საქმე №138აგ-15 26 თებერვალი, 2016 წელი
ხ-ი ა.- 138აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 აგვისტოს განაჩენით ა. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 15 წლით, 273-ე მუხლით - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შეკრების წესით, ა. ხ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 15 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2008 წლის 25 მარტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებული ა. ხ-ი გათავისუფლდა 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისგან, ხოლო საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 15 წელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ხ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2015 წლის 12 აგვისტოს მსჯავრდებულმა ა. ხ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა და მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ა. ხ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
მსჯავრდებული ა. ხ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გადასინჯვასა და ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში თავისი ქმედების გამიჯვნას, რადგან მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება არ გაუსაღებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებულ ა. ხ-ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვასა და დიდი ოდენობით გასაღებაში და სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რაც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებით, ანალოგიური კვალიფიკაციით ჩადენილი ქმედებისათვის - სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია იგივე სასჯელი - რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, კანონში შესული ცვლილებით მსჯავრდებულ ა. ხ-ის მდგომარეობა არ უმჯობესდება და არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ა. ხ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 26 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ა. ხ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
ზ. მეიშვილი