საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1173(2კ-24) 05 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები)- ა. მ-ი, აფ. მ-ა
კასატორი (მესამე პირი) - ს. ა-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. და აფ. მ-ებმა 2021 წლის 7 აპრილს სარჩელით მიმართეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა, „ს. ა-ას მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ“ 2020 წლის 04 მაისის №... გადაწყვეტილების, „ა. მ-ის, აფ. მ-ას, ს. ა-ას თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ“ 2020 წლის 06 მაისის №... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.12.02 წ. №... მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე, ა. და აფ. მ-ების საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ს. ა-ა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. მ-ისა და აფ. მ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ“ 2020 წლის 04 მაისის №... და „რეგისტრაციის შესახებ“ 2020 წლის 06 მაისის №... გადაწყვეტილებები, მოპასუხეს, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი გადაწყვეტილების მიღება და საჭიროების შემთხვევაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ა-ამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინებით ს. ა-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ა-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივნისის განჩინება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრეს ა. მ-მა და აფ. მ-მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. მ-ისა და აფ. მ-ას საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ა. მ-ისა და აფ. მ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ“ 2020 წლის 04 მაისის №... და „რეგისტრაციის შესახებ“ 2020 წლის 06 მაისის №... გადაწყვეტილებები, მოპასუხეს, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი გადაწყვეტილების მიღება და საჭიროების შემთხვევაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: ა) გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება; ბ) სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული; გ) სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა; დ) თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებიათ ა. მ-სა და აფ. მ-ას, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმე არსებითად განიხილა ს. ა-ას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს ე.წ. „ნახტომისებური კასაციის“ ინსტიტუტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, პირდაპირ საკასაციო სასამართლოსათვის მიმართვა არ დაიშვება. მართალია, ამ შემთხვევაში, მხარე ფორმალურად სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებს და არა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ, რეალურად, სადავოდ ხდის საქმის განხილვის იმ შედეგს, რომლის წინააღმდეგაც სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მხოლოდ ს. ა-ამ გაასაჩივრა. ა. მ-სა და აფ. მ-ას საკუთარი ინტერესების დასაცავად სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავთ. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩეს ა. მ-ისა და აფ. მ-ას საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ.შონია
მოსამართლეები: ქ.ცინცაძე
გ.მაკარიძე