Facebook Twitter

¹ ას-198-620-06 3 იანვარი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ცეკავშირის შპს “ს-ის“ დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ი.ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “კ”

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ცეკავშირის შპს “ს-ს” დეპარტამენტმა სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს ქ. ფოთის .... მიმართ და მოითხოვა ფოთის აგრარული ბაზრის 17 000 კმ2 მიწის ნაკვეთის გამოთხოვა უკანონო მფლობელობიდან. მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს მინისტრთა საბჭომ, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 26 თებერვლის ¹.... დადგენილების საფუძველზე, 1987 წლის 19 მაისს, მიიღო დადგენილება „საკოლმეურნეო ბაზრების მუშაობის გაუმჯობესების შესახებ“, რომლის საფუძველზეც ვაჭრობის სამინისტროს დაქვემდებარებიდან რესპუბლიკის ყველა ბაზარი უსასყიდლოდ ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა .... კოოპერატივს. 1991 წლის 7 მარტს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ერთპიროვნულად გამოსცა ¹...-„გ“ განკარგულება, რომლითაც ბაზრები, რომლებიც ცეკავშირის სისტემაში იმყოფებოდნენ, ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა საქართველოს ვაჭრობის სამინისტროს. აღნიშნულთან დაკავშირებით, აღიძრა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის 1999 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით აგრარული ბაზარი დაუბრუნდა ცეკავშირს, ხოლო ცეკავშირის გამგეობის 1999 წლის ... მარტის დადგენილებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ცეკავშირისათვის დაბრუნებული არაპრივატიზირებული ბაზრები უშუალოდ დაექვემდებარა ცეკავშირის „ს-ის“ დეპარტამენტს. 1998 წლის 22 ოქტომბერს ქ. ფოთის მერიის ¹... ბრძანებით ქ. ფოთის აგრარული ბაზრის სავაჭრო ცენტრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩასატარებლად შპს „კ-ს“ გამოეყო 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე საჯარო რეესტრში შპს „კ“ დარეგისტრირდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, რაც, მოსარჩელის განმარტებით, უკანონოა, რადგან „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო მიწის ნაკვეთი სარგებლობაში ან საკუთრებაში გაიცემა კონკურსის ან აუქციონის წესით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 1999 წლის 23 თებერვლის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 7 მარტის ¹...-„გ“ განკარგულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი არ გავრცელდა იმ საკოლმეურნეო ბაზრებზე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, ანუ 1999 წლის 23 თებერვალს, აუქციონის წესით გაყიდული და პრივატიზებული იყო პრივატიზაციის სხვადასხვა ფორმით. ქ.ფოთის აგრარული ბაზარი პრივატიზებულია შპს „კ-ის“ მიერ 1998 წელს. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი ვერ გავრცელდება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ცეკავშირის „ს-ის“ დეპარტამენტმა.

სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 20 დეკემბრის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე ფოთის მთავრობა შეიცვალა სათანადო მოპასუხე შპს “კ-ით” და საქმე განხილულ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ცეკავშირის „ს-ს“ დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ საქართველოს მინისტრთა საბჭომ, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 1987 წლის ... თებერვლის დადგენილების საფუძველზე, 1987 წლის 19 მაისს, მიიღო დადგენილება „საქართველოს სს რესპუბლიკაში საკოლმეურნეო ბაზრების მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“, რომლის საფუძველზეც ვაჭრობის სამინისტროს დაქვემდებარებიდან რესპუბლიკის ყველა ბაზარი უსასყიდლოდ ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა .... კოოპერატივს.

საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა 1991 წლის 7 მარტს მიიღო ¹... „გ“ განკარგულება, რომლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით საქართველოს „ცეკავშირის“ საკოლმეურნეო ბაზრები (აგრარული ბაზრები) საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს გადაეცა.

1999 წლის 23 თებერვლის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 7 მარტის ¹...-„გ“ განკარგულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი არ გავრცელდა იმ საკოლმეურნეო ბაზრებზე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, ანუ 1999 წლის 23 თებერვალს, აუქციონის წესით გაყიდული და პრივატიზებული იყო პრივატიზების სხვადასხვა ფორმით.

შპს „კ-მა“ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოიპოვა 1998 წლის 22 დეკემბერს, მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი ვერ გავრცელდება.

ცეკავშირის შპს „ს-ის“ დეპარტამენტმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, კანონი „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება. აღნიშნული მუხლების ახსნა-განმარტებიდან ნათლად ჩანს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებს მიღმა უფლებამოსილია შეამოწმოს სააპელაციო სასამართლოს ის საპროცესო დარღვევები, რომელსაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ სასამართლო გადაწყვეტილება დაეფუძნოს საქმის გარემოებების სრულ, ყოველმხრივ და ობიექტურ განხილვას, სასამართლომ პირველ რიგში უნდა გაარკვიოს საქმეში მონაწილე პირთა სტატუსი და მოთხოვნა, რაც, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დისპოზიციურობის პრინციპიდან მომდინარეობს, რომლის თანახმადაც, საქმის წარმოების დაწყების საფუძველს სწორედ მხარის ნება და მის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა წარმოადგენს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ მხრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ხარვეზიანია, კერძოდ, წინააღმდეგობრივია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 20 დეკემბრის სხდომის ოქმი და ამავე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გაურკვეველია ... სტატუსი აღნიშნულ საქმეში და მის წინააღმდეგ წარდგენილი მოთხოვნა. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან და სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 20 დეკემბრის სხდომის ოქმიდან ირკვევა, ... საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს განიხილებოდა როგორც მოწინააღმდეგე მხარე, მაშინ როდესაც ამავე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ... აღნიშნულ საქმში იყო მესამე პირი. გარდა ... , როგორც საქმეში მონაწილე პირის სტატუსისა, გაურკვეველია მის წინააღმდეგ წარდგენილი მოთხოვნა. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით სააპელაციო პალატის დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ საკასაციო პალატა მოკლებულია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შესაძლებლობას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” პუნქტისა და ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მტკიცებულებათა სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლევის შედეგად, უნდა დაადგინოს ...-ის სტატუსი მოცემული საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, კერძოდ, ... მოცემული საქმის განხილვისას მონაწილეობდა როგორც მოწინააღმდეგე მხარე, თუ როგორც მესამე პირი. თუ იგი მონაწილეოებდა როგორც მოწინააღმდეგე მხარე, მაშინ რა მოთხოვნები გააჩნდა აპელანტს მის, როგორც მოწინააღმდეგე მხარის, წინააღმდეგ.

ამრიგად, სასამართლოს მიერ საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მხარის საქმის განხილვაში მონაწილეობის სტატუსის, მისი მოთხოვნებისა და უფლება-მოვალეობების არასრულყოფილად დადგენა და გამოკვლევა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში არსებითი უსწორობის დაშვების საფუძველი შეიძლება გახდეს, რაც მხარის საკუთარი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით დაცვის კონსტიტუციური უფლების დარღვევას გამოიწვევს.

ყოველივე ზემოაღნიშნულდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში, ხოლო რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ ნაწილში კასატორს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას, ვინაიდან სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმებისა და ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები, რაც საკასაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას გამორიცხავს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დGა ა დ გ ი ნ ა :

ცეკავშირის შპს „ს-ის“ დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.