Facebook Twitter

ას-203-538-07 21 მაისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი) როზა ნადირიანი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს “-- -- --” (ყოფილი შპს “თ...”) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ მ. ქ-ის სარჩელის გამო მოპასუხე შპს “-- -- --” (ყოფილი შპს “თ...”) მიმართ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ქ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “თ...ის” მიმართ და მოითხოვა შპს “თ...ის” დირექტორის 2004 წლის 3 დეკემბრის ¹132 და 2005 წლის 5 იანვრის 364-კ ბრძანების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამუშაოდან, მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაციამ მუშაკთა გათავისუფლებისას არ დაიცვა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნა, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობის გრძნობით ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მას გავლილი აქვს აკრედიტაცია. მოსარჩელის მითითებით, მისი გათავისუფლების შემდეგ მის თანამდებობაზე ადმინისტრაციამ ახალი მუშაკი დანიშნა.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა შპს “თ...ის” 2005 წლის 5 იანვრის ¹64-კ ბრძანება; მოსარჩელე მ.ქ-ე აღდგენილ იქნა წინანდელ ან სხა ტოლფას სამუშაოზე, მასვე აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “თ...ის” დირექტორმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შპს “თ...ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

ზემოაღნიშნული საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “თ...მ”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის განჩინებით შპს “თ...ის” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტი მ. ქ-ის აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა მ. ქ-ის სარჩელი და იგი აღდგენილ იქნა შპს “თ...ში” ... განყოფილებაში ლაბორანტის თანამდებობაზე. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ქ-ე მუშაობდა შპს “თ...ის” ლაბორატორიაში ქიმიკოს-ლაბორანტის თანამდებობაზე. 2004 წლის 3 დეკემბრის ¹132 ბრძანებით გამოცხადდა “თ...ის” რეორგანიზაცია, მუშაკთა რიცხოვნებისა და შტატების შემცირება; დამტკიცდა თბილისის საიუველირო ქარხნის საშტატო განრიგი, რომლის მიხედვით გაუქმდა ლაბორატორია და მასში შემავალი სამივე საშტატო განრიგი, იმავე დღეს ქარხნის მუშაკები და მათ შორის მ. ქ-ც გაფრთხილებული იქნენ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, ხოლო 2005 წლის 5 იანვრის ¹64-კ ბრძანებით მ. ქ-ე განთავისუფლდა ქიმიკოს-ლაბორანტის თანამდებობიდან. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ახლადჩამოყალიბებულ ექსპერტიზისა და ანალიზის განყოფილებაში ლაბორანტის ორ შტატზე დაინიშნენ ლ.ბ-ი და ნ.გ-ე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციას მოცემულ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან მოსარჩელეს გააჩნდა სხვასთან შედარებით სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “-- -- --” (ყოფილი შპს “თ...”) გენერალურმა დირექტორმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი და არასწორად განმარტა იგი. კასატორის მითითებით შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში არ გაკეთებულა არჩევანი რომელიმე მუშაკის სასარგებლოდ, არ მომხდარა თანაბარ პირობებში მოსარჩელის გათავისუფლება და სხვა მუშაკების დატოვება ან მისი ჩანაცვლება სხვა მუშაკით. მოცემულ შემთხვევაში რეორგანიზაციის შედეგად ყველა თანამშრომელი იქნა დათხოვნილი და ახალი სტრუქტურის დამტკიცების შემდგომ ახლიდან იქნა აყვანილი სამუშაოზე მუშაკები. ამდენად, კასატორის მოსაზრებით სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი. კასატორის მითითებით, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაშიც ეს ნორმა არასწორად იქნა განმარტებული. ადმინისტრაციას ჰქონდა სრული უფლება არსებული სამი მუშაკიდან შეეწყვიტა შრომითი კონტრაქტი მოსარჩელესთან, რადგან ბ-ი ვერ გათავისუფლდებოდა სამსახურიდან, რადგან იგი იყო ლაბორატორიის უფროსი და შესაბამისად უფრო მეტი გამოცდილების და კვალიფიკაციის მუშაკი იყო და ვერც გ-ე, რომელსაც მოსარჩელისაგან განსხვავებით უმაღლესი განათლება აქვს მიღებული და უფრო მაღალი კვალიფიკაციის მუშაკთა რიცხვს მიეკუთვნება, ვიდრე მოსარჩელე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

მ. ქ-მ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის შესწავლის, შპს “-- -- --” (ყოფილი შპს “თ...”) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “-- -- --” (ყოფილი შპს “თ...”) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას შპს “-- -- --” (ყოფილი შპს “თ...”) საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “-- -- --” (ყოფილი შპს “თ...”) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.