ას-213-547-07 8 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. ხ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე: ჯ. ს-ი (მოპასუხე)
მ. და ა. ა-ები და ი. დ-ი
(მოსარჩელეები)
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იავნრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იავნრის განჩინების გაუქმება, 2005 წლის 10 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ., ა. ა-ებმა და ი. დ-მა 2003 წლის იანვარში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ჯ. და ვ. ს-ებისა და ლ. ხ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება და ჯ. ს-ს კუთვნილ ბინაზე მასსა და ლ. ხ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი. ჯ.ს-ს დაეკისრა ი.დ-ს სასარგებლოდ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის _ 2 790 ლარისა და მორალური ზიანის _ 5000 ლარის, ხოლო მ. და ა. ა-ების სასარგებლოდ ერთჯერადი გადასახადის _ 12000 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჯ.ს-ს წარმომადგენელი მ.ყ-ის სააპელაციო საჩივარი გამოუცხადებლობის გამო. არ დაკმაყოფილდა ლ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი მისი გამოუცხადებლობის გამო; უცვლელი დარჩა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 10 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს ჯ.ს-მა და ლ.ხ-მ.
2007 წლის 11 იანვრის განჩინებით ჯ. ს-ს საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ჯ. ს-ს სააპელაციო საჩივარი; არ დაკმაყოფილდა ლ. ხ-ის საჩივარი და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ლ. ხ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ ვინაიდან სააპელაციო პალატის განხილვის საგანს წარმოადგენდა მხოლოდ ლ. ხ-ის და ჯ. ს-ს სააპელაციო საჩივარი უძრავი ნივთის ნასყიდობის ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო ჯ. ს-სათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების შემოწმება არ შედიოდა სააპელაციო პალატის კომპეტენციაში, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო; მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ფაქტი იმის შესახებ, რომ მათ სათანადო წესით არ ეცნობათ სხდომის დროსა და ადგილის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მითითებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ორ პირობას ითვალისწინებს: გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს საპატიო მიზეზით და უნდა არსებობდეს გარემოება, რომელიც ხელს უშლიდა მხარეს თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის ამ მიზეზის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, ჯ.ს-ს წარმომადგენლის მიერ დასახელებული მიზეზი იმის შესახებ, რომ მას ამ დროისათვის სხვაგან ჰქონდა დანიშნული პროცესი, წარმოადგენს საპატიო მიზეზს, მაგრამ მან არ მიუთითა იმ გარემოებაზე, თუ რატომ არ აცნობა სასამართლოს აღნიშნულის თაობაზე თავის დროზე; სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ლ. ხ-ის საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ იგი და მისი წარმომადგენელი პროცესზე გამოცხადდნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს მდივანთან და მოსამართლესთან დაკავშირება, ვინაიდან, საქმის მასალებით ასეთი არ დასტურდება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ხ-მ.
კასატორის მითითებით სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები, ვინაიდან ამ ნორმების დაცვით არ მომხდარა მისთვის უწყების ჩაბარება. კასატორმა მიუთითა, რომ იმ დღეს როდესაც უწყება მიიტანეს, იგი თავის ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა სოფელში ორი დღით. კასატორის მოსაზრებით, მისი არყოფნის შემთხვევაში, სასამართლოს კურიერს უწყება უნდა დაეტოვებინა მეზობელთან; არც ჯ. ს-ი ყოფილა გამოძახებული პროცესზე, რის გამოც სხდომა გადაიდო. მხოლოდ ამის შემდეგ შეიქნა იძულებული სასამართლო მოეწვია ს-ი პროცესზე, მაგრამ მისი მოყვანა მაინც ვერ მოხერხდა; სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა იმის შესახებ, რომ თითქოს ლ. ხ-ე და მისი წარმომადგენელი პროცესზე გამოცხადდნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს მდივანთან და მოსამართლესთან დაკავშირება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სხვა მხარის მოსაზრებები მოწინააღმდეგე მხარის შესახებ, ვინაიდან ზემოაღნიშნული საჩივარი წარმოდგენილი აქვს ჯ.ს-ს წარმომადგენელს მ.ყ-ს; მ.ყ-მა დროულად ვერ მოახერხა სასამართლოსთვის ეცნობებინა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, ვინაიდან იგი მონაწილეობას ღებულობდა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესში და არ ჰქონდა დრო, ეცნობებინა სასამართლოსთვის, რაც კასატორს საპატიო მიზეზად მიაჩნია; კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა უზენაესი სასამართლოს მოთხოვნა იმის შესახებ, რომ უნდა განეხილა განსჯადობის საკითხი და არა მოპასუხის მოთხოვნით არ დაეკმაყოფილებინა სააპელაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, ლ. ხ-ის საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განჩინება შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005 წლის 10 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ ლ. ხ-ე, რომელიც არ გამოცხადდა პროცესზე, სასამართლო სხდომის თაობაზე გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით. საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია ლ. ხ-ის საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის შესახებ, რომ იგი სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 10 მარტის სხდომის თაობაზე არ ყოფილა გაფრთხილებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მან საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ სასამართლო უწყების ჩამბარებელს მისი ბინა იმიტომ დახვდა დაკეტილი, რომ იგი და მისი ოჯახის წევრები ორი დღით იმყოფებოდნენ სოფელში.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ლ. ხ-ის საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას სწორად ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაცული იქნა მისთვის უწყების ჩაბარების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 მარტის სხდომის თაობაზე სასამართლო უწყება გაეგზავნა ლ. ხ-ს და მის წარმომადგენელს გ. ი-ს (ს.ფ. 295; 300). ს.ფ. 296-ე წარმოდგენილი შეტყობინებით უწყების მიღების შესახებ ირკვევა, რომ ლ. ხ-ის სასამართლო უწყება არ ჩაბარდა იმის გამო, რომ ბინა დაკეტილია ბოქლომით და იმჟამად არავინ არ ცხოვრობდა; საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის არგუმენტი იმის შესახებ, რომ იგი ოჯახის წევრებთან ერთად მხოლოდ ორი დღით იყო ქალაქიდან გასული და მითითებულ მისამართზე უწყების ჩაბარებისას არავინ არ იმყოფებოდა, ვინაიდან ეს გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ლ.ხ-ის წარმომადგენელი გ-ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გაფრთხილებული იყო სხდომის დღის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის მოვალეობას წარმოადგენს მისი მისამართის მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად. ლ. ხ-მ სააპელაციო საჩივარში მიუთითა თავისი მისამართი: ქ. თბილისი, ... IV მ\რ, მე-10 კორპუსი, ბინა 77; სააპელაციო სასამართლომ სწორედ ამ მისამართზე გაუგზავნა მას უწყება 2005 წლის 10 მარტის სხდომის თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. ხ-ს ვინაიდან სასამართლოსათვის არ უცნობებია მისი და მისი ოჯახის წევრების მიერ დროებით სოფლად გამგზავრების შესახებ, ამიტომ სასამართლომ სწორად გააგზავნა უწყება მისთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და იგი ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც ლ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
არ დაკმაყოფილდეს ლ. ხ-ის საკასაციო საჩივარი;
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.