საქმე №445აპ-15 ქ. თბილისი
მ-ა ა.- 445აპ-15. 24 დეკემბერი, 2015 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ – გიორგი ჯავარაშვილის
ადვოკატ – მ. თ-ის
მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით განიხილა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 აპრილის განაჩენით ა. მ-ა, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 3711–ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ა. მ-ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა - 2000 ლარი განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს - ა. მ-ს.
2. ა. მ-ასათვის ბრალად შერაცხული დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 19 ნოემბერს მარნეულის შს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №031191114001 საქმეზე, ა. მ-ას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 143-ე მუხლით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე 2014 წლის 27 ნოემბერს მოწმის სახით დაიკითხა ა. მ-ა, რის შემდეგაც, 2014 წლის 19 დეკემბერს, ამ უკანასკნელმა მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებელმა გააფრთხილა არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის შემთხვევაში საქართველოს სსკ–ის 3711–ე მუხლით მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, გამოძიებას მისცა არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება, რითაც შეგნებულად შეუშალა ხელი მართლმსაჯულებას.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ჯავარაშვილმა, რომელმაც ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 აპრილის განაჩენის გაუქმება, ა. მ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 3711–ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 ივნისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 ივნისის განაჩენის თაობაზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ. ჯავარაშვილმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. პროკურორი საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 ივნისის განაჩენის გაუქმებას, გამართლებულ ა. მ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 3711–ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა გიორგი ჯავარაშვილმა ითხოვა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება მასში მითითებული მოტივებით.
7. ადვოკატი მ. თ-ი არ დაეთანხმა კასატორის პოზიციას და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია ა. მ-ას ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3711-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არსებობა, კერძოდ:
გამომძიებელმა ა. მ-ას როგორც მოწმის, ისე დაზარალებულის სტატუსით დაკითხვის წინ კანონის სრული დაცვით განუმარტა მისი უფლება-მოვალეობები და გააფრთხილა არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. სწორედ ამ მომენტიდან ა. მ-ა ითვლება მოცემული დანაშაულის სუბიექტად. მიუხედავად იმისა, რომ ა. მ-ამ კარგად იცოდა მოსალოდნელი შედეგების შესახებ, მან შეგნებულად, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებისა და მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესების ხელყოფის მიზნით, გამოძიებას მისცა არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს ორივე ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მოწმის ან დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა უნდა მოხდეს მხოლოდ მართლმსაჯულების განხორციელებისას, ანუ სასამართლო განხილვის ეტაპზე. მართალია, საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლის დისპოზიციაში პირდაპირ მითითებულია მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლაზე, ხოლო სსსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად კი სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, მაგრამ ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი არ არის, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა მოხდეს მხოლოდ სასამართლო განხილვისას, ვინაიდან მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზანი პირს შეიძლება ჰქონდეს როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ეტაპზე.
2. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ა. მ-ას 2014 წლის 27 ნოემბრისა და იმავე წლის 18 დეკემბრის მოწმისა და დაზარალებულის სახით დაკითხვის ოქმებით, მასთან ჩატარებული ამოცნობის ოქმებით, მისი განცხადებებით, პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტებითა და სხვა მასალებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა. მ-ას მიერ მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლის მიზნით არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა.
3. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. მ-ას ქმედებაში სახეზეა საქართველოს სსკ–ის 3711–ე მუხლის 1–ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, რაც საქართველოს სსსკ–ის 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არის გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის სამართლებრივი საფუძველი.
4. საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, ითვალისწინებს ა. მ-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის მიზანშეწონილია ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 308–ე მუხლის მე–2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ივნისის გამამართლებელი განაჩენი ა. მ-ას მიმართ.
3. ა. მ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით.
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
ზ. მეიშვილი
უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ
№445აპ-15 31 დეკემებრი, 2015 წელი
მ-ა ა.- 445აპ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, ზაზა მეიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2015 წლის 24 დეკემბერს მსჯავრდებულ ა.მ-ას მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.
საკასაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2015 წლის 24 დეკემბერს ა. მ-ას მიმართ გამოიტანა განაჩენი, რომელშიც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და გამორჩენილია აღკვეთის ღონისძების - გირაოს აღსრულებასთან დაკავშირებით მითითება.
აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას მითითებულ განაჩენში.
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის „ვ“ პუნქტით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბერს მსჯავრდებულ ა. მ-ას მიმართ გამოტანილ განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს დაემატოს მე-4 პუნქტი, რომელიც ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გაუქმდეს ა. მ-ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა - 2000 ლარი სრულად დაუბრუნდეს მის შემტან ა. მ-ს (პ/ნ ...) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში“.
შეიცვალოს სარეზოლუციო ნაწილის პუნქტების ნუმერაცია და მე-4 პუნქტი გადაკეთდეს მე-5 პუნქტად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
აღნიშნული განჩინება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენის განუყოფელ ნაწილს.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
ზ. მეიშვილი