ას-200-527-09 6 აპრილი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ კ. გ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ხ. ბ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხ. ბ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. გ-ძის მიმართ 2006 წლის 12 სექტემბერს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის _ გ. გ-ძის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 400 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ალიმენტის სახით 50 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.
ასპინძის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს შვილის _ გ.გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა 2008 წლის 22 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. გ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და კ.გ-ძეს შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 170 ლარის გადახდა 2008 წლის 22 აპრილიდან მის სრულწლოვანებამდე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა კ.გ-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება თანხის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობად 100 ლარის განსაზღვრა, ასევე გადახდის ვადის დასაწყისად 2009 წლის პირველი ივნისის მიჩნევა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კ.გ-ძეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება მხარეს ჩაბარდა 2009 წლის 16 მარტს (ს.ფ. 146). მხარეს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კ. გ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მასზე დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში კ. გ-ძის საკასაციო საჩივარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის განჩინებით დადგინდა ხარვეზი, მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კ.გ-ძეს ჩაბარდა 2009 წლის 16 მარტს (ს.ფ. 146).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამდენად დასახელებული ნორმის თანახმად, ვინაიდან ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის ბოლო დღე _ 2009 წლის 21 მარტი ემთხვეოდა შაბათ დღეს, აღნიშნული ვადა ამოიწურა ამავე წლის 23 მარტს. მხარეს განსაზღვრული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.