საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-921(კ-25) 13 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ.პ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ.პ-მა 2023 წლის 06 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა: „ნ.პ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 27 სექტემბრის №IDP 2 23 00002697 ბრძანების ბათილად ცნობა; ნ.პ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 27 სექტემბრის №IDP 2 23 00002697 ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ.პ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
პალატა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკითხის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ნ.პ-ის ფაქტობრივი და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენას და მიზეზს, თუ რის გამო დატოვა მან აღნიშნული ტერიტორია. პალატამ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნ.პ-ის რუსეთის ფედერაციაში ყოფნა განპირობებული იყო სწავლის ხანგძლივი პერიოდის გამო. სწავლის პერიოდს დაემთხვა ნ.პ-ის დაქორწინებაც და შვილების შეძენაც. პალატის მითითებით, სადავო არ იყო ის გარემოება, რომ სწავლის დასრულების შემდგომ, 1993 წლის 28 ივნისის მდგომარეობით არსებული და განვითარებული მოვლენები შეუძლებელს ხდიდა მის საცხოვრებელ ადგილზე, ქ. გალში დაბრუნებას. პალატამ მიიჩნია, რომ პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. პირი რომელიმე ადგილას შესაძლოა იმყოფებოდეს გარკვეული ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე. ამასთანავე, არ გამოირიცხება სწავლის მიზნით მუდმივი საცხოვრებელი ადგილისაგან მოშორებით დროებით ცხოვრება. პალატამ აღნიშნა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად დგინდება - მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირების, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია. რომ ნ.პ-ის საცხოვრებელი ადგილი 1993 წლამდე მუდმივად არ მიუტოვებია. მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს 1993 წლამდე უდავოდ წარმოადგენდა ქალაქი გალი. იგი დროებით, სასწავლებლად იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რაც არ გულისხმობს პირის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვებას და სხვა ადგილზე მუდმივად საცხოვრებლად გადასვლას. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება, რიგ შემთხვევებში, ასევე შესაძლებელია დაკავშირებული იყოს საკუთრების უფლებასთან, რაც მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია ნ.პ-ისათვის ქ. გალში მდებარე უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით. პალატამ მხედველობაში მიიღო, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების განმარტებებიც მოსარჩელის ქ. გალთან არსებულ კავშირებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ ნ.პ-ის მიმართ ვრცელდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები და სახეზე იყო მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ ნ.პ-ი ქ. გალში 1991 წლის ზაფხულის შემდეგ არ ყოფილა, მაშინაც ჩასული იყო დროებით, არდადეგებზე. ნ.პ-ი 1984 წლიდან აღარ იყო დაკავშირებული ქ. გალთან ყოველდღიური ყოფით, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილით. მას არ დაუტოვებია აფხაზეთი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამო და შესაბამისად, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. სააგენტომ მიიჩნევს, რომ ნ.პ-სთან მიმართებაში არ დადასტურდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა და მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო. კასატორი ყურადღებას ამახვილებს საკასაციო პალატის დადგენილ პრაქტიკაზე (სუს 2012 წლის 01 თებერვლის საქმე Nბს-1227-1213(კ-11)), რომლითაც განმარტებულია, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მაძიებელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, რაც განიმარტება იმგვარად, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, პირის ძირითადი, უმთავრესი, მუდმივი და არა დროებითი ადგილსამყოფელი. კასატორის მითითებით, სააგენტოს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე თავისი ყოფა-ცხოვრებით არ იყო დაკავშირებული დღეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიასთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2023 წლის 1 აგვისტოს ნ.პ-მა №808957 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 27 სექტემბრის №IDP 2 23 00002697 ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. ხსენებული აქტით დგინდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელესთან მიმართებაში არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევა - მოსარჩელის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბადების, მუდმივად ცხოვრებისა და აღნიშნული მუდმივი საცხოვრებლის დატოვების ფაქტი („იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე“ დასკვნა).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი უშუალოდ ეხება იმ პირს, რომელიც კანონით განსაზღვრული საფუძვლით იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნული მიზეზით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, ზემოხსენებულ შემთხვევაში არსებითია პირის მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრა. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მიხედვით მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამავე კანონში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10), 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11), 17.06.2021წ. №ბს-858(2კ-20)).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ.პ-ი დაიბადა ... წლის ... ...ს ქ. გალში. საშუალო განათლების ატესტატის თანახმად, ნ.პ-მა 1980 წელს დაამთავრა ქ. გალის ... საშუალო სკოლა. საქმეში წარმოდგენილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2023 წლის 27 ივლისის №... ცნობა, რომლის თანახმად, ნ.პ-ი (დაბადებული ... ... ... წელს, ქ. გალი, პ.ნ...) დაბადებიდან ... წლამდე იყო ქ. გალის ...ის ქ. №... მუდმივი მაცხოვრებელი. ტექნიკური ინვენტარიზაციის სახლთმფლობელობის ჩანაწერთა წიგნის თანახმად, ნ.პ-ი მუდმივად ჩაწერილი იყო ქ. გალში, ...ის ქ....-ში. მოსარჩელე 1984 წლიდან 1993 წლის 28 ივნისამდე სწავლის მიზნით იმყოფებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ლენინგრადის ...ის მიერ გაცემული №... დიპლომის თანახმად, ნ.პ-იმა 1990 წელს დაასრულა ზემოაღნიშნული ინსტიტუტის სრული კურსი სპეციალობით .... სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1991 წლის 30 ივნისის №200/91 გადაწყვეტილებით მას მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია. სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1993 წლის 28 ივნისის №147/93 გადაწყვეტილებით მას მიენიჭა ...ის კვალიფიკაცია. სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ 1980 წლის 26 ივნისის №25-VI-1980წ. ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, ნ.პ-ის საკუთრებაშია ქ. გალში მდებარე უძრავი ქონება.
საკასაციო პალატის განმარტებით, ის გარემოება, რომ 1984 წელს მოსარჩელე ქ. გალიდან არ წასულა უშუალოდ შეიარაღებული კონფლიქტის, ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნიდა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ გამორიცხავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების მის მიმართ გავრცელების შესაძლებლობას, რამეთუ, მართალია, 1984 წელს ნ.პ-ის მიერ ქ. გალის დატოვება და რუსეთის ფედერაციაში ყოფნა განპირობებული იყო სწავლის გამო და აღნიშნული ატარებდა დროებით ხასიათს, თუმცა, სწავლის დასრულების შემდგომ, 1993 წლის მდგომარეობით არსებული მოვლენები შეუძლებელს ხდიდა მის საცხოვრებელ ადგილზე ქ. გალში დაბრუნებას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან იძულებითი ხასიათის გადაადგილება დგინდება სწორედ იმ ფაქტის საფუძველზე, რომ 1993 წელს მისი სწავლის დასრულების შემდგომ, მას აღარ შეეძლო ქ. გალში დაბრუნება, მანამდე კი, 1984 წელს მისი დროებითი, ნებაყოფლობითი გადაადგილება არ წარმოადგენს მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისთვის არსებით გარემოებას, მეტიც, დროებითი აუცილებლობებიდან, მათ შორის, სწავლის მიზნებიდან გამომდინარე საცხოვრებლის შეცვლა არ ართმევს პირვანდელ საცხოვრებელს მუდმივი საცხოვრებლის სტატუსს, ხოლო მის მესაკუთრეს - მასზე უფლებებს. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა, რომ „მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება განათლების მიღების მიზნით არ ქმნის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს“. მხედველობაშია მისაღები სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ.ც-სა და ჟ.ხ-ას განმარტებები იმის შესახებ, რომ ნ.პ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ქ. გალი, მათივე განცხადებით, მოსარჩელე ყოველ წელს (1991 წლის ჩათვლით), მეუღლესთან ერთად, მთელი ზაფხულით არდადეგებზე ჩადიოდა გალში და სწავლის დასრულების შემდგომ, ოჯახი აპირებდა საქართველოში დაბრუნებას. მართალია, მოწმეთა ჩვენებები არ ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხი გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და დასაბუთების საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს. მოცემულ საქმეში კი, დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, არ დადასტურდა ნ.პ-ისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების გამომრიცხავი გარემოებები. ამდენად, საქმეზე უდავოდ დადგენილი გარემოებების პირობებში, მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს საწინააღმდეგოდ არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულებები, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მისი დასაშვებად ცნობის თაობაზე საკმარის დასაბუთებას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის წინაპირობა, სახეზეა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე