Facebook Twitter

ას-202-529-09 28 ივლისი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე

კასატორი _ მ. ჭ-ე, წარმომადგენელი ე. ო-ე (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ მ. ყ-ი, წარმომადგენელი ნ. ქ-ა (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე); ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი (მოპასუხე), ნოტარიუსი ქ. ჭ-ე (შეგებებული სარჩელის თანამოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმება, საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება (სარჩელში); კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 17 ივლისს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ყ-მა მოპასუხეების _ მ. ჭ-ისა და ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის არბიტრ ქ. ფ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებისა და სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მ. ჭ-ის საკუთრების უფლების გაუქმება.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ მ. ყ-ის და _ ი. ყ-ი 1985 წელს ცოლად გაჰყვა აწ გარდაცვლილ შ. ჭ-ს. ისინი ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 1986 წელს. თანაცხოვრების პერიოდში შვილი არ შეძენიათ.

1997 წლის 5 მაისს გარდაიცვალა ი. ყ-ის ქმარი. მისი გარდაცვალების შემდეგ ი. ყ-მა, როგორც კანონით პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო გარდაცვლილის სამკვიდრო ქონება, რაზეც ნოტარიუსმა ქ. ჭ-მ 2000 წლის 29 მაისს გასცა კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა. მითითებულ ქონებას ი. ყ-ი ფლობდა გარდაცვალებამდე, რაც მის მაზლს _ შ. ჭ-ს სადავოდ არ გაუხდია. ი. ყ-ი გარდაიცვალა 2008 წლის 16 თებერვალს.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ი. ყ-ის დანაშთი ქონება მის საკუთრებაში უნდა აღრიცხულიყო, რამდენადაც: ა. ი. ყ-ს პირველი რიგის კანონით ან ანდერძით მემკვიდრე არ ჰყავდა, ხოლო მოსარჩელე წარმოადგენდა მეორე რიგის კანონით მემკვიდრეს; ბ. გარდაცვლილის მკურნალობასა და დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი მოსარჩელეს ჰქონდა გაღებული; გ. მოსარჩელემ კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანა განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ, სამკვიდრო მოწმობა ჯერ არ აუღია, რადგან არ გასულა აღნიშნული 6-თვიანი ვადა.

მოსარჩელე ასევე აღნიშნავდა, რომ ი. ყ-ის გარდაცვალების შემდეგ ამ უკანასკნელის დანაშთ ქონებაზე წარმოეშვა დავა მ. ჭ-სთან. ეს უკანასკნელი სამტრედიის პოლიციის თანამშრომლების მიერ გაფრთხილებულ იქნა, არ მიეყენებინა შეურაცხყოფა მ. ყ-ისათვის. ამასთან, მოდავე მხარეებს განემარტათ, რომ არსებული სამოქალაქო დავის გადასაწყვეტად უნდა მიემართათ სამტრედიის რაიონული სასამართლოსათვის. მიუხედავად ამისა, ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე, მ. ჭ-მ საკუთრებაში აღირიცხა სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში (ყოფილი ... ქ. ¹205) მდებარე ი. ყ-ის უძრავი ქონება. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ აღნიშნულით ილახებოდა მისი, როგორც მემკვიდრის უფლებები, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას განაპირობებდა (ტომი I, ს.ფ. 1-10).

მოპასუხე მ. ჭ-მ იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა მ. ყ-ისა და ნოტარიუს ქ. ჭ-ის მიმართ. შეგებებულმა მოსარჩელემ მოითხოვა ნოტარიუს ქ. ჭ-ის მიერ აწ გარდაცვლილი ი. ყ-ის სახელზე გაცემული 2000 წლის 29 მაისის კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის ბათილად ცნობა.

შეგებებული მოსარჩელე განმარტავდა, რომ ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით იგი ცნობილ იქნა პირველი რიგის მემკვიდრედ აწ გარდაცვლილი დედის, ვ. ჭ-ის დანაშთ საცხოვრებელ სახლზე, მდებარე სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში, რომლის მიწის ნაკვეთის ფართია 3702.0კვ.მ., საცხოვრებელი სახლის ფართობი შეადგენს 120.6კვ.მ-ს. ამავე ქონებაზე 2008 წლის 29 მაისს ნოტარიუსმა ქ. ჭ-მ გასცა კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა ი. ყ-ის სახელზე.

იმ საფუძვლით, რომ საარქივო ცნობის შესაბამისად ზემოაღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენდა მ. ჭ-ის დედის _ ვ. Qჭ-ის საკუთრებას, შეგებებული მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მასზე ი. ყ-ს (მ. ჭ-ის რძალი) კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლება არ უნდა მიეღო, მით უფრო, იმ ვითარებაში, როდესაც სახეზე არ იყო ვ. ჭ-ის შვილების თანხმობა.

შეგებებული სარჩელის ავტორის მოსაზრებით, ნოტარიუსს არ გააჩნდა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ზემომითითებული ქონების მესაკუთრე იყო შ. ჭ-ე. მ. ყ-მა, ისევე როგორც მისმა გარდაცვლილმა დამ ი. ყ-მა, კარგად იცოდნენ, რომ სადავო სახლი ააშენა მ. ჭ-მ ჯერ კიდევ ვ. ჭ-ის სიცოცხლეში და იდგა მოპასუხის ეზოში (ტომი I, ს.ფ. 51-61).

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 13 მაისის ¹1/56 გადაწყვეტილება, მ. ჭ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ი. ყ-ი 1985 წელს ცოლად გაჰყვა აწ გარდაცვლილ შ. ჭ-ს. ისინი ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 1986 წელს. ერთად ცხოვრების პერიოდში შვილი არ შეძენიათ. 1997 წლის 5 მაისს გარდაიცვალა შ. ჭ-ე, ხოლო 2008 წლის 16 თებერვალს _ ი. ყ-ი;

1982 წლის 10 ივნისს გარდაიცვალა შ. ჭ-ის, მ. ჭ-ისა და მ. ჭ-ის დედა ვ. ჭ-ე;

გარდაცვალებამდე შ. ჭ-ე და ი. ყ-ი ცხოვრობდნენ სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში (ყოფილი ... ქ. ¹205), ხოლო მ. ჭ-ე ცხოვრობს ... ქ. ¹143-ში (ყოფილი ... ქ. ¹203).

მ. ჭ-ე და შ. ჭ-ე იყვნენ ძმები. მათ ჰყავთ ასევე და მე. ჭ-ე, იგივე ქ. თ-ე;

ქუთაისის კერძო არბიტრაჟს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ჭ-მ მოპასუხე ი. ჭ-ის (შვილის) წინააღმდეგ და მოითხოვა 1982 წელს გარდაცვლილი დედის _ ვ. ჭ-ის დანაშთ საცხოვრებელ სახლზე, მდებარე სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში, მემკვიდრედ ცნობა. ქუთაისის კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ე ცნობილ იქნა პირველი რიგის მემკვიდრედ დედის _ ვ. ჭ-ის დანაშთ საცხოვრებელ სახლზე, მდებარე სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში, რომლის მიწის ნაკვეთის ფართია 3702კვ.მ., საცხოვრებელი სახლის ფართობი შეადგენს 120.6კვ.მ-ს.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მსჯელობა იმის შესახებ, რომ მ. ჭ-მ მემკვდრეობით მიიღო დედის ვ. ჭ-ის დანაშთი ქონება, რომელიც მდებარეობს სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში. სასამართლოს მითითებით, მხარის აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად ედო სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს სამტრედიის არქივიდან წარდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ 1976 წლის ჩანაწერებით ოჯახის უფროსად მითითებულია ვ. ჭ-ე და არა შ. ჭ-ე (თუმცა ამავე დოკუმენტში დედასთან ერთად მითითებული იყო მხოლოდ ერთი შვილი, შ. ჭ-ე და არა მ. ჭ-ე ან მე. ჭ-ე), რასაც დაეყრდნო არბიტრი და სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი მიიჩნია ვ. ჭ-ის სამკვიდროდ.

რაიონული სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით უტყუარად დგინდებოდა შემდეგი:

სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 2000 წლის 25 მარტის ტექნიკური პასპორტი შევსებულია შ. ჭ-ის სახელზე, რომელიც შემდეგ გადახაზულია და ჩაწერილია ყ-ი ი. (მეუღლე); შეფასების ნაერთი აქტი მიწის ნაკვეთზე ფართით 1486კვ.მ, გაცემული 2000 წლის 26 მაისს, შედგენილია შ. ჭ-ის სახელზე; სამტრედიის ქალაქის გამგეობის კომისიის 2000 წლის 24 მარტის ¹15 აქტით სამტრედიაში, ... ¹145-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ეკუთვნის აწ გარდაცვლილ შ. ჭ-ს; გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა საბინაო წიგნი შ. ჭ-ის სახელზე, დათარიღებული 1985 წლის 9 ოქტომბრით. საბინაო წიგნის თანახმად, შ. ჭ-ე წარმოადგენს სამტრედიაში, ... ქ. ¹205-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ერთადერთ მფლობელს 1984 წლიდან, ანუ დედის, ვ. ჭ-ის გარდაცვალებიდან.

რაიონულმა სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს სამტრედიის არქივიდან მიღებული ზონარგაყრილი წიგნით ვ. ჭ-ე ოჯახის უფროსად მითითებულია 1976 წლის მდგომარეობით. ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 1982 წელს. ზემოაღნიშნული მტკიცებულებები დათარიღებულია 1985 და 2000 წლებით, მაშინ როდესაც ვ. ჭ-ე უკვე გარდაცვლილი იყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში (ყოფილი ... ქ. ¹205) მდებარე საცხოვრებელი სახლი 2008 წლის მაისის თვეში არ წარმოადგენდა ვ. ჭ-ის დანაშთ ქონებას (სამკვიდროს), ვინაიდან უკვე 1984 წლიდან მისი მფლობელი იყო შ. ჭ-ე. შესაბამისად, ნოტარიუს ქ. ჭ-ის მიერ კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ი. ყ-ის სახელზე გაიცა მისი მეუღლის _ შ. ჭ-ის და არა ვ. ჭ-ის სამკვიდროზე, რომელსაც შეადგენდა სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში (ყოფილი ... ქ. ¹205) მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ფართით 1486კვ.მ, გაცემული 2000 წლის 26 მაისს, სამტრედიის ქალაქის გამგეობის კომისიის 2000 წლის 24 მარტის ¹15 აქტით. გარდა ამისა, მ. ყ-ის მიერ წარდგენილი 1985 წლის 9 ოქტომბრის საბინაო წიგნით ი. ყ-ის მამკვიდრებელს წარმოადგენდა მხოლოდ შ. ჭ-ე.

ქუთაისის კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებას კანონსაწინააღმდეგობასთან მიმართებით რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:

საქმეში არსებული მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდებოდა, რომ მ. ჭ-სა და მის შვილს _ ი. ჭ-ს შორის დავას ვ. ჭ-ის დანაშთ სახლზე არასდროს ჰქონია ადგილი. უფრო მეტიც, არ არსებობდა დავა მ. ჭ-სა და ი. ყ-ს შორის ან მასა და შ. ჭ-ს შორის. სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დავა დაიწყო ი. ყ-ის გარდაცვალების შემდეგ, 2008 წელს. ამდენად, მ. ჭ-სა და ი. ჭ-ს შორის სამოქალაქო დავა წარმოადგენდა ფიქციას და რეალურად მას ადგილი არ ჰქონია. სასამართლოს მოსაზრებით, ასეთი ვითარება ეწინააღმდეგებოდა “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონს, ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის “ .. ..” დებულებას, რომლებიდანაც გამომდინარეობს, რომ კერძო არბიტრაჟი განიხილავს სამოქალაქო დავას მხარეებს შორის. “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ პირებს შორის წამოჭრილი დავა მათივე შეთანხმებით განსახილველად გადაეცემა კერძო არბიტრაჟს.

ამასთან, კერძო არბიტრაჟი “ .. ..” დებულების 1.1 მუხლის თანახმად, საქმეთა განხილვისას კერძო არბიტრაჟი ხელმძღვანელობს “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონით, სამოქალაქო კოდექსით და სამოქალაქო სამართალურთიერთობათა მომწესრიგებელი სხვა ნორმატიული აქტებით. სწორედ სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს (1306-ე მუხლი, 1336-ე მუხლი პირველი ნაწილი) ეწინააღმდეგებოდა ის, რომ კერძო არბიტრაჟმა განიხილა რეალურად არარსებული სამოქალაქო დავა იმ ქონებაზე, რომელიც არ წარმოადგენდა ვ. ჭ-ის სამკვიდროს და რომელიც ირიცხებოდა შ. ჭ-ის, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდგომ _ ი. ყ-ის (მოსარჩელის და) საკუთრებაში.

ი. ყ-ის სახელზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ შეგებებული სარჩელის დაუკმაყოფილებლობა მოსარჩელემ იმით დაასაბუთა, რომ კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის გაცემისას ნოტარიუსი დაეყრდნო სამტრედიის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროდან მიღებულ ცნობა-დახასიათებას, სარეგისტრაციო მოწმობას, შ. ჭ-ისა და ი. ყ-ის ქორწინების მოწმობას, შ. ჭ-ის გარდაცვალების მოწმობას და ცნობას სამკვიდრო ქონების ფლობისა და მართვის შესახებ, რომელიც გაიცა ასევე სამტრედიის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ.

სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ცნობა-დახასიათება 2000 წლის 29 მაისისათვის უკვე ძალადაკარგული იყო ვადის გასვლის გამო, რამდენადაც მას გაუგრძელდა მოქმედების ვადა ამავე სამსახურის დამოწმებული ბეჭდით, რაც აღინიშნა მეორე გვერდზე მარჯვენა დაბალ კუთხეში. იმავდროულად, სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდრო ქონების ფლობისა და მართვის შესახებ ცნობის გაცემის უფლება, მართალია, არ ჰქონდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს, მაგრამ ნოტარიუსთან წარდგენილი დანარჩენი დოკუმენტების საშუალებით დასტურდებოდა ის, რომ სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენდა გარდაცვლილი შ. ჭ-ის სამკვიდროს, ხოლო შ. ჭ-ისა და ი. ყ-ის ერთად ცხოვრების ფაქტი სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ სასამართლო სხდომაზეც არ გაუხდია. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას და განმარტა, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა წარმოადგენდა სამკვიდროს მიღების მხოლოდ იურიდიულ დადასტურებას, მისი მიღება ხდებოდა ფაქტობრივად.

ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა (ტომი I, ს.ფ. 261-268).

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჭ-მ და არბიტრმა ქ. ფ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

აპელანტებმა არ გაიზიარეს რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში (ყოფილი ... ქ. ¹205) მდებარე საცხოვრებელი სახლის მფლობელს 1984 წლიდან წარმოადგენდა შ. ჭ-ე. ერთადერთი მტკიცებულება, რომლითაც აღნიშნული ფაქტი დასტურდებოდა, იყო 1985 წლის 9 ოქტომბერს შედგენილი საბინაო წიგნი. დანარჩენი მტკიცებულებები შედგენილი იყო 1985 წლის 9 ოქტომებრს, შ. ჭ-ის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდგომ, საბინაო წიგნის საფუძველზე. დასახელებული დოკუმენტი გარკვევით მიუთითებდა, რომ შ. ჭ-ის საცხოვრებელი ფართის ოდენობა შეადგენდა 60კვ.მ-ს და არა 120კვ.მ-ს. ასეთი ვითარება თავისთავად ბადებდა კითხვას, თუ როგორ გახდა ი. ყ-ი 120კვ.მ ფართის მესაკუთრე.

აპელანტთა მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და მის საფუძველზე არასწორად დაადგინა, რომ მ. ჭ-ის საკუთრებას წარმოადგენდა ... ქ. ¹203-ში (ყოფილი ... ქ. ¹143) მდებარე საცხოვრებელი სახლი. მითითებული მტკიცებულება ადასტურებდა, რომ მ. ჭ-ე გახდა სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში (ყოფილი ... ქ. ¹205) არსებული ქონების მესაკუთრე. ამასთან, უფლების წარმომშობ დოკუმენტად მითითებული იყო ქუთაისის კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება.

საარბიტრაჟო სასამართლოს ზემომითითებული გადაწყვეტილებით ირკვეოდა, რომ შ. ჭ-ე გახდა ... ქ. ¹145-ში არსებული ქონების მესაკუთრე, რომლის საცხოვრებელი ფართი შეადგენდა 120კვ.მ-ს, მიწის ნაკვეთის ფართი _ 3702კვ.მ-ს. რაც შეეხებოდა ი. ყ-ის სამკვიდრო ქონებას, კანონისმიერი სამემკვიდრეო მოწმობის თანახმად, იგი შეადგენდა ამავე მისამართზე არსებულ 120კვ.მ საცხოვრებელ ფართს და 1486კვ.მ მიწის ნაკვეთს. ამდენად, აპელანტები აღნიშნავდნენ, რომ სასამართლომ მ. ჭ-ს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე “წაართვა” საკუთრება 2216კვ.მ მიწის ფართობზე, მაშინ როდესაც მოწინააღმდეგე მხარეს იგი არ ეკუთვნოდა.

აპელანტთა მტკიცებით, მ. ჭ-ს სადავო ქონება (დედის _ ვ. ჭ-ის დანაშთი სამკვიდრო) მიღებული ჰქონდა ფაქტობრივი ფლობით. აღნიშნულ სახლში ვ. ჭ-ის სიცოცხლეში ცხოვრობდა მოპასუხის ქალიშვილი. ამასთან, დედის დასაფლავებასთან დაკავშირებული ხარჯები მ. ჭ-მ გაიღო.

აპელანტთა მოსაზრებით, კერძო არბიტრაჟის კანონსაწინააღმდეგობასთან დაკავშირებით სასამართლოს მსჯელობა განპირობებული იყო არბიტრაჟის მიერ განსახილველი დავის არსის არასწორი განმარტებით. არბიტრაჟი სამოქალაქო დავათა განხილვას მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ახორციელებდა, რაც მისი სასამართლოსაგან განმასხვავებელ ერთ-ერთ გარემოებას წარმოადგენდა. საარბიტრაჟო შეთანხმება, როგორც წესი, დგებოდა შეთანხმებულ, ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილ მხარეებს შორის, რომლებიც მათ წინაშე წამოჭრილი საკითხის გადაწყვეტას არბიტრს ანდობდნენ და რაც მ. ჭ-ის შემთხვევაში სახეზე იყო.

რაც შეეხებოდა არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების საფუძვლად გამოყენებულ საარქივო ცნობას, რომელიც თითქოსდა ვერ ადასტურებდა ვ. ჭ-ის მიერ ქონების მესაკუთრეობას, აღნიშნულ ნაწილში სასამართლოს დასკვნები აპელანტებმა ასევე არასწორად მიიჩნიეს. მათთვის გაუგებარი იყო, თუკი მთავარ მტკიცებულებად აღიარებული აქტი ¹15-ის შედგენის საფუძველს წარმოადგენდა საბინაო წიგნი და 1977 წლის სახლის ტექნიკური ნახაზი, რატომ არ შეიძლებოდა, არქივს ეხელმძღვანელა საარქივო წიგნის 1967-77 წლების მონაცემებით, მით უფრო, ისეთ პირობებში, როდესაც ტექბიუროს არქივი განადგურებული იყო (ტომი I, ს.ფ. 277-287).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ისა და ქ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება ქუთაისის კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 13 მაისის ¹1/56 გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მ. ყ-ის (ჩ-ს) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 13 მაისის ¹1/56 გადაწყვეტილება ვ. ჭ-ის დანაშთ საცხოვრებელ სახლზე, მდებარე ქ. სამტრედია, ... ქ. ¹145-ში, 120.6 კვ.მ და 1486 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მ. ჭ-ის მემკვიდრედ ცნობის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ ¹1/56 საარბიტრაჟო შეთანხმებაზე, რომლის თანახმად, მ. ჭ-ე (მამა) და ი. ჭ-ე (შვილი) შეთანხმდნენ მემკვიდრედ ცნობის შესახებ დავა განსახილველად ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟისათვის გადაეცათ. კერძო არბიტრაჟმა მათი შეთანხმების საფუძველზე განიხილა მემკვიდრედ ცნობის თაობაზე დავა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის, “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კერძო არბიტრაჟის მიერ არ დარღვეულა “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონით დადგენილი საქმის განხილვის პროცედურა.

საქმეზე დგინდებოდა, რომ მ. ყ-ი არის აწ გარდაცვლილი ი. ყ-ის და. შ. ჭ-ე და ი. ყ-ი ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 1986 წლის 24 ოქტომბერს. 1982 წელს გარდაიცვალა შ. ჭ-ის დედა _ ვ. ჭ-ე. მ. ჭ-ე და შ. ჭ-ე იყვნენ ძმები. 1985 წლის საბინაო წიგნით დგინდებოდა, რომ შ. ჭ-ე 1984 წლიდან წარმოადგენდა სამტრედიაში, ... ქ. ¹205-ში არსებული საცხოვრებელი სახლის ძირითად მფლობელს. ეს უკანასკნელი გარდაიცვალა 1997 წლის 5 მაისს.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეში წარდგენილ რიგ მტკიცებულებებზე, კერძოდ:

სამტრედიის არქივის ცნობით დგინდებოდა, რომ 1976 წლის ჩანაწერებით ვ. ჭ-ე წარმოადგენდა ოჯახის უფროსს, მასთან ერთად ოჯახის წევრად მითითებული იყო შვილი შ. ჭ-ე;

2000 წლის 25 მარტის ტექპასპორტით დგინდებოდა, რომ სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში მდებარე სახლისა და მიწის ნაკვეთის (1486კვ.მ) მფლობელი იყო შ. ჭ-ე, ხოლო შემდეგ მითითებული იყო ი. ყ-ი;

სამტრედიის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობა-დახასიათებით დგინდებოდა, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იყო შ. ჭ-ე. მიწის ნაკვეთი შეადგენდა 1486კვ.მ-ს, საცხოვრებელი ფართი _ 91.4კვ.მ-ს, ხოლო დამხმარე ფართი _ 29.2კვ.მ-ს.

სარეგისტრაციო მოწმობისა და უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ცნობის ასლით დგინდებოდა, რომ სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში მდებარე სახლისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იყო შ. ჭ-ე, რომლის გარდაცვალების შემდეგ ქონებას ფლობდა და სარგებლობდა ი. ყ-ი;

კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობით დგინდებოდა, რომ ი. ყ-ი იყო შ. ჭ-ის მემკვიდრე, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო საცხოვრებელი სახლი, მდებარე სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში, სასარგებლო ფართით 120.6კვ.მ, მიწის ფართით 1436კვ.მ;

გარდაცვალების მოწმობით დგინდებოდა, რომ ი. ყ-ი გარდაიცვალა 2008 წლის 16 თებერვალს.

საქმეში არსებული მასალების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჭ-ს დედის _ ვ. ჭ-ის გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია სამკვიდრო. საქმის განხილვისას მ. ჭ-ის მიერ არ იყო წარდგენილი კანონით დადგენილი წესით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რომ ვ. ჭ-ე წარმოადგენდა სადავო ქონების მესაკუთრეს, ასევე მის მიერ ვ. ჭ-ის გარდაცვალების შემდეგ სადავო ქონების მიღების თაობაზე, ხოლო საქმეში არსებული სამტრედიის არქივის სამსახურიდან წარდგენილი ამონაწერი სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია ქონების საკუთრებად ცნობის საფუძვლად. სასამართლოს განმარტებით, მესაკუთრედ ცნობის ფაქტი არ შეიძლებოდა დადგენილიყო სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ამონაწერით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ყ-მა, როგორც შ. ჭ-ის პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრემ, სამოქალაქო კოდექსის 1306-ე და 1336-ე მუხლების თანახმად მიიღო შ. ჭ-ის დანაშთი ქონება, რომელიც მდებარეობდა სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში და შედგებოდა 120კვ.მ საცხოვრებელი სახლისა და 1486კვ.მ მიწის ნაკვეთისაგან.

კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ე ცნობილ იქნა ვ. ჭ-ის დანაშთი ქონების, სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში მდებარე 3702.0კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 120.6კვ.მ საცხოვრებელი ფართის მემკვიდრედ.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კერძო არბიტრაჟის მიერ საქმის განხილვისას დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1336-ე მუხლები, აგრეთვე, კერძო არბიტრაჟი “ .. ..” დებულების 1.1 და 1.2 მუხლების მოთხოვნები, რამდენადაც მან მ. ჭ-ე ცნო ი. ყ-ის ქონების მესაკუთრედ. კერძო არბიტრაჟმა არ გამოიკვლია, ნამდვილად წარმოადგენდა თუ არა სადავო ქონება ვ. ჭ-ის სამკვიდროს, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულება, ვინ იყო სადავო ქონების მესაკუთრე. ტექნიკური პასპორტითა და სხვა დოკუმენტებით დგინდებოდა, რომ სადავო ქონების მესაკუთრე იყო შ. ჭ-ე. შესაბამისად, ქონება მემკვიდრეობით სწორად მიიღო ი. ყ-მა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ. იმაზე მითითება, რომ ვ. ჭ-ე იყო კომლის უფროსი, არ წარმოადგენდა სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობის საფუძველს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში მდებარე 120კვ.მ სახლი და 1486კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა შ. ჭ-ის საკუთრებას 2000 წლისათვის, ვინაიდან იგი სადავო ქონების მფლობელი იყო 1984 წლიდან.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდებოდა, რომ სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში მდებარე 130კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 3702.0კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მ. ჭ-ის საკუთრებას. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებული იყო ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 13 მაისის ¹1/56 გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან ი. ყ-ი წარმოადგენდა სამტრედიაში, ... ქ. ¹145-ში მდებარე 120კვ.მ საცხოვრებელი ფართისა და 1486კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, შესაბამისად, მ. ყ-მა იგივე საცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთი მიიღო მემკვიდრეობით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მ. ჭ-ის საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრის ჩანაწერის მთლიანად გაუქმების თაობაზე უსაფუძვლო იყო, რამდენადაც იგი ეხებოდა ნაწილობრივ მ. ჭ-ის საკუთრებაში არსებულ ფართსაც (ტომი II, ს.ფ. 34-46).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გამოიკვლიეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილეს მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვისა და დოკუმენტალური მტკიცებულებების საქმეზე დართვის თაობაზე. აქედან გამომდინარე, არასწორად დადგინდა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, თუ ვინ შეუდგა სადავო ქონების ფაქტობრივად ფლობას ვ. ჭ-ის გარდაცვალების შემდეგ და, შესაბამისად, ვინ გახდა დანაშთი ქონების მემკვიდრე.

ნაცვლად ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ შეაფასა საბინაო წიგნის ჩანაწერები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნდა და რომელთა მტკიცებულებად გამოყენება არ დაიშვებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ.

საქმის განმხილველმა სასამართლოებმა მ. ჭ-ის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობა იმით დაასაბუთეს, რომ მას ქუთაისის კერძო არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნდა. სინამდვილეში მოწმეების დაკითხვითა და ნოტარიულად დამოწმებული აქტებით უნდა გარკვეულიყო, თუ ვინ შეუდგა სადავო ქონების ფაქტობრივ ფლობას. ასეთ ვითარებაში ცხადად დადასტურდებოდა, რომ მ. ჭ-ე, როგორც პირველი რიგის მემკვიდრე, გახდა სადავო ქონების მესაკუთრე.

კასატორის განმარტებით, მამა-შვილ მ. ჭ-სა და ი. ჭ-ს შორის არსებული დავა განპირობებული იყო იმით, რომ ამ უკანასკნელს, როგორც ვ. ჭ-ის დანაშთი ქონების ფაქტობრივი ფლობით მიმღებ პირს, ასევე გააჩნდა პრეტენზია მითითებულ ქონებაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავა განეხილა საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელმაც “არბიტრაჟის შესახებ” კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით სამკვიდრო ქონება მიღებულად ჩაუთვალა ვ. ჭ-ის პირველი რიგის მემკვიდრეთაგან ცოცხლად დარჩენილ მ. ჭ-ს. ქ. ჭ-მ _ მ. ჭ-ის დამ თავის წილზე უარი განაცხადა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა, დაერთოთ საქმეზე ნოტარიუს მ. გ-ის მიერ დადასტურებული ქ. ჭ-ის პოზიცია იმის შესახებ, რომ სადავო სახლი აშენებულია დედამისის _ ვ. ჭ-ის სიცოცხლეში მისი ძმების _ მ. და შ. ჭ-ების მიერ, ამ სახლზე მას, როგორც ვ. ჭ-ის შვილს, პრეტენზია არ გააჩნია, რადგან დედის წილი უკვე მიღებული აქვს. ამ შემთხვევაში შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის მოტივად მიეთითა მხარის მიერ საქმის გაჭიანურების მცდელობაზე.

კასატორის აზრით, მცდარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სადავო სახლზე ვ. ჭ-ის საკუთრების დაუდგენლობასთან მიმართებით. მისთვის გაუგებარია, იმ პირობებში, როდესაც შ. ჭ-ე მიჩნეულ იქნა 1486კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 120კვ.მ შენობის მესაკუთრედ, ამავე ქონებაზე ვ. ჭ-ის მესაკუთრეობა როგორ გამოირიცხებოდა. ამდენად, სადავო არ არის, რომ ვ. ჭ-ე იყო მესაკუთრე და მისი გარდაცვალების შემდეგ ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მ. ჭ-ე (ტომი I, ს.ფ. 87-99).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს მ. ყ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო მ. ჭ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საჭიროა საქმის გარემოებების დამატებით გამოკვლევა და აღნიშნულ ნაწილში საქმე ხელახლა განსახლველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

მ. ყ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივებს.

საქმეზე დადგენილია, რომ ი. ყ-ი და შ. ჭ-ე იყვნენ ცოლ-ქმარი. შ. ჭ-ე გარდაიცვალა 1997 წლის 5 მაისს, ხოლო ი. ყ-ი _ 2008 წლის 16 თებერვალს. მათ შვილი არ დარჩენიათ. შ. ჭ-ის გარდაცვალების შემდეგ ი. ყ-მა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე მიიღო შ. ჭ-ის სამკვიდრო _ სამტრედიაში, ... ქ.¹145-ში მდებარე სადავო საცხოვრებელი სახლი.

ი. ყ-ის გარდაცვალების შემდეგ მისმა მაზლმა _ მ. ჭ-მ მიმართა ქუთაისის მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს თავისი ქალიშვილის _ ი. თ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა სამტრედიაში, ... ქ.¹145-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, როგორც დედამისის _ ვ. ჭ-ის დანაშთ ქონებაზე, მემკვიდრედ ცნობა. ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ე ცნობილ იქნა სამტრედიაში, ... ქ.¹145-ში მდებარე ვ. ჭ-ის დანაშთ საცხოვრებელ სახლზე პირველი რიგის მემკვიდრედ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის მიერ საქმე განხილულია და სადავო გადაწყვეტილება გამოტანილია “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი საქმის განხილვის წესების დარღვევით, რაც ამ კანონის 43-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მისი გაუქმების საფუძველია. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო არბიტრაჟს განსახილველად გადაეცემა პირებს შორის წამოჭრილი სამოქალაქო დავა ანუ საარბიტრაჟო განხილვის საგანი შეიძლება იყოს მხარეთა შორის რეალურად სადავო სამართალურთიერთობა. მოცემულ შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვის მხარეებს წარმოადგენდნენ მ. ჭ-ე და მისი ქალიშვილი ი. თ-ე, რომელთა შორის სამტრედიაში, ... ქ.¹145-ში მდებარე სადავო საცხოვრებელი სახლის, როგორც ვ. ჭ-ის დანაშთი ქონების მემკვიდრეობის საკითხი, საქმის მასალების თანახმად, არასოდეს ყოფილა სადავო. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კერძო არბიტრაჟს არა აქვს განხილული სადავო სამართალურთიერთობა, რაც სწორად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ.

რაც შეეხება მ. ჭ-ის შეგებებულ სარჩელს, რომლის დავის საგანსაც წარმოადგენს ი. ყ-ის სახელზე გაცემული 2000 წლის 29 მაისის კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის ბათილად ცნობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

შეგებებული სარჩელის მოთხოვნის საფუძველია სამტრედიაში, ... ქ.¹145-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე მ. ჭ-ის მიერ მემკვიდრეობის მიღება ფაქტობრივი დაუფლების გზით. მ. ჭ-ე მიუთითებს, რომ დედამისი ვ. ჭ-ე გარდაიცვალა 1982 წელს, რის შემდეგაც სამტრედიაში, ... ქ.¹145-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს დაეუფლა ფაქტობრივი ფლობით. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მ. ჭ-ე როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ითხოვდა მოწმეთა დაკითხვას, რაზედაც სრულიად დაუსაბუთებლად ეთქვა უარი (ტომი I, ს.ფ.129, 171-172, 284, ტომი II, ს.ფ.26). სააპელაციო სასამართლოს მ. ჭ-ის მიერ სადავო უძრავი ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მემკვიდრეობით მიღების საკითხზე არ უმსჯელია, ამასთან მიმართებით საქმის მასალები არ გამოუკვლევია და არც შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები დაუდგენია.

საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაცო სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე, მათ შორის, მოწმეთა დაკითხვის მეშვეობით, უნდა გამოარკვიოს, სამტრედიაში, ... ქ.¹145-ში მდებარე საცხოვრებელ სახლი შედიოდა თუ არა 1982 წელს გარდაცვლილი ვ. ჭ-ის სამკვიდრო მასაში და ვინ მიიღო მემკვიდრეობა, მათ შორის, ფაქტობრივი ფლობით, აღნიშნულ სახლზე _ მხოლოდ შ. ჭ-მ, მხოლოდ მ. ჭ-მ, თუ ორივემ ერთად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე ნაწილობრივ აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ამ ნაწილში საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება მ. ჭ-ის შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის შესახებ და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;

დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.