხეებთან და საბოლოოდ მოპასუხეთა მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანისა და სახლზე მემკვიდრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის ერთადერთი მესაკუთრე იყო მოსარჩელე, ხოლო მოპასუხეები სახლში უნებართვოდ ცხოვრობდნენ.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთთვის მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლით სარგებლობის აკრძალვა და მათი გამოსახლება ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹85-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ჯ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. ფ-ე, ზ. და ნ. ჯ-ებს აეკრძალათ თ. ჯ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლით სარგებლობა და გამოსახლდნენ ქ.ქუთაისში, ... ქ.¹85-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ქ. ქუთაისში, ... ქ.¹85-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს თ. ჯ-ის საკუთრებას. პალატამ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ აღნიშნულ საცხოვრებელ ბინას.
ასევე, სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 14 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებითYარ დაკმაყოფილდა თ. ფ-ის, ზ. და ნ. ჯ-ების სარჩელი, რომლითაც ისინი ითხოვდნენ სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანასა და ქუთაისში, ... ქ.¹85-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მემკვიდრედ ცნობას. საააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და შესაბამისად, თ. ფ-ს, ზ. და ნ. ჯ-ებს საცხოვრებელ სახლზე უფლებები არ წარმოშობიათ. სამართლებრივ საფუძვლად პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებზე.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასააციო საჩივარი შეიტანეს თ. ფ-მ, ზ. და ნ. ჯ-ებმა. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის “დ” პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ იმსჯელა, თუ რატომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მათი წერილობითი მტკივებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ ყალბი დოკუმენტებისა და საბუთების წარდგენით შეცდომაში შეიყვანა ნოტარიუსი, კერძოდ, წარადგინა ყალბი ცნობა, რომ, თითქოს სადავო სახლში ცხოვრობდა თვითონ და მისი შვილის მეუღლე, მაშინ, როდესაც სადავო ბინაში დღემდე მუდმივად 1983 წლიდან მოპასუხეები ცხოვრობენ.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე თ. ფ-ე 1983 წლიდან კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. ჯ-თან და მასთან თანაცხოვრობის პერიოდში შეეძინა ზ. და ნ. ჯ-ები. მისი ოჯახი 1983 წლიდან ცხოვრობს სადავო ბინაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 11 მაისის საოქმო განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოცემულ საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება, თ. ფ-ის მიერ წარმოდგენილი თ. ჯ-ის გარდაცვალების მოწმობის საფუძველზე, კასატორის მოწინააღმდეგე მხარის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 2 თებერვლის განჩინებით განახლდა თ. ფ-ის, ზ. და ნ. ჯ-ების საკასაციო საჩივრის განხილვა. კასატორებს დაევალათ წარმოედგინათ თ. ჯ-ის უფლებამონაცვლის დადგენის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2009 წლის 22 მაისს თ. ფ-მ, ზ. და ნ. ჯ-ებმა განცხადებით მიმართეს საკასაციო პალატას და მიუთითეს, რომ ზ. და ნ. ჯ-ები არიან აწ გარდაცვლილ თ. ჯ-ის პირველი რიგის მემკვიდრეები და ისინი ფაქტობრივად მართავენ და ფლობენ აწ გარდაცვლილ თ. ჯ-ის დანაშთ ქონებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინებით აწ გარდაცვლილ – თ. ჯ-ის უფლებამონაცვლედ საქმის განხილვაში ჩაერთო ზ. და ნ. ჯ-ები. ამასთან, ზ. და ნ. ჯ-ებს დაევალათ აცნობონ საკასაციო პალატას ეთანხმებიან თუ არა საკასაციო საჩივარს და სურთ თუ არა მისი განხილვა.
2007 წლის 10 ივლისს ზ. და ნ. ჯ-ებმა განცხადებით მიმართეს საკასაციო პალატას, სადაც მიუთითეს, რომ ისინი (ზ. და ნ. ჯ-ები) ეთანხმებიან საკასაციო საჩივარს და არ სურთ მისი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის სადავო ურთიერთობა არ არსებობს. კასატორის მოწინააღმდეგე მხარეები, რომლებიც წარმოადგენენ მოსარჩელის უფლებამონაცვლეებს, ეთანხმებიან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც უარი ეთქვა სარჩელს დაკმაყოფილებაზე. ამრიგად, მოსარჩელეები მხარს არ უჭერენ სარჩელს და უარს ამბობენ დავის გაგრძელებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. და ნ. ჯ-ების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება. კასატორებს დაუბრუნდეს მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის, 284-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. და ნ. ჯ-ების მოთხოვნა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები და შეწყდეს საქმის წარმოება;
ნ. ჯ-ს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 516 ლარი;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა არ გასაჩივრდება.