საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-967(კ-25) 18 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: (მოსარჩელეები) – თ. ნ-ეის, ნ. მ-ეის, ე. ნ-ეის, ნ. თ-ის, გ. ვ-ის, ნი. თ-ის, თ. თ-ის, ხ. ნ-ე, მ. ს-ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 27 მაისს მოსარჩელეებმა: თ. ნ-ემ, ნ. მ-ემ, ე. ნ-ეემ, ნ. თ-იმა, გ. ვ-იმა, ნი. თ-იმა, თ. თ-იმა, ხ. ნ-ემ და მ. ს-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეთა მითითებთ, თ. ნ-ე ... წელს დაიბადა ზნაურის რაიონის ...ში და 1991 წლის 11 ოქტომბრამდე მუდმივად ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ სოფელში. მოსარჩელეთა განმარტებით, 1991 წლის 11 ოქტომბერს ოსმა სეპარატისტებმა თ. ნ-ეს მოუკლეს მამა და დაუწვეს სახლი, ამიტომ იგი იძულებული გახდა დედასთან ერთად დაეტოვებინა სოფელი და დროებით საცხოვრებლად გამოვიდა ქ. გორში, თ. ნ-ეის მეუღლის, ნ. მ-ეის მშობლების ბინაში. სარჩელში განმარტებულია, რომ თ. ნ-ე და ნ. მ-ე არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში; ე. და ხ. ნ-ეები არიან თ. ნ-ეისა და ნ. მ-ეის შვილები; მ. ს-ი ხ. ნ-ეის შვილია; ნ. და თ. თ-იები არიან ე. ნ-ეის შვილები; ხოლო ნა. თ-ი და გ. ვ-ი არიან ნ. თ-ის შვილები; მოსარჩელეთა განმარტებით, მათ ერთდროულად ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი, სააგენტოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას კი მიიჩნევენ უკანონოდ და დაუსაბუთებლად.
ამდენად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს: 1. ბათილად იქნეს ცნობილი ...ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2020 წლის 10 დეკემბრის №247 ცნობა; 2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის - №03-1507/ო, №03-1510/ო, №03- 1508/ო, №03-1512/ო, №03-1487/ო, №03-1490/ო, №03-1491/ო, №03-1492/ო და №03-1489/ო ბრძანებები; 3. დაევალოს მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები, რომლებითაც თ. ნ-ეს, ნ. მ-ეს, ე. ნ-ეეს, ნ. თ-ის, თ. თ-ის, ხ. ნ-ეს, მ. ს-ის, გ. ვ-ისა და ნი. თ-ის აღუდგებათ დევნილის სტატუსი; 4. მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის დღიდან სტატუსის აღდგენის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე შეწყვეტილი და მიუღებელი დევნილობის შემწეობის სრულად ანაზღაურება
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ნ-ეის, ნ. მ-ეის, ე. ნ-ეის, ნ. თ-ის, თ. თ-ის, ხ. ნ-ეის, მ. ს-ის, გ. ვ-ისა და ნი. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
თ. ნ-ემ, ნ. მ-ემ, ე. ნ-ეემ, ნ. თ-იმა, თ. თ-იმა, ხ. ნ-ემ, მ. ს-იმა, გ. ვ-იმა და ნი. თ-იმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განჩინებით თ. ნ-ეის, ნ. მ-ეის, ე. ნ-ეის, ნ. თ-ის, თ. თ-ის, ხ. ნ-ეის, მ. ს-ის, გ. ვ-ის, ნი. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ...ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2020 წლის 10 დეკემბერის №247 ცნობის, მოქალაქეთა გამოკითხვის ოქმების, მოსარჩელეთა და მოწმეთა განმარტებების და საქმის მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე შეუძლებელია მოსარჩელეთა ზნაურის რაიონის სოფ. ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადგენა. კერძოდ, პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ხ. ნ-ე 1991 წლამდე მუდმივად სოფ. ...ში არ ცხოვრობდა. სადავო პერიოდში იგი სკოლაში სწავლობდა ქ. გორში. ამდენად, მართებულია სადავო აქტი ხ. ნ-ეისთვის და მის საოჯახო ნომერზე მასთან ერთად რეგისტრირებული შვილის - მ. ს-ისთვისდევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებით პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ნ-ე და ნ. მ-ე 1991 წლამდე მუდმივად არ ცხოვრობდნენ სოფ. ...ში. მათი არასრულწლოვანი შვილები სადავო პერიოდში სკოლაში სწავლობდნენ ქ. გორში. შესაბამისად, სადავო აქტი თ. ნ-ეისა და ნ. მ-ეისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე კანონშესაბამისია. ამასთან, ვინაიდან ე. ნ-ეე სადავო პერიოდში არასრულწლოვანი იყო, შესაბამისად, მისი მშობლების მუდმივი საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით, მართებულია სადავო აქტი მისთვის და მის საოჯახო ნომერზე მასთან ერთად რეგისტრირებული შვილების - ნ. თ-ის, თ. თ-ის, ასევე შვილიშვილების - ნი. თ-ის და გ. ვ-ისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე.
სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დადასტურდა თ. ნ-ეის 1991 წლამდე ზნაურის რაიონის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ნ-ე, ნ. მ-ე, ხ. ნ-ე და ე. ნ-ეე დევნილთა მონაცემთა ბაზაში დევნილად რეგისტრირებულნი იყვნენ 2011 წლიდან და დევნილობამდე იურიდიულ მისამართად უფიქსირდებათ: ქ. გორი, ...ს ქ. კორ. №..., ბ. №..., ხოლო ფაქტობრივ მისამართად: ზნაურის რაიონი, სოფ. .... სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებში, ხ. ნ-ეს ჩაუტარდა გასაუბრება. გასაუბრების დროს, ხ. ნ-ემ აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს ქ. გორში. 1980-1991 წწ. სწავლობდა ქ. გორის №... საშ. სკოლაში. 1992-97 წწ. სწავლობდა ქ. გორში, ... ინსტიტუტში. მისი განმარტებით, სკოლაში გორში სწავლობდა იმიტომ, რომ დედა სულ ავადმყოფობდა და ყურადღებას აქცევდა ბებია. ზნაურის რაიონის სოფ. ...ში იყო პაპის და მშობლების სახლი. 1991 წელს იყო არეული სიტუაცია. ოსებმა წაიყვანეს პაპის საქონელი. ამ დროს ის და მისი და წამოიყვანეს მშობლებმა სოფლიდან. ერთ კვირაში დაწვეს სახლი და სახლთან ერთად დაწვეს პაპაც. ბებია გამოიყვანეს მოგვიანებით. 1993 წელს დაოჯახდა ქ. გორში. მისი განცხადებით, დაბადებიდან 2006 წლამდე ცხოვრობდა ქ. გორში, დედის საკუთრებაში. 2006 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ქირით, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გასაუბრება ჩაუტარდა ასევე თ. ნ-ესა და ნ. მ-ესაც. გასაუბრების დროს თ. ნ-ემ აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს ზნაურში. 1965 წელს სკოლა დაამთავრა ზნაურში. 1972 წელს დაოჯახდა ზნაურში, თუმცა ქორწინება დარეგისტრირდა 1990 წელს ქ. გორში. ... და ... წლებში შვილები შეეძინა ქ. გორში. ზნაურის რაიონის სოფ. ...ში მუშაობდა ...ში ...დ. ზნაურის რაიონის სოფ. ... დატოვა 1991 წლის ოქტომბერში ცოლ-შვილთან ერთად. სოფ. ...ში ჰქონდა საკუთარი სახლი. 1991 წლის ოქტომბრიდან დღემდე ცხოვრობს ქ. გორში, ...ს ქ. №...-ში. აღნიშნული ბინა იყო მეუღლის დედის საკუთრება, ახლა არის მისი მეუღლის საკუთრება. მისი შვილები სკოლაში სწავლობდნენ ქ. გორში; ნ. მ-ემ გასაუბრებისას აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს ქ. გორში. 1965 წელს სკოლა დაამთავრა ქ. გორში. 1972 წელს დაოჯახდა ზნაურში, თუმცა ქორწინება დარეგისტრირდა 1990 წელს ქ. გორში. ... და ... წლებში შვილები შეეძინა ქ. გორში. ზნაურის რაიონის სოფ. ... დატოვა 1991 წლის ოქტომბერში. მას შემდეგ, 2008 წლამდე შედიოდა პერიოდულად. მისმა შვილებმა სკოლა დაამთავრეს ქ. გორში. ამჟამად ცხოვრობს მეუღლესთან ერთად ქ. გორში მის საკუთრებაში არსებულ ბინაში.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსმა, 2020 წლის 7 დეკემბერს, №03/19275 წერილით მიმართა ...ს მუნიციპალიტეტის გამგებელს და სთხოვა ინფორმაციის მიწოდება - ცხოვრობდნენ თუ არა მუდმივად, ნ. მ-ე, თ. ნ-ე, ხ. ნ-ე და ე. ნ-ეე 1991 წლამდე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში. ...ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2020 წლის 10 დეკემბრის №247 ცნობის თანახმად, ნ. მ-ე, თ. ნ-ე, ხ. ნ-ე და ე. ნ-ეე, 1991 წლამდე ...ს მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში ნამდვილად ცხოვრობდნენ პერიოდულად, საკუთარ სახლში. ამჟამად ცხოვრობენ ქ. გორში, ...ს ქ. კორპუსი №..., ბინა №...-ში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრის შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 15 დეკემბრის MIA 3 20 02908043 წერილით, დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსს, მოთხოვნის საფუძველზე გაეგზავნა ქ. გორში, ...ს ქ. კორპ. №..., ბ. №...-ში მოქალაქეების - ნ. მ-ეის, თ. ნ-ეის, ხ. ნ-ეის და ე. ნ-ეის ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით მოქალაქეთა გასაუბრების ოქმები. კერძოდ, 2020 წლის 10 დეკემბრის ორი მოქალაქის გასაუბრების ოქმი. ერთმა მიუთითა, რომ ქ. გორში, ...ს ქ. კორპ. №..., ბ. №...-ში, 1991 წლიდან ნამდვილად ცხოვრობს თ. ნ-ე, მისი მეუღლე - ნ. მ-ე და მათი ქალიშვილები - ხ. და ე. ნ-ეები; ისინი 1991 წლამდე მიდიოდნენ ზემოაღნიშნულ მისამართზე პერიოდულად, ხოლო რაც ზნაურის რაიონის სოფელ ...ში დაუწვეს ბინა, მას შემდეგ ცხოვრობენ აღნიშნულ მისამართზე. მეორე გამოკითხუოლმა მიუთითა, რომ ნ. მ-ე მეუღლესთან - თ. ნ-ესთან და შვილებთან - ე. და ხ. ნ-ეებთან ერთად ქ. გორში, ...ს ქ. კორპ. №..., ბ. №...-ში 1991 წლამდე მიდიოდნენ პერიოდულად, ხოლო 1991 წელს გადავიდნენ და მას შემდეგ ცხოვრობენ აღნიშნულ მისამართზე. დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ხ. ნ-ე 1991 წლამდე მუდმივად სოფ. ...ში არ ცხოვრობდა. იგი სადავო პერიოდში სკოლაში სწავლობდა ქ. გორში. დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ხ. ნ-ესთან მიმართებაში არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ხ. ნ-ეისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა. ხ. ნ-ეის საოჯახო ნომერზე მასთან ერთად რეგისტრირებულები არიან მისი შვილები, მათ შორის - მ. ს-ი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, ასევე, მ. ს-ისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა. დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ თ. ნ-ე და ნ. მ-ე 1991 წლამდე მუდმივად არ ცხოვრობდნენ სოფ. ...ში. მათი არასრულწლოვანი შვილები სადავო პერიოდში სკოლაში სწავლობდნენ ქ. გორში. დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ მათთან მიმართებაში არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული თ. ნ-ეისა და ნ. მ-ეისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა. დეპარტამენტმა განმარტა, რომ ვინაიდან ე. ნ-ეე სადავო პერიოდში არასრულწლოვანი იყო, შესაბამისად, მისი მშობლების მუდმივი საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით, დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ე. ნ-ეესთან მიმართებაშიც არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა. ე. ნ-ეის საოჯახო ნომერზე მასთან ერთად რეგისტრირებულნი არიან მისი შვილები - ნ. თ-ი და თ. თ-ი. ასევე შვილიშვილები - ნი. თ-ი და გ. ვ-ი, რომლებსაც დევნილის სტატუსი მინიჭებული ქონდათ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, ასევე, ნ. თ-ისთვის, თ. თ-ისთვის, ნი. თ-ისთვის და გ. ვ-ისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს, 2021 წლის 22 აპრილის №03-3754, №03-3755 და №03-3756 მოხსენებითი ბარათებით მიმართა ამავე სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსმა. მოხსენებითი ბარათებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 5 იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა და „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახილებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წარედგინა დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნები თ. ნ-ეისთვის, ნ. მ-ეისთვის, ხ. ნ-ეისთვის, მ. ს-ისთვის, ე. ნ-ეისთვის, ნი. თ-ისთვის, ნ. თ-ისთვის, თ. თ-ისთვის და გ. ვ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის №03-1507/ო, №03-1510/ო, №03-1508/ო, №03-1512/ო, №03-1487/ო, №03-1490/ო, №03-1491/ო, №03-1492/ო და №03-1489/ო ბრძანებებით, დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის 2021 წლის 22 აპრილის №03-3754, №03-3755 და №03-3756 მოხსენებითი ბარათებით წარდგენილი დასკვნების საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ჩამოერთვათ - თ. ნ-ეს, ნ. მ-ეს, ხ. ნ-ეს, მ. ს-ის, ე. ნ-ეეს, ნ. თ-ის, თ. თ-ის, გ. ვ-ისა და ნი. თ-ის.
2024 წლის 13 თებერვლის სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულმა - ი. ნ-იმა განმარტა, რომ თ. ნ-ეის და ნ. მ-ეის შვილები სწავლობდნენ გორში სკოლაში. ნ. მ-ე სკოლის პერიოდში მათთან ერთად იყო, ხოლო შაბათ-კვირას ჩადიოდა ...ში.
2024 წლის 7 მარტის სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულმა - ე. ე-იმა განმარტა, რომ 1972 წელს, როცა სამხედროდან დაბრუნდა, იმ პერიოდში ...ში მუდმივად არ ცხოვრობდა თ. ნ-ე. იქ ცხოვრობდა თ. ნ-ეის მშობლები და ძმა. მოწმის თქმით, თ. ნ-ე ქ. გორში ცხოვრობდა. ამავე სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა - ი. გ-იმა განმარტა, რომ სოფელ ...ში ცხოვრობდა თ. ნ-ეის მშობლები, სადაც ზაფხულში, არდადეგებზე, თ. ნ-ეის შვილებს ხედავდა, ხოლო თ.-ს იშვიათად ხედავდა, რომ მის მშობლებს სტუმრობდა. მოწმის თქმით, თ. ნ-ე მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა ქ. გორში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. ნ-ემ, ნ. მ-ემ, ე. ნ-ეემ, ნ. თ-იმა, თ. თ-იმა, ხ. ნ-ემ, მ. ს-იმა, გ. ვ-იმა და ნი. თ-იმა.
კასატორითა განმარტებით, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა არასრულფასოვნად გამოიკვლიეს საქმეში არსებული მტკიცებულებები; კასატორთა მითითებით, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების სრულფასოვნად შესწალის პირობებში თ. ნ-ეის სოფელ ...ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი ეჭვის არსებობის საფუძველს არ იძლეოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ნ-ეის, ნ. მ-ეის, ე. ნ-ეის, ნ. თ-ის, გ. ვ-ის, ნი. თ-ის, თ. თ-ის, ხ. ნ-ეისა და მ. ს-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ნ-ეის, ნ. მ-ეის, ე. ნ-ეის, ნ. თ-ის, გ. ვ-ის, ნი. თ-ის, თ. თ-ის, ხ. ნ-ეისა და მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ...ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2020 წლის 10 დეკემბრის №247 ცნობის და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის - №03-1507/ო, №03-1510/ო, №03- 1508/ო, №03-1512/ო, №03-1487/ო, №03-1490/ო, №03-1491/ო, №03-1492/ო და №03-1489/ო ბრძანებების კანონიერება და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების მართლზომიერება, რომლებითაც თ. ნ-ეს, ნ. მ-ეს, ე. ნ-ეეს, ნ. თ-ის, თ. თ-ის, ხ. ნ-ეს, მ. ს-ის, გ. ვ-ისა და ნი. თ-ის აღუდგებათ დევნილის სტატუსი; ასევე განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის დღიდან სტატუსის აღდგენის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე შეწყვეტილი და მიუღებელი დევნილობის შემწეობის სრულად ანაზღაურების დავალების კანონიერების შეფასება;
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და იზიარებს მათ სამთლებრივ შეფასებებს;
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს 2024 წლის 13 თებერვლის სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხული - ი. ნ-იის განმარტებას, რომლის მიხედვითაც თ. ნ-ეის და ნ. მ-ეის შვილები სწავლობდნენ გორში სკოლაში. ნ. მ-ე სკოლის პერიოდში მათთან ერთად იყო, ხოლო შაბათ-კვირას ჩადიოდა ...ში. 2024 წლის 7 მარტის სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულმა - ე. ე-იმა ასევე განმარტა, რომ 1972 წელს, როცა სამხედროდან დაბრუნდა, იმ პერიოდში ...ში მუდმივად არ ცხოვრობდა თ. ნ-ე. იქ ცხოვრობდა თ. ნ-ეის მშობლები და ძმა. მოწმის თქმით, თ. ნ-ე ქ. გორში ცხოვრობდა. ამავე სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა - ი. გ-იმა განმარტა, რომ სოფელ ...ში ცხოვრობდა თ. ნ-ეის მშობლები, სადაც ზაფხულში, არდადეგებზე, თ. ნ-ეის შვილებს ხედავდა, ხოლო თ.-ს იშვიათად ხედავდა, რომ მის მშობლებს სტუმრობდა. მოწმის თქმით, თ. ნ-ე მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობდა ქ. გორში.
ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა თუ მოწმეთა მიერ გაჟღერებული ინფორმაციის შეფასების შედეგად, შეუძლებელია კასატორთა პრეტენზიის გაზიარება სასამართლოთა მიერ გაკეთებული არასწირი სამართლებრივი დასკვნის შესახებ;
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორებმა ვერ წარმოადგინეს დასაშვები და დასაბუთებული დამატებითი საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ნ-ეის, ნ. მ-ეის, ე. ნ-ეის, ნ. თ-ის, გ. ვ-ის, ნი. თ-ის, თ. თ-ის, ხ. ნ-ეისა და მ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 3 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა