ას-207-542-07 8 ივნისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს “-- -- --” (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ თ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. მ-ი (მოსარჩელე)
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. მ-მა 2006 წლის მაისში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შპს “-- -- --” მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და დათხოვნის დღიდან იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება. მოსარჩელის მითითებით, იგი მუშაობდა მოპასუხე ორგანიზაციის კავშირგაბმულობისა და ტელემექანიკის ფილიალის I კატეგორიის ...ად. 2003 წლიდან ორსულობისა და მშობიარობის გამო და ბავშვის მოსავლელად გავიდა შვებულებაში. შვებულება დამთავრდა 2006 წლის 18 აპრილს. მან შვებულების დამთავრებამდე _ იმავე წლის 4 აპრილს განცხადებით მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას იმის თაობაზე, რომ იგი შესდგომოდა მუშაობას, მაგრამ მოპასუხისაგან მიიღო წერილი იმის შესახებ, თითქოს მათ შორის შრომითი ურთიერთობები არ წარმოშობილა 2004 წლის 1 ივლისიდან იმის გამო, თითქოს მან უარი განაცხადა დასაქმებაზე და არ გამოცხადდა სათაო ოფისში ხელშეკრულების გასაფორმებლად. მოსარჩელის მოსაზრებით, მისი დათხოვნა სამუშაოდან შეუძლებელი იყო, რადგან იგი იმ დროს იმყოფებოდა შვებულებაში შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად. მოსარჩელემ მიუთითა ასევე, რომ მისთვის ცნობილი არ არის დათხოვნის ბრძანების არსებობის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ნ. მ-ი აღდგენილ იქნა შპს “-- -- --” მის მიერ განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. შპს “-- -- --” მოსარჩელის სასარგებლოდ 2006 წლის 5 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “-- -- --” წარმომადგენელმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება ნ. მ-ს შპს “-- -- --” მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. მ-ს სარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დაკმაყოფილდა. ნ. მ-ი აღდგენილ იქნა შპს “-- -- --” ეკონომისტის თანამდებობაზე. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მათ შორის ურთიერთობა კი შეწყდა -- -- -- კავშირგაბმულობის და ტელემექანიკის ფილაილის 2004 წლის 30 ივნისის ¹139კ/გ ბრძანების საფუძველზე, რომელშიც მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტი მოწინააღმდეგე მხარეს ვერ შეეხებოდა, რადგან მას 2003 წლის 14 ივლისის ¹20-05-22/54კ ბრძანებით მიეცა იმავე წლის 14 ივლისიდან 2004 წლის 18 ოქტომბრამდე ნაწილობრივ ანაზღაურებადი შვებულება ბავშვის მოვლის გამო ხელფასის 50%-ის ანაზღაურებით. -- -- -- კავშირგაბმულობის და ტელემექანიკის ფილიალის ადმინისტრაციის მიერ მოწინააღმდეგე მხარესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროს, ეს უკანასკნელი იმყოფებოდა ნაწილობრივ ანაზღაურებად შვებულებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად დაუშვებელი იყო მოწინააღმდეგე მხარის გათავისუფლება. სააპელაციო პალატამ ასევე ვერ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შრომის კანონთა კოდექსის მე-7 მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე მოწინააღმდეგე მხარესთან 2004 წლის 1 ივლისს შრომის ურთიერთობა არ წარმოშობილა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე რომ ახალი შრომის კოდექსით უნდა იქნეს მორეგულირებული მხარეთა შორის ურთიერთობა, რადგან ახალი შრომის კოდექსი, რომელიც მიღებულია 2006 წლის 25 მაისს და ამოქმედდა 2006 წლის 4 ივლისს, ვრცელდება არსებულ ურთიერთობებზე, მხარეთა შორის ურთიერთობა კი შეწყდა 2004 წლის 30 ივნისის ¹139 კ/გ ბრძანებით, ანუ ამ კოდექსის მიღებამდე და მასზე გავრცელდება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, რომლის შესაბამისად ნაწილობრივ ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნა ვერ გახდება შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწინააღმდეგე მხარის შპს “-- -- --” მის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, რადგან იგი მუშაობდა არა შპს “-- -- --”, არამედ მის ფილიალში, რომელიც ლიკვიდირებულია, თუმცა საქმეში წარმოდგენილი შპს “-- -- --” საშტატო განრიგით დასტურდება, რომ ლიკვიდირებული ფილიალის საქმიანობა დაქვემდებარებულია დისპეჩერიზაციის აღმასრულებელი მენეჯერის განყოფილებისათვის. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ვინაიდან ნ. მ-ი იყო ლიკვიდირებული ფილიალის პირველი კატეგორიის ეკონომისტი, მისი აღდგენა უნდა მოხდეს შპს “-- -- --” ეკონომისტის თანამდებობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “-- -- --” წარმომადგენელმა თ.კ-მ, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მითითებით, ნ. მ-ი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა კავშირგაბმულობისა და ტელემექანიკის ფილიალის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. იგი გაფრთხილებული იყო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, რაც დადასტურებული აქვს პირადი ხელმოწერით. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არასწორად მიუთითა, რომ მოსარჩელე ნ. მ-ი იყო ლიკვიდირებული ფილიალის პირველი კატეგორიის ... და მისი აღდგენა უნდა მოხდეს შპს “-- -- --” ...ის თანამდებობაზე. კასატორმა მიუთითა, რომ მას არცერთი დღე არ უმუშავია სათაო ოფისში, იგი წლების განმავლობაში ითვლებოდა ფილიალის თანამშრომლად. ასეთი თანამდებობა სათაო ოფისში განცალკევებით არ არსებობს. კასატორის მითითებით, მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე ორგანიზაციის ფილიალის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის განჩინებით შპს “-- -- --” წარმომადგენლის თ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად;
კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ნ. მ-მა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილ მოსაზრებაში მიუთითა, რომ შპს “-- -- --” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს “-- -- --” წარმომადგენლის თ.კ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “-- -- --” წარმომადგენლის თ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს “-- -- --” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70%, რაც 210 (ორას ათ) ლარს შეადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს “-- -- --” წარმომადგენლის თ.კ-ის საკასაციო საჩივარი.
კასატორს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 (ორას ათი) ლარი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.