Facebook Twitter

ას-212-546-07 11 მაისი 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – დ, ქ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე –ნ. და გ. შ-ები (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 20 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს გ. და ნ. შ-ებმა და მიოთხოვეს მათ საკუთრებაში არსებული ბინის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოპასუხის თანმხლებ პირებთან ერთად აღნიშნული ბინიდან გამოსახლება.

მათი განმარტებით, ქ. თბილისში, ... ქ. ¹15/33-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად ირიცხება მათ სახელზე. დასახელებულ ბინაში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება მოპასუხე დ. ქ-ე, რომელიც მათ მოთხოვნაზე გაათავისუფლოს სახლი უარს ამბობს იმ მიზეზით, რომ ეს ბინა მას ნაყიდი აქვს ადრინდელი მესაკუთრისაგან, თუმცა ამის დამადასტურებელი არც ერთი საბუთი არ გააჩნია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 იანვარს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი მ. გ-ა. დ. ქ-მ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე და მოითხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება. სამოქალაქო კოლეგიამ ადგილზე თათბირით უარი უთხრა მოპასუხეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რადგან არ არსებობდა გადადების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. მოპასუხემ უარი განაცხადა სხდომაში მონაწილეობის მიღებაზე. მოსამართლემ განუმარტა დ. ქ-ს, რომ თუ იგი უარს განაცხადებდა სასამართლო სხდომაში მონაწილეობაზე, სასამართლო გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. აღნიშნული გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხემ უარი თქვა სხდომაში მონაწილეობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. და ნ. შ-ების სასარჩელო მოთხოვნა.

2006 წლის 14 თებერვალს მოპასუხემ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა დ. ქ-ის საჩივარი და 2006 წლის 23 მაისის განჩინებით ძალაში დატოვა 2006 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ქ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განჩინებით დ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა Qთბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 23 მაისის განჩინება.

პალატამ მიიჩნია, რომ დ. ქ-ს და მის წარმომადგენელს მ. გ-ს სასამართლო სხდომის დანიშვნის დღე ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული სასამართლოს გზავნილი (ს.ფ.49-52) ასევე დადგენილია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა დ. ქ-ე.

პალატას ასევე მიიჩნია, რომ აპელანტს საქმის განხილვაში მხარის სტატუსით მონაწილეობა არ მიუღია; საქმის მასალებით, კერძოდ, 2006 წლის 24 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმით (ს.ფ. 53-54) დადგენილია, რომ მოპასუხემ უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე. ასევე სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ მიოხედავად მოსამართლის გაფრთხილებისა, დ. ქ-მ უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ქ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კასატორის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ უნდა მიეღო ჩვეულებრივი გადაწყვეტილება და ემსჯელა საქმის გარემოებებზე არსებითად. ვინაიდან სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ არ გაითვალისწინა მისი თხოვნა ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო საქმის განხილვის გადადების შესახებ, ხოლო დაცვის გარეშე დარჩენა არ ნიშნავს სასამართლო სხდომაზე მონაწილეობაზე უარის თქმას. კასატორის განმარტებით აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ და შესაბამისად მითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.