ას-211-545-07 8 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ხ. ბ-ეE(მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ლ. ვ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ სპს “.. ..”, შ. ა-ე, გ. შ-ე, ზ. პ-ე, ნოტარიუსები: თ. ჩ-ა, ო.ჭ-ი (მოპასუხეები)
მესამე პირი _ გ. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – მინდობილობისა და გარიგებების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხ. ბ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ სპს “.. ..ის”, შ. ა-ის, გ. შ-ის, ზ. პ-ის, ნოტარიუსების: ო.ჭ-სა და თ.ჩ-ს მიმართ და მოითხოვა სპს “.. ..ის” წარმომადგენელ შ. ვ-სა და ზ. პ-ს შორის 2005 წლის 10 ივნისს გაფორმებული მინდობილობის, 2000 წლის 14 ივნისს სპს “.. ..ს” წარმომადგენელ .. ..სა და შ. ა-ს შორის და ასევე შ. ა-სა და გ. შ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით: 1996 წლიდან ხ. ბ-ე და ზ. პ-ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ შვილი _ ნ. პ-ე. ქორწინების პერიოდში, 1999 წელს, მათ მიიღეს მიწის ნაკვეთი და ააშენეს სახლი, რომელიც მათ თანასაკუთრებას წარმოადგენდა. შ. ვ-ისათვის ცნობილი იყო ზ.პ-ის ოჯახური მდგომარეობის შესახებ, რის მიუხედავად მოტყუებით მიიღო მისგან სადავო უძრავი ნივთის გასხვისების მინდობილობა და ხ. ბ-ის ნებართვის გარეშე მიჰყიდა იგი შ. ა-ს, რომელმაც ასევე იცოდა, რომ ნივთი მეუღლეთა თანასაკუთრება იყო. შ.ა-მ სადავო მიწის ნაკვეთი უკანონოდ გაასხვისა გ.შ-ზე, რომელიც დასახელებულ ნივთთან დაკავშირებით სასამართლოში არსებული დავის შესახებ ინფორმირებული იყო.
მოპასუხეებმა შ. ვ-მ და შ. ა-მ სარჩელი არ ცნეს, ხოლო ზ.პ-მ სარჩელი ცნო.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ხ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზ. პ-ის მიერ .. ..ის სახელზე გაცემული 2000 წლის 10 მაისის მინდობილობა 0,18 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასხვისების შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი 2000 წლის 14 ივნისს .. ..სა და შ. ა-ს შორის, ასევე შ. ა-სა და გ. შ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები და აღდგენილ იქნა 2000 წლის 10 ივნისის მდგომარეობა, რაც სპს “.. ..მ” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოში სპს “.. ..ის” სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2006 წლის 10 ოქტომბერს, 14 საათზე, რის შესახებ უწყებები მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს გაეგზავნათ, თუმცა ხ.ბ-სა და ზ.პ-ს უწყებები არ ჩაბარებიათ. სასამართლო უწყება სხდომის თარიღის შეტყობინებით ჩაბარდა ხ.ბ-ის წარმომადგენელ ლ.ვ-ს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა და ხ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეებს სასამართლო უწყებები ჩაბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, თუმცა მოწინააღმდეგე მხარე და მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ. პალატამ იხელმძღვანელა ამავე კოდექსის 387-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 230-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე საფუძვლიანია, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, გამართლებულია.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ხ. ბ-ის წარმომადგენელმა ლ. ვ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სხდომის დღეს იყო ავად, რის დასადასტურებლად მან წარადგინა შპს “.. ..” ცნობა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ლ. ვ-ი პოლიკლინიკაში ამბულატორიულად მკურნალობდა 2006 წლის 10-13 ოქტომბერს ჰიპერტონული კრიზისა და ქრონიკული პიე.ფრიტის დიაგნოზით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 იანვრის განჩინებით ხ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხ. ბ-ს 2006 წლის 10 ოქტომბრის სასამართლო სხდომის შესახებ უწყება ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით. პალატამ არ გაიზიარა ხ.ბ-ის წარმომადგენელ ლ.ვ-ს არგუმენტი, რომ ეს უკანასკნელი საქმის განხილვაზე საპატიო მიზეზით, ავადმყოფობის გამო, ვერ გამოცხადდა და საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი სამედიცინო ცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად შედგენილად არ ჩათვალა, კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ ცნობა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი არ არის და მისი შინაარსით არ დასტურდება, რომ მხარის სასამართლოში გამოცხადება შეუძლებელი იყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ხ. ბ-მ და მისმა წარმომადგენელმა ლ. ვ-მა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ხ. ბ-ს 2006 წლის 10 ოქტომბრის სხდომის შესახებ სასამართლო უწყება ჩაბარდა, ვინაიდან მხარე კანონის მოთხოვნათა დაცვით საქმის განხილვაზე მიწვეული არ ყოფილა. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები, მე-5, მე-7, 233-234-ე მუხლები და 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკანონოდ არ გააუქმა. პალატამ არასწორად გამოიყენა ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რადგან აღნიშნული ნორმა სადავო ურთიერთობას არ ეხება და არ გამოიყენა 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტები. სასამართლომ არასწორად შეაფასა ლ.ვ-ს მიერ წარდგენილი სამედიცინო ცნობა, როდესაც იგი საქმის განხილვაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად არ მიიჩნია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ხ. ბ-ისა და მის წარმომადგენელ ლ. ვ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოწინააღმდეგე მხარე ხ. ბ-ის გამოუცხადებლობის გამო, სპს “.. ..ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ხ.ბ-ის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მოცემულ დავას, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა ავტომატურად დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამოიწვევს, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია სამართლებრივად შეაფასოს სარჩელში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი გარემოებები და გამოარკვიოს, შეესაბამება თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა კანონით ამ ტიპის ურთიერთობათა მომწესრიგებელი ნორმების დანაწესს. თუ აღმოჩნდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უკანონოა, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს.
ანალოგიური პრინციპით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას გაზიარებულ იქნას სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებანი, თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც სააპელაციო სასამართლო ვალდებულია სამართლებრივად შეაფასოს საქმის გარემოებანი, რაც გადაწყვეტილებაში სათანადო დასაბუთებით უნდა აისახოს.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა რა სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ ირკვევა თუ კონკრეტულად რომელ ფაქტებს რა სამართლებრივი შეფასება მისცა და რატომ დაასკვნა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად გამართლებულია, ვინაიდან დასახელებული ნორმა განსხვავებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულებს და მოცემულ დავას არ ეხება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება არასწორად დატოვა უცვლელად, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 5 იანვრის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.