ას-211-537-09 25 მაისი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალიანმა
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. მ-იანი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ა-ოვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს. ა-ოვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. მ-იანის მიმართ უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთის _ ბინის დაბრუნების მოთხოვნით.
გ. ბ-ოვმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დავაში მესამე პირად ჩართვა იმ საფუძვლით, რომ იგი, როგორც სადავო ქონების თანამესაკუთრე, მართლზომიერად ფლობდა აღნიშნულ ბინას.
გ. ბ-ოვმა ასევე აღძრა სარჩელი ს.ა-ოვას მიმართ სადავო უძრავი ქონების 1/5 წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ს.ა-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ლ.მ-იანის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, ხოლო მესამე პირს _ გ.ბ-ოვს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ბ-ოვმა. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი ასევე წარადგინა ლ.მ-იანმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 იანვრის განჩინებით გ.ბ-ოვისა და ლ.მ-იანის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ.მ-იანის წარმომადგენელმა თემურ პ-შვილმა. კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე მძიმე ეკონომიკური პირობების გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 16 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და ლ.მ-იანს დაევალა საკასაციო საჩივრის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტის, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, გადავადების ან საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა, ასევე თ.პ-შვილის ადვოკატის მოწმობის ასლი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
კასატორის წარმომადგენელმა თ.პ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, წარმოადგინა სპს ,,ძინძიბაძე და კომპანია იურიდიული ფირმის” მიერ გაცემული ორდერი ლ.მ-იანის ინტერესების საკასაციო სასამართლოში დასაცავად, ადვოკატის მოწმობის ასლი და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე 10 დღით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ლ.მ-იანს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 10 დღით და დაევალა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტის და სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების ან საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად მარწმუნებლის მიერ გაცემული წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ლ.მ-იანის წარმომადგენელმა თ.პ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარმოადგინა თ.პ-შვილის ადვოკატის მოწმობის ასლი, სანოტარო წესით შედგენილი რწმუნებულება და სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ხოლო საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტი მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 2 დღით და დაევალა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტისა და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
კასატორის წარმომადგენელმა _ თ.პ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის შვიდი დღით გაგრძელების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 5 მაისის განჩინებით შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კასატორს ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა გაუგრძელდა 2 (ორი) დღით და დაევალა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტისა და ამ დოკუმენტით გათვალისწინებული ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება ლ.მ-იანს ჩაბარდა 2009 წლის 8 მაისს (ტ.II, ს.ფ.180). სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-იანის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მასზე დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, ლ. მ-იანს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 5 მაისის განჩინებით გაუგრძელდა ვადა ხარვეზის გამოსწორებისათვის, დაევალა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტისა და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება ლ.მ-იანს ჩაბარდა 2009 წლის 8 მაისს (ტ.II, ს.ფ.180).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დენა დაიწყო 2009 წლის 9 მაისიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ვინაიდან ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის ბოლო დღე იყო 2009 წლის 10 მაისი _ კვირა, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ვადა ამოიწურა ორშაბათს _ 2009 წლის 11 მაისს. ამ ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას. ამდენად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, მხარეს დაუბრუნდება მის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით ამ ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს 2009 წლის 14 აპრილს თ.პ-შვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, მე-60, 61-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 185-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. მ-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
კასატორს დაუბრუნდეს თ.პ-შვილის მიერ გადახდილი ბაჟი _ 300 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.