Facebook Twitter

ას-203-622-06 24 იანვარი 2006 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მაია სულხანიშვილი (მომხსენებელი), როზა ნადირიანი,

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ., ტ. და ა. კ-ები (წარმომადგენელი მ. ს- მა)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ა-ე (გ. კ-ე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა

კასატორის თხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 30 მარტს ი. ა-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს ნ. კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისა და თანმხლებ პირთა გამოსახლება მის საკუთრებაში არსებული ბინიდან შემდეგი საფუძვლებიდან გამომდინარე:

მოსარჩელემ 2003 წლის 8 დეკემბერს თ. კ-ის წარმომადგენელ ნ. კ-სთან სანოტარო წესით გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ... მე-2 მ/რ-ის მე-2 კვარტალში მდებარე მე-4 კორპუსის ...-ე ბინა. მიუხედავად ნასყიდობის ხელშეკრულების სათანადო წესით გაფორმებისა, მოსარჩელეს არ ეძლეოდა თავისი საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა, ვინაიდან მოპასუხე თანმხლებ პირებთან ერთად არ ათავისუფლებდა ბინას, ამიტომ მოსარჩელემ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა მოპასუხისა და თანმხლები პირების მისი კუთვნილი ბინიდან გამოსახლება.

ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2004 წლის პირველი ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი დააკმაყოფილა და ნ. კ-ე თანმხლებ პირებთან ერთად სადავო ბინიდან გამოასახლა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება სათანადო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ნ. კ-მ. 2004 წლის 21 ივნისის განჩინებით სასამართლომ მოპასუხის საჩივარი დააკმაყოფილა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ საჩივარი განსახილველად დაუშვა, თუმცა სასამართლომ 2004 წლის 22 ივლისს საქმის არსებითად განხილვის შედეგად მოპასუხის საჩივარი არ დააკმაყოფილა და 2004 წლის 1 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. ამავე დღეს სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელე ი. ა-ის განცხადებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით და 2004 წლის 22 ივლისის განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა როგორც მოპასუხის წარმომადგენელმა დ. შ-მა, ისე მოპასუხის თანმხლებ პირებად მოხსენიებულმა ტ. და ა. კ-მა. სასამართლომ განიხილა ნ. კ-ის წარმომადგენელ დ. შ-ის კერძო საჩივარი და 2004 წლის 3 აგვისტოს განჩინებით არ დააკმაყოფილა იგი დაუსაბუთებლობის გამო. თბილისის საოლქო სასამართლომ აღნიშნული განჩინება 2004 წლის 25 აგვისტოს განჩინებით გააუქმა ანუ მოსარჩელეს უარი ეთქვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 22 ივლისის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2004 წლის პირველი ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ის რწმუნებულმა დ. შ-მა. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა აპელანტის მიერ დასახელებული მიზეზები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და 2004 წლის 18 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

Q თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. შ-მა. საკასაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გააუქმა იმ საფუძვლით, რომ მოცემულ საქმეში დაუდგენელი იყო მოპასუხეთა ვინაობა და, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც თანამოპასუხეთა სათანადო წესით მოწვევის გარეშე იყო გამოტანილი.

თბილისის საოლქო სასამართლომ 2005 წლის 18 მაისის განჩინებით გააუქმა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2004 წლის 22 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმის არსებითად განხილვა დანიშნა. ამავე სხდომაზე სასამართლომ საოქმო განჩინებით განსაზღვრა თანამოპასუხეთა წრე, კერძოდ, თ., ნ., ტ. და ა. კ-ები. თ., ტ. და ა. კ-ების წარმომადგენელმა მ. ს-მ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თაღლითური გზით გაყიდული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ბინა 1992 წლის 20 დეკემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულებით თ. კ-ის საკუთრებად აღირიცხა და ნ. კ-ის იგი დანაშაულებრივი გზით გაასხვისა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი ნ., თ., ტ. და ა. კ-ების უკანონო მფლობელობიდან ბინის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა; არ დაკმაყოფილდა ტ., თ. და ა. კ-ების შეგებებული სარჩელი. სააპელაციო პალატამ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. 1992 წლის 31 დეკემბერს პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე თბილისში, ... მე-2 მ/რ-ის მე-2 კვარტალში მდებარე მე-4 კორპუსის ...-ე ბინა აღირიცხა თ. კ-ის საკუთრებად;

2. 2003 წლის 19 ნოემბერს ნოტარიუსმა ე. ფ-მ დაადასტურა მინდობილობა, რომლითაც თ. კ-ე თავის დას – ნ. კ-ს აძლევდა ბინის გასხვისების უფლებას;

3. 2003 წლის 8 დეკემბერს ი. ა-სა და თ. კ-ის წარმომადგენელ ნ. კ-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება თბილისში, ... მე-2 მ/რ-ის მე-2 კვარტალში მდებარე მე-4 კორპუსის ...-ე ბინაზე.

აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო სასამართლომ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

პალატამ მიიჩნია, რომ ი. ა-ე წარმოადგენს კლეთილსინდისიერ შემძენს, ვინაიდან ბინის გასხვისების მომენტისათვის თ. კ-ე ბინის რეგისტრირებული მესაკუთრე იყო. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით კი რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. სააპელაციო პალატის მითითებით, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ი. ა-ე არ მოქმედებდა კანონსაწინააღმდეგოდ და მის მიერ დადებული გარიგება რეესტრის უტყუარობის გათვალისწინებით არ წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგოს. სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დადგინდება, რომ ნივთი თ. კ-ის საკუთრებიდან გავიდა დანაშაულებრივი გზით, აღნიშნული გარემოება ვერ გახდება ი. ა-ის მფლობელობიდან მისი გამოთხოვის საფუძველი, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსი მხოლოდ მოძრავი ნივთების შემთხვევაში ითვალისწინებს დანაშაულებრივი გზით გასული ნივთების მესაკუთრისათვის უკან დაბრუნებას, ხოლო უძრავი ნივთების მიმართ რეესტრის ჩანაწერების უტყუარობის პრეზუმფცია მოქმედებს, რითაც კანონმდებელი სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას ამკვიდრებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ., ტ. და ა. კ-ების წარმომადგენელმა მ. ს-მ იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატის მითითება ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტის უტყუარობის თაობაზე მართებული არ არის, ვინაიდან აღნიშნული მინდობილობის გაყალბებისათვის ნ. კ-ე სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული. კასატორები ასევე არასწორად მიიჩნევენ სააპელაციო პალატის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ი. ა-ე არის კეთილსინდისიერი შემძენი, რადგან ბინის გასხვისების მომენტში სადავო ბინის რეგისტრირებულ მესაკუთრეს წარმოადგენდა თ. კ-ე და რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. კასატორები არ ეთანხმებიან აღნიშნულ მსჯელობას, ვინაიდან ისინი ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად არ მიიჩნევენ რეესტრის ჩანაწერს, მათი მტკიცებით, თ. კ-ის სადავო ბინის მესაკუთრედ ყოფნის რეგისტრაცია უტყუარია, მაგრამ მინდობილობის გაყალბებითა და თაღლითობით, ე.ი. დანაშაულებრივი მოქმედებით (რისთვისაც ნ. კ-ს მსჯავრი დაედო) თ. კ-ის კანონიერი საკუთრებიდან ქონება გამოვიდა. ასე რომ, სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის გამოყენება და ამავე კოდექსის 54-ე მუხლის გამოუყენებლობა არასწორია. ამდენად, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც საფუძვლად უდევს კასატორთა მოთხოვნას გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლები, მისი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი დეტალურად აწესრიგებს კეთილსინდისიერი შემძენის უფლებრივ მდგომარეობას. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქონების მესაკუთრისა და კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების სამართლიან ბალანსირებას. კანონმდებლობა მესაკუთრისა და კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესთა კონფლიქტის საკითხს განსხვავებულად აწესრიგებს მოძრავი და უძრავი ქონების ბრუნვის შემთხვევაში. თუ პირველ შემთხვევაში წინა პლანზე დგას ქონების მესაკუთრის ინტერესები, მეორე შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს. აღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა სამოქალაქო კოდექსის ის ფუნდამენტური ნორმები, რომლებიც მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობას აწესრიგებს. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად კი, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერი შემძენის ასეთი უფლებრივი მდგომარეობა გამოწვეულია საჯარო რეესტრის სპეციფიკური დანიშნულებით სამოქალაქო ბრუნვის მექანიზმში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორედ, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორედ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

ჩვენ მიერ განხილულ ნორმებში ერთმანეთის პირისპირ დგანან მესაკუთრე და კეთილსინდისიერი შემძენი. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მათი მდგომარეობა არსებითად განსხვავებულია მოძრავი და უძრავი ნივთების შეძენისას. სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლიდან გამომდინარე, მოძრავ ქონებაზე საკუთრების შეძენა ხდება მისი გადაცემით. შემძენის შემდგომი ბედი მთლიანადაა დამოკიდებული გამსხვისებლის სამართლებრივ მდგომარეობასა და საკუთარ წინდახედულობაზე. თუ გამსხვისებელი არ აღმოჩნდება მესაკუთრე, შემძენის კეთილსინდისიერება ყოველთვის ვერ გახდება მისი უფლების დაცვის იარაღი. ასეთ შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება საკუთრებას და მესაკუთრისა და კეთილსინდისიერი შემძენის უფლებრივი დაცვა მესაკუთრის სასარგებლოდ ხორციელდება.

სრულიად სხვა მდგომარეობა არის უძრავი ქონების შეძენისას. ამ შემთხვევაში მესაკუთრესა და შემძენს შორის დგას საჯარო რეესტრი, რომლის მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს და, თუ მყიდველი კეთილსინდისიერად დაეყრდნო საჯარო რეესტრს, მაშინ თვით ამ მონაცემების მცდარობის შემთხვევაშიც კეთილსინდისიერება იმარჯვებს საკუთრებაზე. აღნიშნული სამართლებრივი მიდგომა ამარტივებს კეთილსინდისიერი შემძენის ტვირთს და ზღუდავს მისი წინდახედულობის ზომების დაცვის არეალს, რაც, თავის მხრივ, სამოქალაქო ბრუნვის გამარტივებასა და სტაბილურობას ემსახურება. საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია მყიდველს უქმნის იმის გარანტიას, რომ საჯარო რეესტრის მონაცემთა უსწორობისა და თუნდაც აღნიშნული მონაცემებით გამყიდველის არამართლზომიერ მდგომარეობაში ჩაყენების მიუხედავად, აღნიშნულ მონაცემებსა და მყიდველის კეთილსინდისიერ ნდობას საჯარო რეესტრის მიმართ სადავოობის შემთხვევაში უპირატესი იურიდიული ძალა მიენიჭება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში, ამგვარი პრეტენზიის არ არსებობის გამო, საკასაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

1. 1992 წლის 31 დეკემბერს პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე თბილისში, ... მე-2 მ/რ-ის მე-2 კვარტალში მდებარე მე-4 კორპუსის ...-ე ბინა აღირიცხა თ. კ-ის საკუთრებად;

2. 2003 წლის 19 ნოემბერს ნოტარიუსმა – ე. ფ-მ დაადასტურა მინდობილობა, რომლითაც თ. კ-ე თავის დას – ნ. კ-ს აძლევდა მისი ბინის გასხვისების უფლებას;

3. 2003 წლის 8 დეკემბერს ი. ა-სა და თ. კ-ის წარმომადგენელ – ნ. კ-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება თბილისში, ... მე-2 მ/რ-ის მე-2 კვარტალში მდებარე მე-4 კორპუსის ...-ე ბინაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 მარტის განაჩენით, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დასრულების შემდეგ იქნა გამოტანილი, დადგინდა ნ. კ-ის მიერ დანაშაულებრივი გზით მინდობილობის გაყალბების ფაქტი. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ საკითხს განსახილველი დავის სამართლიანად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან ნათლად ჩანს, რომ უძრავი ქონების _ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები არიან მოსარჩელე ი. ა-ე და მოპასუხე თ. კ-ე, რომელსაც ყალბი მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენდა ნ. კ-ე. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ბინის მესაკუთრეა თ. კ-ე. ბინა კი ი. ა-ის სახელზე ნ. კ-ის მიერ დამზადებული ყალბი მინდობილობის საფუძველზე გასხვისდა. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა მოსაზრებას და მიაჩნია, რომ აღნიშნული ურთიერთობის სამართლებრივი შეფასების ამოსავალ წერტილს წარმოადგენს არა საჯარო რეესტრის მონაცემი, რომელსაც სადავოდ არც ერთი მხარე არ ხდის, არამედ მინდობილობა, რომელიც მყიდველის კანონიერი ნდობის წარმოშობის საფუძველი გახდა და რომლის სიყალბეც კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგინდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმომადგენელმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა. ამდენად, თუ გარიგება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშეა დადებული, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ წარმოდგენილი პირი დაეთანხმება აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს ანუ მოცემულ შემთხვევაში, თუ თ. კ-ე დაეთანხმებოდა ნ. კ-სა და ი. ა-ს შორის დადებულ ხელშეკრულებას, ეს უკანასკნელი დადებულად ჩაითვლებოდა, მაგრამ, როგორც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, სადავო ბინა მესაკუთრის ნების გარეშე გასხვისდა და მესაკუთრე ამგვარი გასხვისების წინააღმდეგია, რაც, სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ბათილობის საფუძველია, თუმცა სამოქალაქო კანონმდებლობა ქონების მესაკუთრისა და კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების სამართლიანი ბალანსირების გათვალისწინებით, უძრავ ქონებაზე დადებული ხელშეკრულების ბათილობას არ უშვებს ერთი მხარის სასარგებლოდ და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას ისეთი გარემოებების დადგენას უკავშირებს, როგორებიცაა, წარმოდგენილი პირის ქცევა, ასევე შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმოდგენილი პირის მიერ შექმნილი გარემოებებისადმი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული დავის სამართლიანად და ობიექტურად გადასაწყვეტად არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრის დამოკიდებულების დადგენა ბინის გასხვისებისადმი, კერძოდ, თ.კ-ს, როგორც ბინის მესაკუთრეს, თავისი ბრალეული თუ არაბრალეული მოქმედებით ან უმოქმედობით ისეთი გარემოებები ხომ არ ჰქონდა მისი დისთვის- ნ.კ-სთვის შექმნილი, რაც სხვა პირებს აფიქრებინებდათ, რომ მას ბინის გაყიდვის უფლებამოსილება გააჩნდა.

აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით სააპელაციო პალატის დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ საკასაციო პალატა მოკლებულია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შესაძლებლობას, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” პუნქტისა და ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების განჩინებას საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სასამართლოსათვის.

ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ 2003 წლის 8 დეკემბერს ი. ა-სა და თ. კ-ის წარმომადგენელ – ნ. კ-ს შორის ... მე-2 მ/რ-ის მე-2 კვარტალში მდებარე მე-4 კორპუსის ...-ე ბინაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია შემძენის ი. ა-ის კეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე აღნიშნული ყალბი მინდობილობისა და გამსხვისებლის მიერ შექმნილი ფაქტობრივი გარემებების მიმართ. ამდენად, სააპელაციო პალატამ მტკიცებულებების სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლევის შედეგად უნდა დაადგინოს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. რა ურთიერთობა ჰქონდათ ნ. კ-სა და ი. ა-ს ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებამდე;

2. როდის და რა ვითარებაში დაათვალიერებინა ნ. კ-მ მომავალ მყიდველს სახლი;

3. იცნობდა თუ არა ი. ა-ე ბინის მესაკუთრე თ. კ-ს და რა დამოკიდებულება ჰქონდა მასთან;

4. რა ვითარებაში მოხდა ბინის გასხვისება;

5. ხომ არ შექმნა თ. კ-მ იმგვარი გარემოებები, რამაც მყიდველს შეუქმნა რწმენა, რომ მის დას ფქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

6. რა ურთიერთობა ჰქონდა ი. ა-ს ნ. კ-ის ოჯახის წევრებთან, კერძოდ, ტ. და ა. კ-ებთან, რა ზომები მიღეს მათ მათი შვილის, თ. კ-ის საკუთრებაში არსებული ბინის გასხვისებასთან დაკავშირებით, შეატყობინეს თუ არა ნ.კ-ის განზრახვის შესახებ თ.კ-ს და თუ შეატყობინეს რა ღონისძიებები გაატარა სადავო ბინის მესაკუთრემ მის საკუთრებაში არსებული ბინის უკანონოდ გასხვისების აღსაკვეთად;

6. ასევე სხვა ისეთი გარემოებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ი. ა-ის სუბიექტური დამოკიდებულების დადგენას ყალბი მინდობილობისა და აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე ბინის შეძენასთან დაკავშირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორების მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში, ხოლო, რაც შეეხება კასატორთა მოთხოვნას საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ ნაწილში კასატორებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვათ, ვინაიდან არსებობს გადაწყვეტილების გაუქმებისა და ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები, რაც, სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას გამორიცხავს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ., ტ. და ა. კ-ების წარმომადგენელ მ. ს-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.